02-08-2023 19:26:57 ანალიზი
გუშინ, 1 აგვისტოს, იმ ცნობილი მოვლენების შეფასებისას, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ - 27 და 31 ივლისს საქართველოში პუტინისტების საკრუიზო ლაინერის პროვოკაციულ შემოსვლას მოჰყვა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პროვოკაციაში“ ის ქართველი ჟურნალისტები დაადანაშაულა, რომლებმაც „გაბედეს“, პუტინისტებისთვის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე დაესვათ კითხვა. კობახიძის მხრიდან განცხადებები, რომლებიც კრემლს ეამებოდა, ჩვეულ მოვლენადაა ქცეული და ყოველ ჯერზე მათი სერიოზულად კომენტირება საექსპერტო საზოგადოებას მიზანშეწონილად აღარც მიაჩნია. მაგრამ გუშინ, „პროვოკაციაში“ პუტინისტების ნაცვლად ქართველი ჟურნალისტების დადანაშაულებას მან თითქოს „სასხვათაშორისოდ“ მოაყოლა ერთი მოკლე ფრაზა იმდენად გრძელი, ღრმა, შორს მიმავალი და უკიდურესად სახიფათო კრემლისტური ფესვებით, რომ ამის უყურადღებოდ დატოვება თითქმის ისეთივე დანაშაული იქნებოდა, როგორიც თავად ფრაზის ავტორის საქციელი.
„[...] სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი უპასუხებს, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა სერბეთის ნაწილი... ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, უბრალოდ რაც უთხრეს, იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა. მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი ამ ადამიანებს გაეკიდება, დაუსვამს ამ კითხვებს და მერე ამას აშუქებს, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციაო“ - თავდაჯერებულობისა და კომპეტენტურობის ჩვეული გამომეტყველებით ბრძანა ბ-ნმა კობახიძემ და იქვე ტრადიციულად, ოპოზიციისა და დასავლეთის მადემონიზებელი მინიშნებებიც მიაყოლა.
მაგრამ ოპოზიციაც იქით იყოს და გნებავთ, ამ განცხადების მორალური მხარეც - კერძოდ, ის, რომ კობახიძის ნათქვამი უკიდურესად დამაკნინებელია ქართული საზოგადოების, მათ შორის - თავად „ოცნების“ მხარდამჭერთა მიმართაც, რომელთაც ზუსტად ისევე შესტკივათ ქვეყნის მთლიანობაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გული, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენ პატრიოტ მოქალაქეს. აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა - სწორედ ის, რაც კობახიძემ ვითომ „სასხვათაშორისოდ“ ახსენა. საქმე ეხება კრემლის კარგად ცნობილ მზაკვრულ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ თეზისს კოსოვოსთან ანალოგიის ვითომდა არსებობის თაობაზე, რომელსაც რუსეთი აგერ უკვე 22 წელია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, ისე მეზობლებისადმი, მათ შორის საქართველოს მიმართ აგრესიის „გასამართლებლად“ იყენებს.
მოდით, გავერკვეთ, რეალურად არსებობს თუ არა საფუძველი “კოსოვოს პრეცედენტზე” საუბრისთვის და მით უფრო მისით მოსკოვის მრავალწლიანი დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის?
კოსოვოს კონფლიქტი
კოსოვოს ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ეტაპი 1998 წელს დაიწყო. სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ დანაშაულებს როგორც სერბები, ისე კოსოვოელი ალბანელები სჩადიოდნენ, თუმცა ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ალბანელებს შორის მსხვერპლი შეუდარებლად დიდი იყო. უცხოელი შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰქონდა: ბელგრადის მთავრობა სლობოდან მილოშევიჩის თაოსნობით უარს ამბობდა კომპრომისულ ნაბიჯებზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი კოსოვოსთვის სრული პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების, მის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარის განთავსებისა და კოსოვოს საბოლოო სტატუსის სამ წელიწადში, ხალხის ნების საფუძველზე დადგენის წინადადებით გამოდიოდნენ. მაგრამ იუგოსლავური მხარისთვის ეს ყველაფერი მიუღებელი იყო.
მაშინ ნატო-ს ქვეყნებმა იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, იცოდნენ რა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლობები ვეტოს უფლებას გამოიყენებდნენ, მათ გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავთ.
1999 წლის 24 მარტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი თვითმფრინავში იჯდა და აშშ-ში მიემართებოდა. როცა ლაინერი უკვე ატლანტიკის ოკეანეს თავზე იყო, მან ნატო-ს ძალების მიერ იუგოსლავიის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელების შესახებ შეიტყო და პრეზიდენტ ელცინთან შეთანხმებით თვითმფრინავის უკან – მოსკოვისკენ შებრუნების ბრძანება გასცა... იმ დღეს ვექტორი იცვალა რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა კურსმაც, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში ინტეგრაციიდან ისევ წარსულისკენ შეტრიალდა. შემდგომში ეს ეპიზოდი ისტორიაში “ატლანტიკის თავზე შემობრუნების” სახელით შევა და მნიშვნელოვანწილად იქცევა იმ გზის დასაწყისად, რომელიც დღევანდელ დღემდე – უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთის იზოლაციამდე, ახალ “ცივ ომამდე” მიგვიყვანს...
იუგოსლავიის მიმართ ნატო-ს სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ მოსკოვმაც ცალმხრივად მოქმედება გადაწყვიტა და დასავლური საჰაერო იერიშების დასრულების შემდეგ, ყველასთან შეუთანხმებლად, თავისი მშვიდობისმყოფელები ბოსნიიდან პრიშტინაში გადაისროლა. ამასთან, რუსეთმა უკომპრომისოდ ცალმხრივი პროსერბული პოზიცია დაიკავა.
2008 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც კოსოვომ თითქმის 9 წელი გაერო-ს მართვის პირობებში გაატარა, მისმა პარლამენტმა ცალმხრივად, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერით სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახალი სახელმწიფო მეორე დღესვე აღიარეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა და ალბანეთმა, 2008 წლის განმავლობაში – სულ 100-ზე მეტმა ქვეყანამ, ამ დროისთვის კი კოსოვოს გაერო-ს წევრი 193 ქვეყნიდან 98 აღიარებს.
“კოსოვოს პრეცედენტის” შესახებ თეზისის დაბადება
“ვაშინგტონისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ იუგოსლავიაში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით” კრემლის აღშფოთება, ნაწილობრივ შესაძლოა, საფუძვლიანიც, შემდგომში საფუძვლად დაედო მოსკოვის თეზისს “თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არა?!”, საბოლოო ჯამში კი – მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიას. სწორედ იუგოსლავიაში მომხდარი ომი და კოსოვოს შემდგომი აღიარება იქცა მთავარ “გამამართლებელ” არგუმენტად ამ მოვლენებიდან მალევე საქართველოში რუსეთის შემოჭრისთვის, ხოლო რამდენიმე წელიწადში – უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ორმაგი სტანდარტები და მითები
რუსეთი, რომელიც სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფის კატეგორიული წინააღმდეგია და თანმიდევრულად ემხრობა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში საქართველოში შემოიჭრა, 5-დღიანი ომიდან მალევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამას სწორედ ”კოსოვოს პრეცედენტით” ამართლებდა...
რა არის ეს, თუ არა თვალთმაქცობა? საკმარისია, რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადენლების განცხადებებს გადავავლოთ თვალი:
“ამ სიტუაციის პროექციაც კი არ არსებობს აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, დნესტრისპირეთზე. ჩვენ არ ვსხედვართ ხელების სრესით და არ ველით, რომ აი, ახლა სერბეთს კოსოვოს წაატეხენ - და ჩვენც იგივეს კეთება შევეძლება ხსენებულ რესპუბლიკებთან მიმართებაში. ჩვენ მშვენივრად ვაცნობიერებთ ნებისმიერი სეპარატისტული პროცესის მადესტაბილიზირებელ ეფექტს. სეპარატიზმის წახალისება, ჩემი ხედვით, ამორალურია” – სერგეი ლავროვის სიტყვა სახელმწიფო სათათბიროში, 2007 წლის მარტი;
“ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. მოვუწოდებთ სხვა სახელმწიფოებს, რუსეთის ამ მაგალითს მიბაძონ” – დიმიტრი მედვედევი, 2008 წ., ტელემიმართვა საქართველოსთან 5-დღიანი ომის შემდეგ.
