ზაქარეიშვილი: ჩვენმა ორმა არგუმენტმა მუშაობა დაიწყო

14-07-2023 22:09:04 კომენტარი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში გამართული შეხვედრების შემდეგ ოპტიმისტური განწყობით დაბრუნდა ქვეყანაში, დარჩა რა განცდა, რომ „რაღაც დადებითი მიმართულებით იცვლება“. საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, რაც უნდა გადაწყვიტოს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების ხარისხმა. ე.წ. შუალედური შეფასება, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ზედმიწევნით ასრულებს პირობებს, სახარბიელოდ არ გამოიყურება – ძირითადი რეკომენდაციები სრულად შესრულებული არაა. ამასთან, სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა, ღრმავდება პოლარიზება.

იხილეთ ასევე: რა კონკრეტული ნაბიჯები დარჩა საქართველოს გადასადგმელი სტატუსის მოსაპოვებლად

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მუშაობა დაიწყო სამოქალაქო სექტორის აქტიურმა ადვოკატირებამ, უბიძგოს ორგანიზაციას პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ, მიუხედავად არსებული რთული მოცემულობისა.

„მესამეჯერ ვიყავი ევროპაში ევროკავშირის და კანდიდატის სტატუსის კონტექსტში და ამ ჯერზე ყვლაზე უფრო იმედიანად ჩამოვედი წინა ორი ვიზიტისგან განსხვავებით (მაშინ ძალიან დავითრგუნე). ჩვენმა (სამოქალაქო სექტორიდან უამრავი ჯგუფი ჩადის – კვირა არ გავა, ვინმე არ ჩავიდეს) ორმა ძლიერმა არგუმენტებმა დაიწყო მუშაობა:

  • თუ საქართველოს ეუბნებით უარს (რასაც ვიმსახურებთ კიდეც), ამით კავკასიას ეუბნებით უარს. კავკასიაში გარდა საქართველოსა, არავინ ასე ახლოს არ მისულა ევროკავშირთან. თქვენ ამით უარს ეუბნებით სომხეთს, რომელიც ხმას არ იღებს, მაგრამ აკვირდება. თუ საქართველო „აწევს სიმძიმეს“, შესაძლოა, იქაც დაიწყოს პროცესები (ლაპარაკი პოლიტიკურ სპექტრში უკვე დაწყებულია); ასევე უარს ეუბნებით აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ კავკასიის სამოქალაქო სექტორს. თუ საქართველომ ეს სიმძიმე ვერ „ასწია“, მაშინ კავკასიაში „რუსული ღამე“ ისადგურებს, სულ მცირე, 10 წლით მაინც.

  • მეორე – მოლდოვა. ძალიან მინდა, წევრი გახდეს, მაგრამ მასაც არ ეკუთვნოდა ეს [კანდიდატის სტატუსი]. მან მაინც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენ – არა. მოლდოვას ჰყავს ლოკომოტივი რუმინეთის სახით – მისთვის რუმინეთი მუშაობს. ჩვენ – საქართველო თავად ვართ ლოკომოტივი, მაგრამ ისეთი ძლიერი ვერა, როგორც რუმინეთი. ამდენად, საქართველოს უწევს არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, არამედ კავკასიაზე. ნუ დაუკარგავთ საქართველოს ლოკომოტივის შანს, გახდეს კავკასიის, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ლიდერი“.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არგუმენტები მუშაობს, რადგან პარტნიორები ხედავენ, რომ რუსეთი, რომელიც კარგავს უკრაინას, "წაეპოტინება" კავკასიას, ცენტრალურ აზიას,„ცენტრალურ აზიაში კი პროცესები არ მიმდინარეობს ჩვენგან განსხვავებით":

"ამდენადამიტომ, ვხედავ ნიშნებს, რომ უარყოფაში ისეთი კატეგორიულები აღარ არიან, როგორებიც იყვნენ. არ მინდა, მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა განცდა, რომ რაღაც დადებითი მიმართულებით იცვლება. ხედავენ, რომ ისინი კარგავენ არა მხოლოდ საქართველოს, კავკასიას. კავკასია, რაც არ უნდა უგვანი მმართველი ჰყავდეს, ამას არ იმსახურებს – დავკარგავთ შანსებს, 7–8 მარტის გმირები გავლენ საქართველოდან, ვერ დაინახავენ რა პერსპექტივას, ქვეყანა კი ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები