Accentnews.ge
დევნილის ცხოვრება: „იმას მოგიყვებით, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი...“

დევნილის ცხოვრება: „იმას მოგიყვებით, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი...“

03/08/2023 16:04:26 საზოგადოება

რუსეთის მოქალაქეთა მასობრივი შემოსვლა-დამკვიდრების კვალდაკვალ, რაც, ფაქტობრივად, ხელისუფლების მიერაა წახალისებული, სოციალური ქსელი გაღვიძებული ვულკანივით ბობოქრობს. უამრავ თვალსაზრისს შორის ჩემი ყურადღება მიგრანტი ქალბატონის, ქეთევან ტ-ს მრისხანე კომენტარმა მიიპყრო:

„ჩვენ რომ გადავიტანეთ, ეს დაუჯერებელია... 27 სექტემბერს, როდესაც აფხაზებმა რუსების დახმარებით დაიკავეს სოხუმი, ჩვენი მიცვალებული ბიჭები გზებზე ეყარნენ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, არ მარხავდნენ, საშინელი სიცხე იყო და ამას რომ ვუყურებდით, რა ჭკუაზე ვიქნებოდით?! როგორ დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ არაფერი მომხდარა?! დღეს კი ხალხი, ვინც ეს გააკეთა, თურმე, ჩვენი მეგობრები არიან...“.

დავუკავშირდი და ინტერვიუს ჩაწერა შევთავაზე. ბევრი არც მალაპარაკა - „კეთილი. იმას მოგიყვებით, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ ანონიმურად, მოსაყოლი კი ძალიან ბევრი მაქვსო“.

ქარწაღებულნი

- აფხაზეთში ომი ხომ 1992 წლის 27 სექტემბრამდე გაგრძელდა, მე და დედაჩემი კი, ისე მოხდა, რომ 1992 წლის 18 დეკემბრამდე დავრჩით. სოხუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ვცხოვრობდით. სამეზობლოში მხოლოდ მე და დედა ვიყავით ქართველები. დედაჩემი პროფესორი იყო და წლების განმავლობაში ასწავლიდა. მეც იქვე ვმუშაობდი. მოსკოვში დავამთავრე უნივერსიტეტი და ხარისხიც დავიცავი. მეგრული გვარის მქონეთა მიმართ შედარებით ლმობიერები იყვნენ. სამაგიეროდ ჩემი გვარის გამო ადვილი იყო, ხათაბალაში გავხვეულიყავი (უკვე აგრესიასაც გამოხატავდნენ). აფხაზმა სტუდენტებმა გადამარჩინეს, თორემ ახლა მკვდარი ვიქნებოდი. საერთოდ, აფხაზებში იყო უამრავი ნორმალური ადამიანი, რომელიც არ აყვა ამ საერთო სიგიჟეს. თან დედაჩემი ძალიან უყვარდა ყველა სტუდენტს - ქართველებსაც და აფხაზებსაც. კიდეც ამბობდა: „მე აფხაზები ხელს არ მომკიდებენ, გამორიცხულიაო“.

სანამ სოხუმს აიღებდნენ, დაგვირეკა ჟიული შარტავამ (ნათესავი იყო ჩვენი) და უთხრა დედაჩემს, „ძალიან დიდ საშიშროებასთან გვაქვს საქმე, სჯობს, წახვიდეთო“. დედამ - „მე არაფერი მიჭირს, ბატონო ჟიული, თქვენ მოგდევენ და თქვენ წადითო“. ჟიულიმ - „მე არსად წავალ, არ დავტოვებ სოხუმსო“.

ჟიული ისე კარგად იყო აფხაზებთან, გვეგონა, ვერ გაიმეტებდნენ. ვერ აღგიწერთ, რა პიროვნება იყო - იდეალური. მაგრამ გაიმეტეს, ეგეც და ქალაქის თავი გურამ გაბისკირიაც, ასევე არაჩვეულებრივი ადამიანი, ორივე მოკლეს. იქვე დახვრიტეს ჩემი ნათლულიც, ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამდა. შარტავასთან ერთად ორმოცდაცხრა კაცი მოკლეს მაშინ, ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი ან ახლობელი. იძულებულნი გავხდით, სასწრაფოდ გავცლოდით სოხუმს.

