
კვიპროსი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევთათვის "ნულოვან ტოლერანტობას" აანონსებს
20/06/2023 21:09:48 ევროპა
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა თავისი ადმინისტრაციის 100–დღიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგენისას პირობა დადო, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების რეჟიმის მკაცრად აღასრულებს,– იუწყება AP.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მოწოდებულია, დაიცვას კვიპროსის სახელი, როგორც "სანდო ბიზნეს და ფინანსური ცენტრის" მას შემდეგ, რაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კვიპროსის რამდენიმე მოქალაქე და კომპანია დაამატეს მათ სიაში, ვინც რუს ოლიგარქებს ეხმარება სანქციების გვერდის ავლით.
„ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოვიზიდოთ ხარისხიანი ინვესტიციები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ბევრად უფრო მეტს“, - განაცხადა მან.
კვიპროსის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა კვიპროსის ნებისმიერი მოქალაქის ან კომპანიის მიმართ, რომელიც რუსეთს დაეხმარება, თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს.
მან გაიმეორა ადრინდელი თეზისი, რომ კვიპროსი "ისტორიის სწორ მხარეზეა" რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების სრული მხარდაჭერით, ვინაიდან "იგივე, რასაც უკრაინა განიცდის, თავადაც განიცადა 1974 წელს – თურქეთის შჭრის შემდეგ".
ამავდროულად, კვიპროსის პრეზიდენტმა გამორიცხა უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესაძლებლობა, კერძოდ, საბჭოთა პერიოდის T-80 საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის და საზენიტო სარაკეტო ბატარეების, "რადგან თურქული საფრთხის ფონზე" არ აპირებს, იმგვარი ზომების მიღებას, რომლებიც კვიპროსის რესპუბლიკას შეიარაღებული ძალების გარეშე დატოვებს.
ქრისტოდულიდისმა, რომელმაც თებერვალში კვიპროსის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოს ანასტასიადისი შეცვალა, მაშინვე ისაუბრა სანქციების დარღვევის აღმოფხვრის აუცილებლობაზე, თუკი სურთ, კვიპროსმა შეინარჩუნოს სანდოობა, როგორც ბიზნესის ცენტრმა.