
„პრინციპულად მნიშვნელოვანია“: საბანკო სექტორი სებ–ისგან დანაპირების შესრულებას ელის
17/05/2023 11:00:40 ეკონომიკა
საბანკო სექტორი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდის მოლოდინშია. სექტორში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაკრედიტებაზე დაწესებულმა რეგულაციებმა დასახულ მიზანს მიაღწია და ახლა მარეგულირებელმა დაპირებისამებრ, ზაფხულში უნდა გაახანგრძლივოს არაუზრუნველყოფილი სესხების ვადიანობა სამიდან ოთხ წლამდე.
ინფორმაციისთვის: არაუზრუნველყოფილი სესხების ვადის ოთხიდან სამ წლამდე შემცირება გასულ წელს მიღებული ერთ–ერთი რეგულაცია იყო, რომლის მეშვეობითაც, მარეგულირებელი ერთის მხრივ, სესხების ზრდის ტემპის შენელებას, მეორეს მხრივ – ინფლაციაზე დაკრედიტებიდან მომდინარე ზეწოლის შემცირებას ისახავდა მიზნად.
სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს მიზნები მიღწეულია:
- თუ ერთი წლის წინ სესხების ზრდის წლიური ტემპი 18%–ს აჭარბებდა, ახლა 13%–მდეა შემცირებული. ამასთან, გასულ თვეში ინფლაცია მიზნობრივ 3%–ს ჩამოსცდა.
- საბანკო სექტორის კიდევ ერთი არგუმენტია ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობაა. კერძოდ, სამომხმარებლო სესხები ძირითადად სწორედ ლარში გაიცემა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ფონზე კი ლარში სესხების გაიაფებაა მოსალოდნელი მაშინ, როცა უცხოურ ვალუტაში სესხების გაძვირებას ელიან წლის განმავლობაში.
- სექტორში აცხადებენ, რომ თუ ეროვნული ბანკი დანაპირებს შეასრულებს, სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და ბანკებსაც რიგი ტექნიკური პროცედურებიც გაუმარტივდებათ.
„ოთხი წლიდან 3 წლამდე შემცირება მოხდა ორი მიმართულებით [სებ–ის მიზნები – რედ.] და დღეს პრაქტიკულად ორივე მიმართულება მიღწეულია. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდ პრობლემას უქმნის ყველა საფინანსო ინსტიტუტს იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებლის დაფინანსების კუთხით მოქნილობა საკმაოდ შეზღუდულია. [...]
ამასთან, თუ ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციაა, უცხოურ ვალუტაში ზრდაა და წლის ბოლომდე ველოდებით, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. და ვინაიდან სამომხმარებლო სესხები ძირითადად ლარშია, ამ თვალსაზრისითაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები იმ ვადაში იყოს მიღებული, რა მოლოდინიც მთლიანად საფინანსო სექტორს ჰქონდა“,– განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
- სექტორის კიდევ ერთი არგუმენტი საკრედიტო აქტივობის, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა: იმ ფონზე, როდესაც წელს შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ელიან, მნიშვნელოვანია, მარეგულირებელმა რეგულაციები, მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს, რაც სესხების გაიაფებას, მეორეს მხრივ, ამან ეკონომიკურ აქტივობას უნდა შეუწყოს ხელი.
„პირველი მთავარი სიგნალი, რაც ეროვნული ბანკიდან წამოვიდა, არის ის, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამცირეს. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შეგრძნება, რომ ინფლაციური ტენდენციები შემცირებულია და ნელ–ნელა მონეტარული პოლიტიკა შეიძლება, უფრო შესუსტდეს, რომ ეკონომიკას შეეწყოს ხელი. ველით, რომ გარკვეული შერბილებები შეიძლება, იყოს დაკრედიტებასთან დაკავშირებით. შარშან, აგვისტოში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხებზე შეზღუდული იყოს მაქსიმალური ვადიანობა სამი წლით. შეთანხმებაა, რომ მხოლოდ ერთწლიანი იყო ეს შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს შემცირება მოიხსნება და როგორც ადრე, კვლავ ოთხი წელი იქნება. დანარჩენი კი ვნახოთ. შესაძლოა, კიდევ მეტი შერბილებები იყოს“,– ამბობს „ლიბერთი ბანის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი ვახტანგ ბაბუნაშვილი.
თავად ეროვნულ ბანკში კი არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვა კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს.
სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, საკითხზე თვის ბოლოს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
როგორც აღინიშნა, მართალია დაკრედიტების ტემპი შენელდა, თუმცა სებ–ისთვის საყურადღებოა უშუალოდ სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი, რომელიც კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.