შემდგომში რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის იმას აკეთებდა, რისი არგაკეთების პირობაც ჰქონდა დადებული. მაგალითად, უკრაინაში არშეჭრის პირობა დადო, მაგრამ შეიჭრა; პირობა დადო, რომ ტერიტორიების ანექსიას არ მოახდენდა, მაგრამ მოახდინა:
“მსმენია, ზოგიერთი ევროპელი მოღვაწეები “ითარსებიან”, აი, სამხრეთ ოსეთის შემდეგ რიგში უკრაინა და მოლდოვააო. ეს ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია” – სერგეი ლავროვი, ინტერვიუ “პოლონეთის ტელევიზიისთვის”, 2008 წლის სექტემბერი, 6 წლით ადრე ყირიმის ანექსიამდე და 14 წლით ადრე უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე;
“ყირიმის რუსეთთან მიერთების ვარიანტი არ განიხილება” – პუტინი, ჟურნალისტებთან შეხვედრა, 2014 წლის 4 მარტი; “ყირიმი და სევასტოპოლი დედა-რუსეთს უბრუნდებიან!” - პუტინის გამოსვლა საზეიმო მიტინგზე ორიოდ კვირაში, 2014 წლის 18 მარტს...
და როდესაც მთავარსარდლის საჯარო დაპირების მიუხედავად, ნახევარკუნძული “დედა-რუსეთს უბრუნდებოდა”, კრემლი ამას ისევ და ისევ “კოსოვოს პრეცედენტით” ამართლებდა.
“ყირიმის ხელისუფლება ეყრდნობოდა, მათ შორის, კოსოვოს ცნობილ პრეცედენტს, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარი ნებითა და ხელით შექმნეს. სიტუაციაში, რომელიც აბსოლუტურად ანალოგიური იყო ყირიმისასთან, მათ სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფა ლეგიტიმურად სცნეს” – განაცხადა მაშინ პუტინმა.
ღირს კი იმის აღნიშნვა, რომ დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების – “ДНР”-ისა და “ЛНР”-ის აღიარებას რუსეთის ლიდერი ასევე “კოსოვოს პრეცედენტით” ამართლებდა?
თანაც, მან ეს გაერო-ს გენმდივან გუტერეშთან 2022 წლის 26 აპრილს გააკეთა, როცა მსოფლიომ უკვე იცოდა ბუჩას მოვლენების შესახებ! რუსეთის ოფიციალური პირები ხან კატეგორიულად უარყოფენ კიევის ოლქში ჩადენილ ჟლეტას, ხან “დადგმულ კადრებზე” გვესაუბრებიან და არ იმჩნევენ არაერთი ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის უამრავ მტკიცებულებას, ხანაც კოსოვოში სერბი მოსახლეობის ეთნოწმენდას შეგვახსენებენ. და ამ დროს სიტყვაც არ სცდებათ სერბული პოლიციისა და არმიის მიერ კოსოვოელი ალბანელების მასობრივი ჟლეტის შესახებ, რომლებიც იქ, სხვათა შორის, მოსახლეობის უმრავლესობას ქმნიდნენ! არც დიქტატორი მილოშევიჩის პირდაპირ ბრძანებას ახსენებენ, კონკრეტულად ალბანელები ამოეჟლიტათ! და ვერა, ვერ მოისმენთ მოსკოვის წარმომადგენლებისგან პასუხს კითხვაზე, როგორ შეიძლება, ადამიანების ხოცვა ერთ ქვეყანაში ამართლებდეს მათ ხოცვას მეორეში?!
დიახ, უმჯობესი იყო, ცივილიზებულ სახელმწიფოებს კოსოვოს კრიზისის მოსაგვარებლად სხვა გადაწყვეტილება ეპოვათ. მაგრამ შეუძლებელია იმის მტკიცებაც, რომ ნატო-ს ქმედებები “ვაშინგტონის მზაკვრული მანევრი იყო”: კოსოვოში ხომ რეალურად მოხდა გენოციდი და საერთაშორისო ჩარევა მართლაც მას მოჰყვა.
თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები ამ კუთხითაც ცდილობენ პარალელების გავლებას, ირწმუნებიან რა, რომ “კიევმა დონბასში გენოციდი მოაწყო”. არადა, გაერო-ს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 8 წლის განმავლობაში დონბასში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, რომელთაგან 2 000 – საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში, 2014 წელს; 8 წლის განმავლობაში ეს რიცხვი სისტემატიურად მცირდებოდა და უკვე 2021 წელს რეგიონში 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათი უმრავლესობა – დარჩენილ ყუმბარებთან გაუფრთხილებელი მოპყრობის ან ნაღმზე აფეთქების შედეგად.
ასე, რომ არა, ამას კოსოვოს ვერც შეადარებ! აი, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება კი ნამდვილად შეიძლება, რიტორიკით შევადაროთ სლობოდან მილოშევიჩს:
“აზოვის” ბოევიკები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ არა დახვრეტით, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი არ არიან ნამდვილი ჯარისკაცები და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ” – ნათქვამი იყო ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს 2022 წლის 29 ივლისის ტვიტში.
წინააღმდეგობები გაერო-ს დოკუმენტებში
დავა იმაზე, შეიძლება თუ არა, კოსოვო პრეცედენტად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება გაერო-ს წესდებაში არსებულ ორ ურთიერთგამომრიცხავ პრინციპს - ერთა თავითგამორკვევის უფლებასა და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას. რუსეთი, სარგებლობს რა ამით, ხან ერთს იშველიებს, ხან მეორეს – ამწუთიერი საჭიროების მიხედვით:
“სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ეს ფუნდამენტური ფასეულობებია” – ციტატა ვლადიმირ პუტინის ინტერვიუდან, რომელიც მან მედიას ყირიმის ანექსიამდე ცოტა ხნით ადრე მისცა;
“რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყირიმის შესვლა, რუსეთთან მისი ერთიანობის აღდგენა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. არსებობს გაერო-ს წესდების 1 მუხლი, რომლის ძირითად პრინციპებს შორისაა ერთა თვითგამორკვევის უფლება. ოდნავ უფრო ქვემოთ ნახსენებია ასევე სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატვისცემის აუცილებლობა, მაგრამ თვითგამორკვევის უფლების კონტექსტში” – ციტატა საგრეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლიდან, 2016 წლის 1 სექტემბერი.
გაერო-ელი დიპლომატები და იურისტები იმეორებენ: ერთა თვითგამორკვევის უფლება ავტომატურად ტერიტორიის გამოყოფის თავისუფლებას არ გულისხობს, - სწორედ ამიტომ მდგომარეობს გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
დასავლეთში იმეორებენ: ყოფილი იუგოსლავიის მოვლენები უნიკალურია და კოსოვო ვერ იქნება პრეცედენტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კონფლიქტი, - ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც პირველი და უკანასკნელი.
