სააგენტოს გეოლოგი: მოქალაქეებმა, უწყებებმა უნდა ვიზრუნოთ ადაფტაციაზე – არ უნდა დავსახლდეთ ჭალა–კალაპოტის ზონებში!

04-08-2023 22:12:10 კომენტარი

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენები სრულად იყო დაკავშირებული ბუნებრივ ფაქტორებთან და რომ ერთი და იგივე ლოკაციაზე რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის:

  • უხვი ნალექი;
  • მყინვარების კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული დნობა, რომელიც ბოლო 10–15 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა;
  • წყლის მასამ დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი;
  • წარიმართა გვერდითი ეროზიული პროცესები;
  • ამან გამოიწვია ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყერები. შედეგად მოცულობითი მასა შევარდა შოვში, ე.წ. კოტეჯების უბანში და აქცია სტიქიური უბედურების ზონად.

ამასთან, გეოლოგი ერთის მხრივ ამბობს, რომ მდინარე ბუბა აქამდე ღვარცოფული მოვლენებით არ ხასიათდებოდა, თუნცა მეორეს მხრივ, აღნიშნავს იმას, რომ კლიმატურმა პირობებმა ზოგადი სურათი შეცვალა:

„მდინარე ბუბა [მდინარე ჭანჭახის შენაკადი – რედ.] არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით. ეს იყო მიზეზი, რომ გასული საუკუნის 60–იან წლებში მას კალაპოტი შეუცვალეს და ძველი კალაპოტის ტერიტორიაზე კოტეჯები აშენდა. მაგრამ ბოლ 10–15 წლის მანძილზე ამ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მყინვარების დნობამ უკვე პოტენციურად ღვარცოფსაში გახადა, თუმცა გუშინდელ დღემდე რაიმე მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ადგილი არ ჰქონია“,– თქვა გეოლოგმა და კვლავ გაიმეორა, რომ განხორციელდა მონიტორინგი და ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქიის ჩასახვა–განვითარების რისკი ძალიან დაბალია.

გეოლოგი ფრთხილად, მაგრამ პრაქტიკულად იმეორებს დანარჩენი სპეციალისტების შეფასებებს, რომ ჭალა–კალაპოტის ზონებში დასახლება დაუშვებელია. ამდენად, ლოგიკურად რომ შევაჯამოთ, უნდა მოხდეს უკვე გაცემული სამშენებლო ნებართვების რევიზიაც კი, თუ ეს ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ვინაიდან პირობითად, 20 წლის წინანდელი სურათი ადექვატურად ვეღარ ასახავს სადღეისოდ არსებულ რეალობას პოტენციურ საფრთხეებს.

„საქართველო გეოლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით ერთ–ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს. დაფიქსირებულია 50 000–მდე სხვადასხვა მასშტაბის მეწყრული უბანი, 3 000 ღვარცოფული წყალსადინარი. ძალიან დიდ ქვეყნებსაც გაუჭირდებოდათ, ყველგან მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რომ ჩვენ სრულად ვიყოთ დაცული, თუმცა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით. ეს სამუშაოები მიზნად ისახავს: ადამიანების, ინფრასტრუქტურული ობიექტების, სასოფლო–სამეურნეო სავარგულების დაცვას – პრიორიტეტებად არის დაყოფილი, მაგრამ მთავარი ერთი რამაა: ჩვენ ამ სტიქიებს ვერ ავიცილებთ და მთავარია ადაფტაციის საკითხი – მოქალაქეებმა, უწყებებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა ვიზრუნოთ ადაფტაციაზე: არ უნდა დავსახლდეთ ჭალა–კალაპოტის ზონებში, არ უნდა დავსახლდეთ ღრმა მეწყრული სხეულების არეალებში.! ეს ყველაფერი ცნობილია გეოლოგებისთვის, ჰიდროლოგებისთვის. შესწავლილია მთელი ტერიტორია“,– თქვა გეოლოგმა „იმედის“ ეთერში.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა საშიში დასასახლებლად ზონა, სადაც სტიქიური პროცესი განვითარდა. საუბარია შოვზე. გეოლოგმა უპასუხა: „მეწყერი ამ ზონაში არ ყოფილა დაფიქსირებული, თუმცა პოტენციურად ღვარცოფსაშიში ზონა, რა თქმა უნდა, იყო“.

გეოლოგი ამბობს, რომ წელს მზად იქნება ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუქა და გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობის სამიტისტროს აქცენტი აღებული აქვს მონიტორინგის სადგურების ინსტალაციაზე, თუმცა ისეთ ლოკაციებზე, სადაც ეს რეალურად შედეგის მომცემი იქნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები