28-07-2023 17:20:46 კომენტარი
ეს გარკვეულწილად დიდი ზურგშექცევაა ევროპისთვის,– ამგვარად აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩინეთში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრას და ჩინეთ–საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე ამაღლების შესახებ განცხადებას.
ზაქარეიშვილის ანალიზის მიხედვით, ოფიციალურ თბილისს ყურადღება გადააქვს ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთზე ნაცვლად დასავლეთისა.
ამასთან, ის თავად შეხვედრის მნიშვნელობას არ აკნინებს, ამბობს, რომ „დადებითი მეტია, ვიდრე უარყოფითი“, მაგრამ სვამს კითხვას, რა იქნება ფასი? რა იქნება შედეგი?
„აქ ორი დეტალია საინტერესო:
კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ შეთანხმება შესაძლოა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური ინვესტიციებით მშენებლობას ეხებოდეს. მანამდეც იყო ცნობები პროექტით პეკინის დაინტერესების თაობაზე.
„ერთადერთი, რაც ჩინეთს საქართველოში აინტერესებს, ანაკლიის პორტია. სხვა საქართველოში მისთვის განსაკუთრებით საინტერესო ინფრასტრუქტურული არაფერი ხდება“.
ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სასურველია, საქართველო–ჩინეთის ურთიერთობა ევროკავშირის პოლიტიკის გაგრძელება იყოს:
„ჩინეთს ძალიან ლოგიკური და მოქნილი აღმოსავლური პოლიტიკა აქვს. მას არ დაუყენებია საკითხი, რომ არ უნდა ვიმეგობროთ აშშ–სთან, ნატო–სთან ან ევროკავშირთან. ჩინეთი პირობებს არ გვიყენებს. „მიუხედავად საქართველოში პოლიტიკური კონტექსტისა, საქართველო–ჩინეთის მეგობრობას წინ არაფერი დაუდგებაო“ – ეს ძალიან ეფექტური განცხადებაა. ამ ფონზე, აშშ–ს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ძირითადი მეტოქე მსოფლიოში არის არა რუსეთი, ირანი, არამდ ჩინეთი. როდესაც ტრამპმა არჩევნები წააგო, მაშინ ჩამოსული იყო პომპეო და მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ჩინეთთან განსაკუთრებული, სტრატეგიული მეგობრობა ამერიკისთვის მიუღებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ–ს რეაქცია. ამასთან, ახალი ტალღა წამოვიდა ამერიკის ლანძღვა–გინების. ისინი ელჩს კი არა, აშშ–ს ლანღავენ. საზოგადოებას აჩვევენ, რომ ამერიკელების გინება „მოსულა“ და ეს აუცილებელია.
მე ჩინეთთან მეგობრობის მომხრე ვარ, მაგრამ ეს ევროკავშირის პოლიტიკის გაგრძელება უნდა იყოს. ევროკავშირი ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩინეთთან, რაც ამერიკისთვის სრულად მისაღები არაა, მაგრამ მირჩევნია, ევროკავშირის პოლიტიკის გამგრძელებლები ვიყოთ, რადგან პეკინი ცალსახად და მკაფიოდ იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არსად არ დაუჭერია მხარი რუსეთისთვის – საერთაშორისო პლატფორმებზე ან საქართველოს უჭერს მხარს, ან ნეიტრალურია და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“.
აქვე ზაქარეიშვილი დასძენს, რომ ორადორი სახელმწიფო, რომლებისაც რუსეთს ეშინია, „ვინაიდან მიბმულია მათზე, არიან ჩინეთი და თურქეთი“ და მათი კავკასიაში შემოსვლა ერთგვარად ანტირუსული პროექტია:
„ჩინეთმა იგრძნო, რომ ადგილი თავისუფლდება და სურს, ეს ადგილი თავადც დაიკავოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა პუტინმა აფრიკაში ჩაყო ფეხი, სადაც ჩინეთია ძლიერი. ანუ ერთმანეთის ზურგსუკან ხდება გარკვეული თამაშები. არც ჩინეთი და არც თურქეთი არ არიან რუსეთის მეგობრები, არიან სიტუაციური პარტნიორები – ფრთხილ პოლიტიკას ინარჩუნებენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთან არ კეთდება: ჩვენთან არის ფრთხილი დამოკიდებულება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“.