როგორ აისახა საქართველოზე რუსეთის მოქალაქეების მიგრაციული ექსპანსია

05-08-2023 15:30:06 ანალიზი

საქართველოში, რომელსაც ბოლო პერიოდში მასშტაბური რუსული იმიგრაციის რამდენიმე ტალღა დაატყდა თავს, ხშირად გაიგებთ შეშფოთებულ განცხადებებს ამ „შემოსევის“ შედეგად სახელმწიფოსთვის შექმნილი საფრთხეების თაობაზე. ვინაიდან სოციოლოგიური კვლევების მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაზე, ჯერ არ არსებობს, გვიწევს, დავეყრდნოთ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აღქმას.

მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები მოგვიწოდებენ, ვითარების დრამატიზებას მოვეშვათ, რელოკანტებთან მიმართებაში „მაქსიმალური ხელშეწყობის“ რეჟიმი აქვთ ამოქმედებული და ამავდროულად, კრემლის და გასახარად, ქართველ ხალხსა და ოპოზიციას რუსების მიმართ ლამის ქსენოფობიაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ პროცესმა უკვე საშიშ მასშტაბებს მიაღწია - და რუსეთის მოქალაქეებისთვის შეღავათების გაუქმების, მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

მოდით, ამ შეშფოთების საფუძვლიანობა სამ ძირითად ჭრილში - ეკონომიკურში, დემოგრაფიულსა და კულტუროლოგიურში განვიხილოთ.

საქართველოს მოსახლეობა ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 3,7 მლნ-ს შეადგენს. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში გადმობარგებული რუსეთის მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საყოველთაოდ მიღებული საექსპერტო შეფასების თანახმად, იგი დაახლოებით 120 ათასს უტოლდება. რუსების ძირითადმა ნაწილმა ორ ქალაქში - ზღვისპირა ბათუმსა და დედაქალაქ თბილისში დაიდო ბინა. ორივეში მათი წარმოდგენილობა შესამჩნევი გახდა, მაგრამ ბათუმში, შეიძლება, ითქვას, რუსეთის მოქალაქე უკვე მეტისმეტად ბევრია. საქმე იმაშია, რომ თუ მილიონიანიან თბილისს ძალუძს, მიგრანტების გარკვეული რაოდენობა „მოინელოს“, 120-ათასიანი ბათუმისთვის ეს გაცილებით რთულია. თუმცა ამ ეტაპზე რუსული მიგრაცია, რომელიც მოსახლეობის სრული რაოდენობის დაახლოებით 3-4%-ს უტოლდება, მთლიანობაში, არ წარმოადგენს იმ დონის საფრთხეს, რომელიც დემოგრაფიულ სურათს რადიკალურად შეცვლიდა.

რაც შეეხება კულტუროლოგიურ ჭრილს, კერძოდ, იმას, შეუძლია თუ არა „რუსსკი მირს“, ქართველებს იდენტობა წაართვას, ეს აშკარად „თითიდან გამოწოვილი“ ფაქტორია. მსგავსი სავალალო შედეგი ხომ რუსული იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის თითქმის 200-წლოვან ანექსიას (ძალისმიერი გასაბჭოებითურთ), ანუ ხისტი რუსიფიკაციის ორ საუკუნესაც კი არ გამოუწვევია და ახლა რატომ უნდა გვეშინოდეს ამის?! ქართული კულტურა საკმაოდ თვითმყოფადია და თვითკმარი, ამდენად, ქართული ეთნოსის (საერთაშორისო საზომით) მცირე პოპულაციის მიუხედავად, იგი არათუ არ ქრება, ვითარდება კიდეც. ასე, რომ საქართველოს ნამდვილად არ ემუქრება გადაქცევა არც რუსეთად, არც თურქეთად და მთელი ეს შფოთვა უსაფუძვლო გაზვიადებაა.