ზუსტად ასევეა თვითგამორკვევის უფლების კუთხითაც: იგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კონტექსტზე და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მთელი ცივილიზებული მსოფლიო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს თუნდაც იმიტომ, რომ ამ რეგიონების თვითგამორკვევაზე საუბარი იქიდან განდევნილი ასიათასობით ქართველის გარეშე შეუძლებელია. მაშინ ჯერ ყველა მათგანი უნდა დააბრუნონ და ჩაატარონ რეფერენდუმი! რატომ არ მიდიან ამაზე არც ოსი, არც აფხაზი და, რაც მთავარია, არც რუსი მმართველები? - იმიტომ, რომ მშვენივრად აცნობიერებენ, როგორი იქნება რეფერენდუმის შედეგები! ყირიმელებისა და დონბასელების თვითგამორკვევაზე საუბარი რუსული სამხედრო წარმოდგენილობის პირობებში ასევე შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. რაც შეეხება კოსოვოს, იქ ალბანელები უმრავლესობას წარმოადგენდნენ და უკრაინის რუსულენოვანი რეგიონებისგან განსხვავებით, ისინი უბრალოდ ამოჟლიტეს.
მიუხედავად ამისა, რუსეთის დიქტატორი მმართველი აგრძელებს “კოსოვოს პრეცედენტის” გამოყენებას, კაზმავს რა მას ათასი ცრუ არგუმენტით, ფალსიფიკაციითა და მითით. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დიახ, ვაშინგტონისა და ნატო-ს მიერ ორი ათწლეულის წინ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ცალსახად გასამართლებელი არ იყოს, მაგრამ ეს წამითაც არ ამართლებს ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც რუსეთი მომდევნო ოცზე მეტი წლის განმავლობაში სჩადიოდა და დღესაც სჩადის.
რატომ არაა და ვერასოდეს ჩაითვლება კოსოვო საქართველოსთვის პრეცედენტად
საფუძვლები კოსოვოს სიტუაციის კონფლიქტების დარეგულირების უნივერსალურ მოდელად განსახილველად მართლაც არ არსებობს, თუნდაც ამ კონფლიქტისა და მისი დარეგულირების პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე. ყოველ კონფლიქტს თავისი უნიკალური სოციალური, პოლიტიური, ისტორიული და ეთნიკური ასპექტები აქვს, რის გამოც მათი დარეგულირებაც უნიკალურ მიდგომას მოითხოვს.
ამაში დასარწმუნებად გთავაზობთ, მოკლედ შევადაროთ კოსოვოს შემთხვევა, მაგალითად, აფხაზეთისას:
1) ეთნიკური შემადგენლობა:
ჯერ კიდევ ღია კონფლიქტის დაწყებამდე კოსოვოში მოსახლეობის 90% ერთ - კოსოვოელი ალბანელების ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, მაშინ, როცა აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებამდე აფხაზური თემი მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს შეადგენდა;
2) კოსოვოში სერბთა თემი სერბული მთავრობის, არმიისა და სპეცსამსახურების უშუალო ხელშეწყობით ალბანურ თემს ატერორებდა, სერიოზულად არღვევდა რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინა, ფუჭი აღმოჩნდა. აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში კი აფხაზურმა თემმა რუსეთის შეიარაღებული ძალების არათუ ხელშეწყობით, არამედ უშუალო მონაწილეობითაც კი მიზანში ამოიღო ქართული და ადამიანების სასიკვდილო მსხვერპლის შემდეგ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ტერიტორია მასობრივად დაეტოვებინა;
3) ნატო-ს ძალების სამხედრო ჩარევის შემდეგ სერბულმა ძალებმა კოსოვო დატოვეს და ამ უკანასკნელის ალბანურმა თემმა მიიღო შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებულიყო საკუთარ სახლებში. ამასთან, ამ ადამიანებმა მიიღეს უპრეცედენტო საერთაშორისო ჰუმანიტარული, ტექნიკური და მორალური დახმარება, რამაც მათ საკუთარი საცხოვრებელი პირობების აღდგენის, ასევე ძირითადი ინსტიტუტების შექმნა-შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს შემთხვევაში კი ასობით ათასი დევნილი დღემდე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში და აგრძელებს მძიმე ყოფას ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით საქართველოს სხვა კუთხეებსა თუ უცხოეთში. და როგორც აწ უკვე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ, “აფხაზეთში არავის დაბრუნებას არავინ აპირებს - ეს საკითხი არც კი განიხილება“;
4) საერთაშორისო წარმოდგენილობა:
საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს სამართავად ფართო საერთაშორისო ადმინისტრაცია შექმნა და უპრეცედენტო რესურსები გამოყო ადგილობრივთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ნატო (KFOR) გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მანდატითა და თავდაპირველად დაახლოებით 46 000-ათასიანი კონტინგენტით პასუხისმგებელი იყო კოსოვოში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება-შენარჩუნებაზე. ნატო-ს კონტინგენტი მოიცავდა 17 000 სამხედროს მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ევროკავშირს დაეკისრა პასუხისმგებლობა კოსოვოს ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე და 1999 წლიდან მის მიერ გაწეულმა დონაციამ 1,6 მლრდ ევროს გადააჭარბა. ეუთო-ს ფართო მისია გაერო-ს ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების პოტენციალის ზრდაზე, ადამიანის უფლებების დაცულობასა და ამ კუთხით განვითარებაზე, დემოკრატიის მშენებლობაზე, კანონის უზენაესობის დაცულობასა და კოსოვოს პოლიციის ჩამოყალიბებაზე.
აფხაზეთში კი მსგავსი არაფერი არასოდეს მომხდარა: საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობა, აფხაზეთში ანალოგიური მიზნებისთვის საერთაშორისო რესურსები გამოეყენებინა, წინააღმდეგობას აწყდებოდა დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან. შუამავლობა დიდწილად რუსეთის ფედერაციისთვის დელეგირდა, გაერო და ეუთო კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ და თითქმის არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციას ფორმალურად დსთ ხელმძღვანელობდა, მაგრამ სამშვიდობო ძალები, რომელიც დაახლოებით 1700 ადამიანს ითვლიდა, წარმოადგენდა სწორედ იმ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც კონფლიქტის დროს აფხაზეთის მხარეს იბრძოდნენ. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რუსული ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტი კი სამშვიდობო მისიის შესრულების ნაცვლად რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურებოდა. საერთაშორისო წარმოდგენილობა ამ პირობებში 122 სამხედრო დამკვირვებლითა და საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის 13 თანამშრომლით იყო შემოფარგლული, თანაც ეს უკანასკნელები ზუგდიდში იყვნენ დაბანაკებულები და არა აფხაზეთში. ამასთან, მათი მანდატი უკავშირდებოდა დსთ-ის სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებაზეც იყვნენ პასუხისმგებლები, რის შედეგადაც მათ პასუხისმგებლობასა და ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტი იყო.
ამგვარად, აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებს აშკარად არ გააჩნდათ სათანადო რესურსები არც ადგილზე ვითარების მონიტორინგისთვის, არც პოლიტიკური დარეგულირების წინ წასაწევად. რუსეთმა, რომელიც გაერო-ში ვეტოს უფლებით სარგებლობდა, საერთაშორისო მისიები დამკვირვებლის სიმბოლური როლით შეზღუდა და კონფიქტის დარეგულირების უსისტემო მოლაპარაკებებზე გარე დამკვირვებლებად აქცია. ცხადია, დამკვირვებლების მცირე ჯგუფი ვერ მოახდენდა დისბალანსის კომპენსირებას სამშვიდობო ძალებში, სადაც რუსები აფხაზეთში მყოფ ერთადერთ „სამშვიდობო კონტინგენტს“ წარმოადგენდნენ.
ამასთან, რუსეთი, რომელსაც შუამავლის როლზე ჰქონდა პრეტენზია, აფხაზურ მხარეს იარაღით, ასევე ფინანსურად ეხმარებოდა და რეგიონის მაცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა. არსობრივად, აფხაზეთი წარმოადგენდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ რუსულ პლაცდარმს, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევდა;
5) კოსოვოს შემთხვევაში სუვერენული მთავრობა საკუთარ ხალხს ატერორებდა, აფხაზეთში კი აგრესიას შეუერთდა უცხო ქვეყანა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მოქმედებდა. და დღესაც კი აფხაზეთი, რომელიც უკვე აღიარებულია რუსეთის მიერ, კონფლიქტის გამჩაღებელი მოსკოვის ეფექტურ კონტროლქვეშ იმართება.
6) ნატო-ს სამხედრო ინტერვენციამ კოსოვოელი ალბანელების ეთნიკური წმენდა შეაჩერა, მაშინ, როდესაც ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში ეუთო-ს ბუდაპეშტის (1994 წ.), ლისაბონის (1996 წ.), სტამბოლის (1999 წ.) სამიტების დამგმობი დოკუმენტების მიუხედავად, აფხაზების მიერ სერიოზულად დღემდე არ განხილულა და არ აღმოფხვრილა.
7) კოსოვოელი ალბანელებისგან განსხვავებით, აფხაზებს აფხაზეთში ენისა და კულტურული ავტონომიის შენარჩუნების სრული გარანტიები გააჩნდათ (იქ აფხაზურ ენაზე ფუნქციონირებდნენ საგანმანათლებლო ცენტრები და სამეცნიერო დაწესებულებები, გამოიცემოდა წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, მოქმედებდა უნივერსიტეტი, ტელე- და რადიო-მაუწყებლობა). გარდა ამისა, ძირითად ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებდნენ ეთნიკური აფხაზები, რომელთა წილი (50%-ზე მეტი) მნიშვნელოვნად აჭარბებდა მათ პროცენტულ წილს მოსახლეობაში (17%). ასე, მაგალითად, აფხაზები ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში წარმოდგენილები იყვნენ 43%-ით, მაშინ, როცა ქართველები, რომლებიც იმ დროს მოსახლეობის 47%-ს შეადგენდნენ - 40%-ით, რაც ერთი მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის რეალურ დომინირებას ნიშნავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა აფეროში;
8) კოსოვოში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი შეიარაღებული კონფლიქტს დაწყებამდე (1992 წ.) ჩატარდა, თანაც ადგილობრივთა აბსოლუტური უმრავლესობის (80%) მონაწილეობით. აფხაზეთში კი იგი 1999 წელს ჩატარდა ვითარებაში, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა განდევნილი იყო და შესაბამისად, რეფერენდუმში ვერ მონაწილეობდა;
9) კოსოვოს კონფლიქტი ეთნიკური და რელიგიური ფაქტორებით განისაზღვრებოდა, ხოლო კონფლიქტი აფხაზეთში უმთავრესად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და პროვოცირებული/მართული იყო გარე ძალის მიერ. იგივე ძალამ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კონფლიქტის ზონაში ეთნოწმენდის პროვოცირება მოახდინა;
10) კოსოვოს ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდა, აფხაზური ჯგუფები კი იყოფოდნენ ეროვნულ და პრორუსულ ტენდენციებს შორის. ამასთან, მოსახლეობის ქართული უმრავლესობა (კონფლიქტამდელი 47%) აფხაზეთიდან განდევნის ან რეპრესიების შედეგად კანონიერი საარჩევნო უფლებით დღემდე ვერ სარგებლობს.
ჩამონათვალი კიდევ შეიძლება, გავაგრძელოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ათი მნიშვნელოვანი განსხვავებაც საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, კრემლის რამხელა თვალთმაქცობა და მზაკვრობაა კოსოვოსა და საქართველოს კონფლიქტებს შორის პარალელებზე საუბარი.
თუ ირაკლი კობახიძისთვის ყველაფერი ზემოთთქმული უცნობია, ეს დიდი პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ ის, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, თავს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის პოზიციის გამომხატველად პოზიციონირებს. მე მაინც ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მანაც მშვენივრად იცის...
ასეა თუ ისე, კობახიძის მიერ 2008 წლის ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე კოსოვოსთან პარალელების გამვლები კრემლისტური სიმღერის საჯაროდ შესრულება ნამდვილი საჩუქარია მოსკოვისთვის და მორიგი არცთუ უსაფუძვლო არგუმენტი მათთვის, ვინც მმართველ ძალას „რუსულ ოცნებად“ მოიხსენიებს.