Accentnews.ge
გამთლიანებული მოლდოვა ევროკავშირის წევრი 2030 წელს შეიძლება, გახდეს... საქართველო?

გამთლიანებული მოლდოვა ევროკავშირის წევრი 2030 წელს შეიძლება, გახდეს... საქართველო?

31/05/2023 09:22:38 მსოფლიო

მოლდოვას შეუძლია, დნესტრისპირეთითურთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს, - განაცხადა დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. ამისათვის, მისი თქმით, მთავრობამ აუცილებელი რეფორმები უნდა განახორციელოს და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიეროს.

სწორედ დასავლელი პარტნიორების დახმარებით აუცილებელი რეფორმების გატარებას, შედეგად ცხოვრების დონის ამაღლებასა და ევროპასთან დაახლოებას განიხილავს სანდუ მოლდოვის გამთლიანების გზად: "რაც მალე ავწევთ დასავლელი პარტნიორების დახმარებით ცხოვრების დონეს, მით მეტად გავზრდით [დნესტრსპირეთთან - რედ.] ჩვენი გაერთიანების შანსს, ქვეყნის გამთლიანება კი ჩვენი მთავარი მიზანიაო".

იყო დრო, ამასვე დეკლარირებდა ქვეყნის გამთლიანების გზად საქართველოს ხელისუფლებაც. მაგრამ უკრაინის ომის ფონზე "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ იცვალა სახე. ქვეყნის მშვიდობიანი გზით გამთლიანებას იგი მთავარ მიზნად დღესაც დეკლარირებს, მაგრამ ამის მიღწევის გზად სულ სხვა რამ მიაჩნია, კერძოდ - რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება, უარი ითქვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მრავალგზის დეკლარირებული ნების შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული. ამას მოწმობს "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების არა მარტო განცხადებები, არამედ კონკრეტული ქმედებებიც:

  • 30 მაისს ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პირველად "ქართული ოცნების" მმართველობის ისტორიაში, ფაქტობრივად ღიად თქვა უარი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, განაცხადა რა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიევის ანალოგიური სწრაფვა იყო და საქართველოს, რომლის ტერიტორიაზე დღემდე დგას რუსული ჯარი, განსაკუთრებული სიფრთხილე ჰმართებს, ამიტომაც მთავრობა "სტრატეგიული თმენის" პოლიტიკას მიჰყვება;
  • რაც შეეხება ევროინტეგრაციის კურსს, მასზე "ოცნებას" უარი დეკლარირებულად ჯერ არ უთქვამს, თუმცა რაც უკრაინაში ომი დაიწყო, სულ უფრო მკვახე განცხადებებს აკეთებს დასავლელი პარტნიორების მისამართით, მანამდეც შეჩერებული ჰქონდა რეფორმები, ახლა კი დიდი გულმოდგინებით საბოტირებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რაც საქართველოს კვლავ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დარჩენას უქადის.
  • მეტიც, მმართველი გუნდი ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებს კრემლის ანტიდასავლურ სადეზინფორმციო პროპაგანისტულ ნარატივებს და ყოველ ჯერზე დგამს ახალ-ახალ ნაბიჯებს, რომელიც უტყუარად აშორებს საქართველოს დასავლელ პარტიორებსა და სტრუქტურებს: ხან წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის მენეჯერი დააკავა, ხან პრორუსულ ძალებს დასავლეთის აგენტების შესახებ კანონის ინიცირება მოახდენინა, ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას დასთანხმდა და პარალელურად ახალი პროპაგანდისტული ნარატივი "შემოაგდო" - "სტრატეგიული თმენის" ფარგლებში ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რუსეთი დათმობებზე მოდის და თუ ასე გავაგრძელებთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოსაც დაგვიბრუნებსო"...

არადა, რუსეთი რომ კეთილი ნებით არავის არაფერს უბრუნებს, განსაკუთრებით - სუსტებს, - ეს საყოველთაოდაა ცნობილი. ხოლო თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მისი ანექსიური პოლიტიკის ბოლოდროინდელ განსაკუთრებულ გააქტიურებასა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გავითვალისწინებთ - "საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეიძლება, შეიერთოსო", ნათელი ხდება, რა რეალური ზრახვები აქვს როგორც სოხუმსა და ცხინვალთან, ისე თბილისთან მიმართებაში მოსკოვს .და შესაბამისად, რამდენად ყალბია და საშიში "ოცნების" ნარატივი კრემლის წინაშე დათმობების გაგრძელების სანაცვლოდ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ვითომდა მოსალოდნელი დაბრუნების თაობაზე. რუსეთს სათავისოდ უნდა საქართველოს ტერიტორიის არა მარტო უკვე ოკუპირებული 20%, არამედ ახლა უკვე დარჩენილი 80%-იც და "ქართული ოცნების" "სტრატეგიული თმენის" პოლიტიკა, რომელიც კარგახანია, პირდაპირ დათმობებშია გადაზრდილი, რეალურად, მხოლოდ ხელს უწყობს პუტინს საწადელის მიღწევაში, რადგან დასავლეთისგან იზოლირებული, მის წინაშე მარტოდ დარჩენილი საქართველო, რომელსაც დამთმობი ხელისუფლება მართავს, მარტივი დასაპყრობია უომრადაც - იმ "მშვიდობის" პირობებშიც, რომლითაც "ქართული ოცნება" ასე ძალიან იწონბს თავს. რა საჭიროა ომი, თუკი საწადელს უომრადაც აღწევ? - ლოგიკა საკმაოდ მარტივია!

აი, მოლდოვის ლიდერი მაია სანდუ სულ სხვა გზას ირჩევს: მიუხედავად რუსული საფრთხის ფონზე მისი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი სისუსტისა და მოწყვლადობისა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და კიდევ არაერთი სხვა თვალსაზრისით, იგი მტკიცედ მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. ამის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ მოლდოვამ (ისევე, როგორც უკრაინამ), საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღო, - მართალია, გარკვეული დათქმებით, მაგრამ მაინც და შესაბამისად, გადაგვისწრო საქართველოს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უპირობო ლიდერი იყო ევროკავშირთან ასოცირებულ "ტრიოში" (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა).

ხსენებული დათქმების შესაბამისად, მოლდოვის მთავრობას მოუწევს, გაატაროს სავალდებულო რეფორმები დემოკრატიის გაძლიერებისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად, რაც უპირველესად, თავად მოლდოვას, მის მოსახლეობას წაადგება როგორც კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებების/თავისუფლებების დაცულობის თვალსაზრისით, ისე დნესტრისპირეთისთვის რესპუბლიკის მიმზიდველობის ზრდის კუთხით, განურჩევლად იმისა, შეძლებს თუ არა და როდის მოლდოვა ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებას.

მოსკოვი კიშინიოვს ამ გზაზე დაუღალავად უქმნის დაბრკოლებებს, მათ შორის - პრორუსული პოლიტიკური ძალებისა და ორგანიზაციების მიერ პროდასავლელი სანდუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების პერიოდული მართვით. რატომ - ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს: კრემლი ხომ იგივეს ცდილობს რუსეთის ყველა მეზობელ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და აღარც მალავს თავის სწრაფვას, სსრკ აღადგინოს. ამ მიზნით იგი ებრძვის ყველასა და ყველაფერ პროდასავლურს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც კვლავ თავისი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მოიაზრებს.

ცინიკურია, მაგრამ ამ ფონზე რუსეთი მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევას, ტრადიციულად, უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ კვლავინდებურად ინარჩუნებს 1000-ზე მეტ თავის სამხედროს დნესტნისპირეთის რეგიონში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი ამასწინათ მოლდოვას "შემდეგი უკრაინა" უწოდა რესპუბლიკის "ნატო-სა და ევროკავშირში სწრაფვის" გამო.

არადა, ნატო-სკენ სწრაფვაზე რესპუბლიკა სწორედ მეზობელი უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე დაფიქრდა და ისიც - ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე: მოლდოვის კონსტიტუციაში ამ დრომდე რესპუბლიკია სამხედრო ნეიტრალიტეტია დაფიქსირებული. "სადღეისოდ მოსახლეობის უმრავლესობა კვლავინდებურად თვლის, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ. ვნახოთ, რა განწყობები იქნება ამ კუთხით ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით მაია სანდუმ. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობისკენ მოლდოვის სწრაფვას, ევროკავშირი, ნატო-სგან განსხვავებით, სამხედრო ბლოკს არ წარმოადგენს და ამ კუთხით მოსკოვის პრეტენზიებს ვერანაირი ლოგიკური საფუძველი უბრალოდ ვერ ექნება - ზუსტად ისევე, როგორც ევროკავშირისკენ უკრაინისა და ნებისმიერი სხვა მეზობლის სწრაფვის შემთხვევაში.

სანდუს გადადგომისკენ პრორუსული ძალების მოწოდების მიუხედავად, რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ახალი ვადით გაპრეზიდენტებისთვის იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს მოლდოვაში პროევროპული განწყობების შესანარჩუნებლად. ამავდროულად, სანდუ გეგმავს, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით მოაგვაროს კონფლიქტი დნესტრისპირეთთან, რომელიც 1990 წლიდან გრძელდება და 2030 წლისთვის ევროკავშირს გამთლიანებული მოლდოვა შეუერთოს.

მოლდოვის მაგალითი მორიგი დასტურია იმისა, რაოდენ ყალბია კრემლის ნარატივი, თითქოს მეზობლებზე რუსეთის თავდასხმები მათი NATO-სკენ სწრაფვით იყოს განპირობებული, თითქოს „NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევას ისახავდეს მიზნად“ და მეზობელ ქვეყნებში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრები წარმოადგენდეს „პრევენციულ დარტყმას NATO-ს მარიონეტი რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთზე თავდასხმას გეგმავენ“. მოლდოვა ხომ, დღეის მდგომარეობით, სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მაგრამ რუსეთმა მაინც გამოაცხადა "უკრაინის შემდეგ მორიგ სამიზნედ".

ამავდროულად, მოლდოვის მაგალითი ნათელი დასტურია იმისა, რაოდენ "მყარი" დაცვაა რუსული აგრესიისგან ნეიტრალიტეტი, რომლისკენაც საქართველოს აქამდე მხოლოდ ღიად პრორუსული ძალები უბიძგებდნენ, ახლა კი უკვე ხელისუფლება მიაქანებს.

რეალურად, ნეიტრალური სტატუსი რუსეთის აგრესიული ზრახვებისგან არავითარ დამცველ მექანიზმს არ წარმოადგენს და მეტიც, მხოლოდ დაუცველად აქცევს საქართველოს, რომელიც, დასავლელი პარტიორებისგან იზოლირებული, მარტო აღმოჩნდება რუსეთის პირისპირ. რაც უფრო ახლოა პუტინის ქვეყნის ესა თუ ის მეზობელი სახელმწიფო დასავლელ პარტნიორებთან, მით მეტადაა იგი დაცული შესაძლო აგრესიისგან. მოსკოვის წინაშე მსგავსი დათმობები კი, რომელიც ქვეყანას ასუსტებს, მხოლოდ მოსკოვის ინტერესში შედის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S