ყველაზე სერიოზული ფაქტორი, რომელიც რეალურ შეშფოთებას შეიძლება, იწვევდეს, ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიაა. საქმე ისაა, რომ საქართველოში გადმობარგდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით რუსეთის დატოვების სურვილთან ერთად, ამის ფინანსური შესაძლებლობაც გააჩნდათ. ჩვენმა ქვეყანამ ამით შესამჩნევი ეკონომიკური სარგებელი მიიღო, რომელიც, მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახა: ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2022 წლის მარტის 3,4-ლარიანი მინიმუმიდან ამჟამინდელ 2,6 ლარამდე გამყარდა; 2022 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,1% შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 7,7%. და მართალია, ზრდის მაჩვენებელზე სხვა რიგი ფაქტორების ზეგავლენაც უნდა ავიღოთ სათვალავში, მაგრამ მიგრანტებმა მასში უდავოდ წონადი წვლილი შეიტანეს. რუსეთის მოქალაქეები იჯარით იღებენ და ყიდულობენ ბინებს, ფულს ხარჯავენ სავაჭრო ცეტრებსა და მარკეტებში. მოსახლეობის ზრდა არა დახმარების მიმღებთა, არამედ სახსრების მქონე საშუალო კლასის ხარჯზე მთლიანობაში, პოზიტიურად აისახა ეკონომიკაზე. მაგრამ ეკონომიკის გამოცოცხლების ფონზე თითქმის ყველაფერი გაძვირდა – საკვები პროდუქტებიდან უძრავ ქონებამდე, რაც საკუთარ თავზე უპირველესად, ადგილობრივთა დიდმა ნაწილმა იგრძნო.

გამოდის, რომ საქართველოს რუსების დიდი ნაკადის შემოდინების გამო, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს სანერვიულო. მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით.

აქ უპრიანია, გავიხსენოთ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ამასწინანდელი პასაჟი: იგი მოულოდნელად კომპლიმენტებად დაიღვარა ბათუმის მიმართ, იმ კონტექსტში, რომ ამ უკანასკნელმა განვითარებაში სოხუმს გადაუსწრო... დიახ, ეს ფაქტია, თანაც უკვე არაერთი წელია, საყოველთაოდ ცნობილი. მაგრამ ბჟანიას კომპლიმენტი სხვა რამეს ემსახურებოდა, უპირველესად - აფხაზეთში მოსკოვის მიერ ინიცირებული „აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღების ლობირებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსულ ექსპანსიასთან. 27 აპრილს, აფხაზეთის ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ბჟანიამ ისაუბრა, მათ შორის, რუსული ინვესტიციების აუცილებლობაზე, იმაზე, რომ ამ ფულით უნდა განხორციელდეს აფხაზეთის მჭიდრო განაშენიანება... მან უამბო შეკრებილთ, რომ პირადად დაგზავნა (როგორც ჩანს, ადმინისტრაციების რიგ ხელმძღვანელებთან) ბათუმის აპარტ-ოტელების ფოტოები უცხოური ინვესტიციების სარგებლიანობის ილუსტრირებისთვის.

მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების შეძენაზე მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების მისაღწევად დიდი ხანია, იღწვის. ბოლო პერიოდში ამ მხრივ სოხუმზე ზეწოლა მრავალჯერადად გაძლიერდა. მოსკოვმა მოახერხა სოხუმის „დაყოლიება“ რუსეთისთვის 80 ჰა მიწის გადაცემაზე ბიჭვინთაში, სადაც ადგილობრივი საზომით, გიგანტური რუსული ანკლავის - „მოსკვა რისორთის“ მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, დასასრულს უახლოვდება იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებული ეპოპეა, რომელიც მოსკოვს სოხუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 ათასი აპარტამენტის აშენების შესაძლებლობას მისცემს. ამასთანავე, მოსკოვმა თვალი დაადგა რეგიონის ყველა სტრატეგიულ აქტივს - რკინიგზას, ენერგეტიკას, აეროპორტს. ნათელია, რომ აფხაზეთი თავისი 240-ათასიანი („ოფიცილური“ მონაცემებით) მოსახლეობით რუსების მსგავს ნაკადს ვერ გაუძლებს. მხოლოდ აპარტამენტების მომავალ 100 ათას რუს მფლობელზე რომ ვისაუბროთ, ყველა მათგანი, უდავოდ, აფხაზეთის პოტენციური „მოქალაქეა“ და ადრე თუ გვიან, მოსკოვი ამ საკითხს გადაჭრით დააყენებს. მაგრამ მათ გარდა, მთელს აფხაზეთში კიდევ მრავალი ათასი რუსი გადასახლდება, - ბინების შემძენებით დაწყებული, მშენებლებითა და სხვა ტექნიკური სპეციალობების წარმომადგენლებით დამთავრებული, ასევე პერსონალი, რომელიც სამომავლოდ აეროპორტს, ენერგეტიკას, იგივე ტურიზმს მოემსახურება... და ყველა მათგანიც გარანტირებულად მიიღებს აფხაზეთის „მოქალაქეობას“.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ყველა პროექტი აფხაზეთში მთლიანად რუსული ფულით იგეგმება/რეალიზდება, მაშინ, როდესაც ბათუმში, რუსი მიგრანტების დიდი ნაკადის მიუხედავად, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებში ადგილობრივი ინვესტორები და პერსონალი სჭარბობენ. ბუნებრივია, მსგავს პირობებში ბათუმისა და სოხუმის შედარება არაკორექტულია. და მერწმუნეთ, მსგავსი ტემპებით სოხუმი ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელიწადში გადაიქცევა რუსულ ქალაქად, საუკეთესო შემთხვევაში - დიდ სოჭად, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ადლერად, რადგან რუსეთი არსად არასოდეს არაფერს ააშენებს იმაზე უკეთესს, რაც საკუთარ ზღვისპირა დედაქალაქ სოჭში გააჩნია.

მაგრამ დავუბრუნდეთ ვითარებას, რომელიც რუსულ მიგრაციულ ექსპანსიასთან დაკავშირებით საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ყალიბდება. სახელმწიფო - ეს უპირველესად, არა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია, სახელმწიფო ენა, ჰიმნი, ღერბი ან თუნდაც სპორტი, არამედ ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობა, მათი ემოციური კავშირი ქვეყანასთან, მის კულტურასთან და რაც მთავარია, თავად ადამიანური რესურსის ხარისხი. სწორედ ადამიანებზეა დამოკიდებული ეკონომიკური ზრდაც, პოლიტიკური სტაბილურობაც, სწორედ ისინი იცავენ და ავითარებენ ქვეყნის კულტურასაც... და თუ საქართველოში რუსული წარმოდგენილობის ზრდას ადამიანური რესურსის ხარისხის პრიზმაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთის მოქალაქეთა მცირე რაოდენობას თუ აინტერესებს საქართველო რუსეთისგან განცალკევებით, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი ისტორიითა და კულტურით. მათი უმრავლესობისთვის, მათ შორის ე.წ. ლიბერალური „ტუსოვკისთვისაც“ კი საქართველო - ეს კვლავინდებურად ყოფილი კოლონიაა, რომელშიც მათ „თეთრი ადამიანის“ როლი შეუძლიათ, „იტვირთონ“. დიახ, აქ მათ მოსწონთ კერძები, კლიმატი, სიმღერები და ცეკვები, მაგრამ ყოველთვის როდი სიამოვნებთ ქართული ენა. მათ არ მოსწონთ, როცა რუსეთს ფაშისტურ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ისინი არ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, აღიზიანებთ ქართული საზოგადოების მიერ უკრაინის მხარდაჭერა, უკრაინული დროშები, რუსული ენის არცოდნა ან ცუდი ცოდნა, გზებსა და შენობებზე რუსულენოვანი აბრების, ასევე კონკრეტული - წმინდად რუსული სერვისების არარსებობა, – რუსებს ხომ ძალიან უნდათ, მათთვის აქ ყველაფერი „შინაურული“ იყოს - „როგორც რუსეთში“... კიდევ ბევრი რამ არ მოსწონთ. ამასთან, რუსეთის მოქალაქეები აქტიურად ავითარებენ საკუთარ ბიზნესს და, რა თქმა უნდა, უპირატესად თანამემამულეებს ასაქმებენ, რაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივთა გაღიზიანებას იწვევს, განსაკუთრებით - როცა საქმე მომსახურების სფეროს ეხება. ადგილობრივებს უწევთ, პირდაპირი მნიშვნელობით აძალონ რუსეთის მოქალაქეებს, შეეგუონ ქართულენოვან მენიუსა და აბრებს, სახელმწიფო ენაზე მომსახურებას... გაჩნდა საკმაოდ აქტიური რუსული ქომიუნითები – ერთგვარი ექსტერიტორიული ანკლავები, რომლებიც განცალკევებით, განდგომილად ცხოვრობენ. ჩამოსული რუსების ამჟამინდელი - დემოგრაფიული თვალსაზრისით ასატანი რაოდენობის პირობებშიც კი ახალმა ემიგრაციამ უკვე გამოიწვია გარკვეული პრობლემები საყოფაცხოვრებო დონეზე: საყოველთაოდაა ცნობილი რუსებში გამჯდარი ჩვევა, ყველას თავს ახვევდნენ რუსულ ენასა და საკუთარ ქცევით ნორმებს, ისევე, როგორც მათი მხრიდან ინტერესის, ხშირად კი პატივისცემის არარსებობაც მიმღები ქვეყნის კულტურისა და ცხოვრების წესის რაციონალური ელემენტების მიმართ, მათი სწრაფვა, ყველგან ნერგონ კანონისადმი უპატივცემულობა და კორუფცია, რომელსაც, რომ ჰკითხოთ, თავად გამოექცნენ რუსეთიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში რუსი მიგრანტების ინტერესები უმთავრესად მცირე და საშუალო ბიზნესით შემოიფარგლება და მათ მიერ საქმიანობის ამა თუ იმ სფეროსა და ეკონომიკის „სტრატეგიულ“ დარგებში მონოპოლური პოზიციის მიღწევის საფრთხე არ შეიმჩნევა. მაგრამ მადა, როგორც ცნობილია, ჭამაში მოდის.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით, სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე, რაც თავისთავად, ქვეყანას უაღრესად მოწყვლადად აქცევს. უკრაინის ომის ფონზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა: 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 730 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იანვარ-ივნისში - 964 მლნ, 2023 წლის პირველ ნახევარში კი - 1,271 მილიარდი.

გამოდის, საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე, თავად ქვეყანაში კი ამ დროს ყალიბდება საკმაოდ სერიოზული რუსული თემი. მსგავსი ორმაგი ეკონომიკური დამოკიდებულებიდან პოლიტიკურამდე კი ერთი ნაბიჯიც აღარაა. ამასთან, კაცმა არ იცის, იქნება თუ არა სამომავლოდ მიგრაციის ახალი ტალღები და თუ რუსების სადღეისოდ არსებული რიცხოვნობა ცალსახა გამოწვევად არ წარმოჩინდება, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება სამომავლოდაც. მით უფრო, როცა ჩვენი ქვეყნის კარი ბოლომდე ღიაა - საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო ქვეყნად რჩება.

სხვათა შორის, შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობდეს მიზეზი იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ჯერაც არ აღიქვამს საქართველოს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. შესაბამისად, ამ პროცესის უკონტროლოდ დატოვება აღარ შეიძლება და დროა, ზომების მიღება დაიწყოს.

საქართველოში მასშტაბური რუსული წარმოდგენილობა ჯერ მხოლოდ წელიწადნახევრისაა და არავინ იცის, როგორ მოიქცევიან ახალი მიგრანტები სამომავლოდ - შეეცდება თუ არა რუსული თემი ტროას ცხენის როლის შესრულებას, როგორც ეს უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და გერმანიაშიც კი მოხდა. თუმცა სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ იდეალურ წარმოდგენაში, მუდამ ფხიზლობდეს და ამასთანავე, ვითარდებოდეს, შიშებს აყოლის ნაცვლად.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები