
ფედოროვი: მელიტოპოლში, რუსული ძალების თავმოყრის ადგილთან რვა აფეთქება მოხდა
22/06/2023 11:21:28 ევროპა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, სულ მცირე, რვა "ძლიერი აფეთქება" მოხდა, – განაცხადა მერმა ივან ფედოროვმა.
„რამდენიმე საათის წინ მელიტოპოლში, სულ მცირე, რვა ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც კონცენტრირებული იყო ჩვენს ბენზინგასამართ სადგურთან. იქ, საწარმოო ბაზებზე, რუსი სამხედროები და მათი სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი. კვამლს რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა უყურებს. გამოჩნდა ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანაც. იქ ახლა ყველაფერი დაბლოკილია“, - განაცხადა მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში.
ფედოროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩონგართან ახლოს მომხდარ აფეთქებებზე:
„რაღაც ხდება მტრის ლოგისტიკასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენი მაცხოვრებლები იტყობინებიან, რომ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის მხრიდან ყირიმში შესვლა შეუძლებელია და ყველას არმიანსკში გზავნიან. ადრე ოკუპანტები ამბობდნენ, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ წაიწევენ, ყირიმში გაქცევას შეძლებენ. ახლა კი ეს არის მაგალითი იმისა, რომ გაქცევას აშკარად ვერ შეძლებენ“, - აღნიშნა ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა.
ზაპოროჟიის ოლქის მელიტოპოლი სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ქალაქის არჩეული მერი ივან ფედოროვი, რომელიც ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ქალაქში და მის გარშემო აფეთქებებზე.