რძალი გვყავდა აფხაზზე გათხოვილი. ამ ოჯახმა გადაგვიყვანა სომხურ სოფელში, აჩადარასკენ. უკვე სექტემბრის ბოლო იყო და ხალხი ჭუბერით გარბოდა. მე ახალი ნაოპერაციები ვიყავი და ჭუბერით ვერაფრით გადავიდოდი. მირჩევნია, აქ მომკლან, ვიდრე ჭუბერით გადავიდე-მეთქი. დავრჩით ამ სომხების სახლში. არაფერს გვაკლებდნენ, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ქართველები დიდად არ ვეპიტნავებოდით. ისიც უნდა ითქვას, რომ სომხები უფრო გადაკიდებულნი იყვნენ ჩვენზე, ვიდრე აფხაზები. ოჩამჩირელი აფხაზები ქართველებთან კარგად იყვნენ. აი, გუდაუთელი აფხაზების დამოკიდებულება იყო საშინელება - არავის ზოგავდნენ. ბოლოს, ოჯახის პატრონმა გვითხრა: „უნდა წახვიდეთ, ბაგრამიანის ჯგუფია შემოსული და ვერ დაგიცავთო“.

მგონი, 27 სექტემბერი იყო, მე და დედა ფეხით რომ წამოვედით. დავადექით კელასურის გზას. მივდივართ, მივდივართ, სად და როგორ - აღარ ვიცით... ყრიან ყოველ ნაბიჯზე ჩვენი დახოცილი ბიჭები. თურმე, ბრძანება ჰქონდათ გაცემული - არც ერთი ქართველი არ დამარხოთო. ნაცნობებიც კი ვნახეთ მათ შორის. დედაჩემმა სახეზე გადააფარა, ასე საცოდავად რომ არ წოლილიყვნენ. ეს ვიღაცის ნალაპარაკევს კი არა, საკუთარი თვალით ნანახს გიყვებით. აი, გადმოვდივართ კელასურის ხიდთან და უცებ გაგვაჩერეს. ერთი აფხაზი და ორი კაზაკი იყო. გავშეშდით ადგილზე. დედაჩემმა აფხაზურიც იცოდა და სომხურიც. დაუწყო აფხაზურად ლაპარაკი. მე კი იმდენად ვიყავი დაბნეული, რომ სისულელე მომივიდა - პირდაპირ პასპორტი მივახეთქე. ქართული გვარი რომ დაინახეს, გადაირივნენ. იმ აფხაზს გულზე სამი სურათი ეკიდა: დედის, დის და ბებიის. თურმე, ქართველებს სამივე გაუუპატიურებიათ და მოუკლავთ. არ ვიცი, იოსელიანის ხალხი იყო თუ სხვა ვინმე, მაგრამ, ფაქტია, მოხუცებული ბებოც კი არ დაინდეს - 87 წლის ქალზე იძალადეს და მოკლეს. ამ ბიჭმა გვითხრა: „Вот, что сделали ваши грузины. Теперь, раз вы попались, я вас ни за что не отпущу...“. დედაჩემს კი უთხრეს: „Мы вас не будем убивать, вы должны увидеть, как умирает ваша дочка!“. წარმოიდგინეთ, ყრიან ჩვენი დახოცილი ბიჭები. ვიღაც აფხაზმა უკნიდან წამავლო ხელი და პირდაღმა გადამაქცია ერთ მკვდარზე: „Кушай грузинское собачье мясо“. მერე აღარაფერი მახსოვს... ისეთ შოკში ჩავვარდი, გავითიშე. უცებ ჩამესმა ყვირილი: „не стрелять!“. თურმე, ტენტიანი მანქანით დედაჩემის აფხაზი სტუდენტები არ მოდიან?! სრულიად შემთხვევით დაგვინახეს და ატეხეს ყვირილი. მოკლედ, ვერც კი გავიგე, რა უთხრეს და როგორ გამოგლიჯეს ჩვენი თავი ხელიდან, შეგვაგდეს მანქანაში და ჩაგვიყვანეს კელასურში. იქ ახლობლის სარდაფში დაგვმალეს, დაგვიტოვეს სამი პომიდორი, ორი კიტრი და პაშტეტი - ჭამეთ, მაგრამ სინათლე არ აანთოთ, თორემ თქვენც დაიღუპებით და ჩვენც დაგვღუპავთო. იქ ვიყავით სამი თუ ოთხი დღე. ჩვენი აფხაზი სტუდენტები მოდიოდნენ და რაც შეეძლოთ, მცირედი საკვები მოჰქონდათ. მერე გვითხრეს: თუ „გასკდა“, აქ რომ იმალებითო, ოჯახებს ამოგვიხოცავენო. რა გვექნა?- დავადექით გზას და წავედით...

ამ დროს სოხუმი უკვე აღებულია, სირენები გრიალებს, აფხაზები, სომხები დარბიან და ყვირიან - „გავიმარჯვეთ, ჩვენი მიწა დავიბრუნეთო“, არის ერთი ამბავი... კელასურიდან სოხუმამდე იგივე მანძილია, რაც, მაგალითად, გლდანიდან რუსთაველის გამზირამდე, უფრო მეტიც. მივდივართ ფეხით, ტრანსპორტი სადღა დადიოდა?! მივდივართ და ვუყურებთ - მთელი სოხუმი მოფენილია ჩვენი ბიჭების გვამებით. ამბობდნენ, ჟიულიც მანდ იწვა მკვდარი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ მინახავს. მოვდივართ დაძონძილები, დაქანცულები, წელში მოხრილები... კიდევ კარგი, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ბეწვზე ვართ გადარჩენილები... დედაჩემმა სომხური კარგად იცოდა და ამან გვიშველა. ჩემი გვარი რომ გაეგოთ, ადგილზე დამხვრეტდნენ. როგორც იქნა, მივაღწიეთ ჩვენს სახლს. გავაღეთ და რას ვხედავთ? - ვიღაც ორმეტრიანი კაზაკი უზის მაგიდას და ჩვენი ბაღჩის ბოსტნეულს შეექცევა. დედაჩემს მშვენიერი ბოსტანი ჰქონდა, ძვირფასად მოვლილი. გვეუბნება ეს კაცი: «Вы тут живете?» «Да!» - პასუხობს დედაჩემი. ისეთი ხასიათის ქალი იყო, ისეთი მიდგომა იცოდა, რომ მტერსაც კი მოაბრუნებდა. საოცარი აურა ჰქონდა... ის კაზაკი ნორმალური ადამიანი გამოდგა: ადგა და გადავიდა სამეზობლოში ყოველგვარი ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე. დედაჩემი ამ ბიჭს ყოველდღე სადილს უკეთებდა და გადაჰქონდა. მერე გავიგეთ, რომ ქართველების დახმარებისთვის დახვრიტეს, საცოდავი. ყოველდღე რაღაც საშინელება ხდებოდა. ხან ვინ შემოგვივარდებოდა, ხან - ვინ... სულ მოგერიების რეჟიმში ვიყავით. ძალიან ლამაზი ხატები მქონდა სახლში და ბიბლიოთეკაც. ყველაზე მეტად ხატებზე ვდარდობდი - ჩეჩნებმა არ გამიუბედურონ-მეთქი. ჰოდა, ერთხელაც რომ შემომივარდნენ, ხატებს დაერივნენ და მტვრევა რომ დაიწყეს, დედამ უთხრა: „ხატებს არაფერი ავნოთ, თორემ თქვენი ალაჰი დაგწყევლითო“. ჩემი საყვარელი - პანტელეიმონის ხატი, მონაზონი ბებიის ნაჩუქარი, გადარჩა და წამოვიღე. დღესაც მაქვს.

გზა „სამშვიდობოსკენ“?...

1992 წლის 18 დეკემბერს ხალხის წასაყვანად ავტობუსი მოიყვანეს. მე, დედა, მეზობელი და ორი პატარა ბავშვი ჩავჯექით. მანამდე ამ ბავშვებს ბებია-ბაბუა თვალწინ დაუხვრიტეს. წამოვედით აცახცახებულები, - ავტობუსი აფხაზებითაა სავსე;,მოვდივართ, მოვდივართ... ხელში ბაღაფშის (სერგეი ბაღაფში ამ დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველების მშვიდობიანად გაყვანის პროცესს ხელმძღვანელობდა - ავტ.) მიერ ხელმოწერილი საბუთი მიჭირავს (დედაჩემის სტუდენტი იყო). ის გვქონდა იმედად. ამ დოკუმენტის გამო საზღვარზე არ გაგვაჩერებდნენ და არ დაგვხვრიტავდნენ. „Выходите!“ - გვეუბნება უცებ ვიღაც კაცი. ინვალიდი ვარ და ვერ გადმოვალ-მეთქი - შევეპასუხე (არანაირი ინვალიდი არ ვიყავი). «Чтобы все грузины были инвалидами!» - მიპასუხა. მისი სახე დღესაც მახსოვს... ამ ადამიანს სისხლი სწყუროდა ჩვენი, პატარა ბავშვებსაც კი არ დაინდობდა! მაშინ დედაჩემმა ბაღაფშის ხელმოწერილი დოკუმენტი ამოაძრო. „Извините, извините“-ო და თავი დაგვანებეს.

ასე მივაღწიეთ ზუგდიდამდე. ამ დროს სამეგრელოში უკვე ომია და „მხედრიონია“ შესული. იქ უკვე ჩვენმა თანამემამულეებმა არ დაგვინდეს. რაც მოეწონათ, ყველაფერი წაართვეს ხალხს. მოვდივართ ახლა ზუგდიდში, ქალაქს ბომბავენ. აქ ცხოვრობდა ჩვენი მეზობლის ქმარი, ოთხი დღე მასთან გავჩერდით. მერე ჯერ - სენაკში, ხოლო შემდეგ ფოთში გადავინაცვლეთ. იქ გვაჭმევდნენ, გვასმევდნენ, ძალიან კარგად გვეპყრობოდნენ...

ბოლოს თბილისში ჩამოვედით. აქ დედაჩემის ბიძები ცხოვრობდნენ. ბებია თბილისელი მყავდა. ცოცხლები აღარც ვეგონეთ. ბიძამ ბინა მიყიდა, თორემ ამათ ხელში რას ვეღირსებოდი?! გაიხედეთ, რამდენი დევნილი ელის წლობით ბინას! ბიძა ცოტას კიდეც მეხმარებოდა, სანამ ცოცხალი იყო.

უკვე ოცდაათი წელია, აქ ვარ. ამასობაში დედაც გარდამეცვალა და სულ მარტო დავრჩი. რაც გადავიტანე, იმის ნიადაგზე ნევროზი დამჩემდა, ძილის პრობლემები მაქვს და მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ვზივარ სახლში გამოკეტილი, მყავს ახლობელი, რომელიც პურს და რაღაც პროდუქტს თუ მომიტანს. ვარ ასე. საჭმელს თითქმის ვერ ვჭამ. როგორც კი დედა გარდაიცვალა, ორ კვირაში მოვიდნენ სოციალური დაცვის ხალხი, თან ისეთი ავი სახით, თითქოს რაღაც დანაშაული მქონდა ჩადენილი და სოციალური დახმარება მომიხსნეს. ჩემს სახლში რომ შემოხვიდეთ, ნახავთ, რომ „ბომჟი“ ნამდვილად არ ვარ. მაგრამ ეს ყველაფერი ოდესღაც ბიძამ მიყიდა და ამის მიხედვით როგორ შეიძლება დასკვნის გაკეთება?! გავასაჩივრო? სახლიდან ვერ გავდივარ, თორემ მე ესენი ლაპარაკში ვერ მაჯობებენ! ბიძაჩემი კარგად როცა იყო, გაასაჩივრა, მაგრამ რად გინდათ? - რამდენჯერაც ვიჩივლეთ, ქულა იმდენჯერ მომიმატეს - 62-დან 98-მდე ამიყვანეს. ჩემი დაქალი მაინც მირჩევს, იჩივლეო. ჩემთვის მთავარი ის სამოცი ლარი კი არა, წამლები იყო, ყოველ ორ თვეში რომ მქონდა, თან კომუნალურებს არ ვიხდიდი. ინვალიდობის პირველი ჯგუფიც მეკუთვნის, მაგრამ სად მაქვს ამისთვის სიარულის თავი? ერთ ჩემს ნაცნობს ცალი ფეხი არ ჰქონდა და პირველ ჯგუფს მაინც არ აძლევდნენ - მეორე ფეხი ხომ გაქვსო? წარმოგიდგენიათ?! რა გინდა, ამისთანა ხალხთან გააწყო? ახლა ჩემი შემოსავალია პენსია - 340 ლარი. რომ ავიღებ, ორ დღეში აღარ მექნება - სულ წამლებზე მიდის...".

"იქნებ მაინც აღვიდგინო სტატუსი? - არ უნდა ურთიერთობის გაფუჭევა სამინისტროსთანო" - ასე განმიმარტა ანონიმურობის დაცვის პირობა. ვუთხარი, "პირიქით, ასე უფრო გაინძრევიან"-მეთქი, მაგრამ მაინც ასე არჩია.

ჩვენ მხოლოდ ერთი ისტორია მოგიყევით, ერთი ადამიანის ერთი ცხოვრება, რომელზეც გასული სამი ათწლეულის ყველა კატაკლიზმი და სიძნელე აისახა: ომი, გადარჩენისთვის ბრძოლა, დევნილობის სიმძიმე, სამედიცინო მომსახურების სიძვირე, სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის გაუმართავობა და ა.შ. მაგრამ ასეთი ცხოვრება ერთი არ არის; ასობით და ათასობით დევნილი სამშვიდობოს ჯერაც არ გასულა.

მედეა გოგსაძე

ილუსტრაცია ავტორს ეკუთვნის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S