რიგითი მოქალაქეების როლი რეგიონების განვითარებაში

09-08-2023 10:57:35 კომენტარი

“დავეხმაროთ ‘ადგილობრივ’ ეკონომიკას”

ევროპის კავშირი, იქნება ეს მისი უპირველესი დამფუძნებლების თუ უახლესი წევრების მაგალითზე, ემყარება დეცენტრალიზაციას, რაც გულისხმობს ძალაუფლების და შესაბამისად, ეკონომიკური სიკეთეების მაქსიმალურად გადანაწილებას რეგიონულ დონეებზე. ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ სწავლულების მიერ იქნა აღიარებული პრინციპი, რომ ადგილობრივი პრობლემების მოგვარების გზები უკეთ იციან ადგილობრივ დონეზე. როგორც ალექსანდრე ჰამილტონმა დაგვიტოვა, “რამდენადაც ადამიანი თავის ოჯახთან უფროა მიჯაჭვული ვიდრე თემთან, იმავე წარმატებით უფრო ახლოსაა დაკავშირებული ადგილობრივ მთავრობასთან, ცენტრალურ მთავრობასთან შედარებით.“

როგორც ჩანს ეს პრინციპი დასავლურ საზოგადოებებში უკვე არათუ ცივი გონებით არის გააზრებული, არამედ დასულია ინსტიქტურ დონეზეც კი.

ეს მიდგომა პირდაპირ გამოხატულებას პოვებს სახელმწიფო მოწყობისა და ტერიტორიული რეჟიმების მიმართულებით პრაქტიკულადაც. მიმდინარე სვეტის ფარგლებში მინდა, განვიხილო, რა როლი აქვს ამაში ჩვეულებრივი ხალხის, რიგითი მოქალაქეების ცნობიერებას და როგორ უწყობს იგი ხელს ძლიერი რეგიონების და მათი ეკონომიკის განვითარებას.

ზოგადად, ერთია, როდესაც რიგი საკითხის მიმართ ერთი ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ გამოთქვამს მოსაზრებას, ხოლო მეორე, რამდენად ხშირია მსგავსი მოსაზრება ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი ადამიანებისგან.

მაგალითისთვის, თუკი პოლონელი ეროვნების ტურისტული გიდი მგზავრობისას ხშირ შეჩერებებს იმიტომ მიესალმება, რომ დამსვენებლები “დაეხმარონ ადგილობრივ ეკონომიკას”, ეს შესაძლოა, ბუნებრივ, ან იქნებ დაგეგმილ ქმედებადაც კი ჩაითვალოს, თუმცა, როდესაც ჯგუფში შემავალი ყველა სხვა პოლონელი არგუმენტირებულად ამართლებს მას, აქ ალბათ განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

მაინც, რატომ ფიქრობენ რიგითი ადამიანები, თავიანთი სახლიდან შორეული რეგიონების ეკონომიკურ წახალისებაში წვლილის შეტანას? ამის სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობს.

პირველი, მათ მიჩნიათ, რომ ყველა რეგიონს მეტნაკლები თანაბრობა უნდა ახასიათებდეს, არ ჩამორჩებოდეს სხვისგან, რადგან ეს უარყოფითად აისახება არამხოლოდ მასზე, არამედ ტვირთად აწვება დანარჩენებსაც.

მეორე, რეგიონების სიძლიერე და სტაბილურობა გარანტიაა ძალაუფლების ბალანსისა. “ძალა ძალის წინააღმდეგ”, როგორც დემოკრატიის და თავისუფლების შენარჩუნების საშუალება. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალაუფლებისკენ მიდრეკილებებს ვერც ერთ დონეზე ვერ გავექცევით. ამდენად, მისი დივერსიფიკაცია, უფრო სერიოზული გარანტიაა თავისუფლების შენარჩუნების.

მესამე და საკმაოდ საინტერესო: კვლავ ჩვეულებრივი პოლონელების აზრით, რეგიონული, ადგილობრივი მცირე ბიზნესის წახალისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კორპორაციების და ქსელური ბიზნესის დომინირება, რომელიც შთანთქავს მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე წინაპირობაა ძალაუფლების უზურპაციის და შესაბამისად, თავისუფლების დაკარგვის. უნდა ვთქვა, არ გამიკვირდება, თუკი მკითხველი გარკვეულ მიმართებებს ჩვენს ყოველდღიურობასთან ჭრილში ამოიცნობს, თუმცა ცხადია, პოლონეთის რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულად.

პოლონეთი ამ მნიშვნელოვანი და საორჭოფო საკითხის წარმოდგენის მხოლოდ ერთი მაგალითია. იმავეს შეხვდებით ევროპული საზოგადოებებს უმეტესობაში. ვფიქრობ, ალიანსებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წევრობას, მათთან ერთგვარი ცივილიზაციური სიახლოვეც უნდა უსწრებდეს წინ. ამდენად, ალბათ დაასკვნიდა მკითხველი, ახლოა თუ არა დათქმულ მიზნამდე და რა ნაბიჯების გავლა მოუწევს ჩვენს საზოგადოებას იქ მისაღწევად.

გიორგი ლაბაძე - ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, თსუ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები