„საკუთარმა ელჩმა „აუფეთქა“ ნაღმი“: ჩინელმა დიპლომატმა, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტში შეიტანა ეჭვი

24-04-2023 15:30:33 ინტერვიუ

აბერაციას აქვს ადგილი,– ასე აფასებს „აქცენტთან“ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე ჩინელი დიპლომატის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც პოსტ საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და აღშფოთება გამოიწვია დასავლეთში.

რა მოხდა?

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტმა დააეჭვა.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს არ აქვთ ეფექტური სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართალში, რადგანაც არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ამ სუვერენიტეტს კონკრეტულ ფორმას მისცემდა",- თქვა ლიუ შაიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ის ეთერში სტუმრობისას.

ლიუ შაიმ ყირიმის კუთვნილებაზეც ისაუბრა - "გააჩნია როგორ უყურებთ ამ საკითხს, არის ისტორია. დასაწყისიდანვე ყირიმი რუსეთს ეკუთვნოდა. ეს ხრუშჩოვმა აჩუქა ყირიმი უკრიანას საბჭოთა კავშირის დროს."

„თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, რატომ არ ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩინეთს...“

საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ "განგაშით მიიღეს ელჩის სიტყვები“ და ის „განმარტება მოთხოვეს."

პარიზმა გამოაცხადა თავისი „სრული სოლიდარობა“ ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც დაზარალდნენ საბჭოთა ხელისუფლებისგან და მოიპოვეს დამოუკიდებლობა „ათწლეულის განმავლობაში ჩაგვრის შემდეგ“.

”უკრაინა, 1991 წელს იგი საერთაშორისოდ იქნა აღიარებული მის საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით. ეს აღიარა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩინეთის ჩათვლით”, - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ჩინეთმა უნდა განემარტოს, ასახავს თუ არა ეს კომენტარები პეკინის ოფიციალურ პოზიციას.

უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკო, თქვა, რომ ჩინეთს ელჩს გეოგრაფიასთან სერიოზული პრობლემები აქვს.

„უცნაურია, მოისმინო ქვეყნის წარმომადგენლისგან „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსია, რომელსაც მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს თავისი ათასწლიანი ისტორიის მიმართ. თუ გსურთ, იყოთ დიდი პოლიტიკური მოთამაშე, ნუ იმეორებთ რუსი აუტსაიდერების პროპაგანდას“, - ასე გამოეხმაურა ჩინელი დიპლომატის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

ლატვიამ, ლიტუვამ და ესტონეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები დაიბარეს ჩინელი დიპლომატის სკანდალური განცხადების შემდეგ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ დიპლომატის სიტყვებმა აჩვენა, თუ რატომ აქვთ ევროპულ ქვეყნებს მცირე ნდობა პეკინის შესაძლებლობებისადმი, ითამაშოს კონსტრუქციული როლი მშვიდობის მიღწევაში.

„თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, რატომ არ ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩინეთს „უკრაინაში მშვიდობის შუამავლობაში“, აი, ჩინეთის ელჩი ამტკიცებს, რომ ყირიმი რუსულია და რომ ჩვენი ქვეყნების საზღვრებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია: „ჩვენ ველოდებით ჩინური მხარის განმარტებას და ამ განცხადების სრულ უარყოფას“.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს საკუთარი შეშფოთება. "აქცენტი" შეეხმიანა საქართველოში ჩინეთის საელჩოს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

„საკუთარმა ელჩმა „ნაღმი“ აუფეთქა“

გამყრელიძე ჩინეთის ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე, დიპლომატის მხრიდან პერსონალურ პოზიციონირებას არ გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ მყისიერად არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, პეკინი გაიწვევს საკუთარ დიპლომატს საფრანგეთიდან.

ის „აქცენტთან“ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩინელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, დიპლომატები ყოველთვის ცდილობენ, არ გააკეთონ იმგვარი განცხადებები, რამაც შესაძლოა, გააღიზიანოს იმ ქვეყნის მოსახლეობა, მედია, პოლიტიკოსები, სადაც მათი მისიაა წარმოდგენილი. შემინიშნავს, რომ დასავლურ ქვეყნებში უფრო პროდასავლურ განცხადებებს აკეთებენ, მაგალითად, რუსეთში – სხვაგვარს და მოულოდნელად ამგვარი განცხადება საფრანგეთში...ამჟამად ჩინეთის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი ვან ი საფრანგეთის პრეზიდენტის აპარატთან ერთად მუშაობს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე რუსეთ–უკრაინის და ამ დროის საკუთარმა ელჩმა აუფეთქა „ნაღმი“.უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ტერიტორიული მთლიანობა ჩინეთისთვის „წმინდა ძროხაა“ – სრულიად ხელშეუხებელი თემა. ამ პირობებში ეჭვების შეტანა გაეროს ძირითად პრინციპებში, იმდენად აბსურდული განცხადებაა, გაოცებული დავრჩი. ამ ადამიანმა ეჭვი შეიტანა, რომ საბჭოთა კავშირი საერთოდ დაიშალა. მან დაუშვა, რომ საბჭოთა კავშირი კვლავაც არსებობს, როგორც მინიმუმ, ქაღალდზე!“.

მისი ხედვით, სწორი რეაგირება მოახდინეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, როდესაც ელჩები დაიბარეს. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის საპასუხო განცხადებაზე:

„ვფიქრობ, ეს არა ჩინეთის, არამედ დასავლეთის მიმართულებით გაღიზიანება და მკაცრი განცხადება უფროა, რომელიც არათანმიმდევრულია გარკვეულ საკითხებში: ის, რომ დღეს რუსეთი ასე თავხედურად აგრძელებს ოკუპაციას, ომს უკრაინაში, ის, რომ ჩინეთი ასე ჩუმ–ჩუმად ემზადება ტაივანზე თავდასხმისთვის და ცდილობს, როგორც მინიმუმ, მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს რუსეთს, ეს ყველაფერი დასავლეთის ბრალია. ვფიქრობ, სწორედ ამას ეხება ეს განცხადება: „ვყიდულობდით მათგან ნავთობს, ვაძლევდით ტექნოლოგიებს, ფინანსებს, გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ დასავლეთის ცივილიზაციისთვის დამხასიათებელი ფასეულობები მარტივად გადავიდოდა ავტოკრატიულ ქვეყნებშიო“. ბოლო წლებში თუ ვინმემ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული განცხადება გააკეთა, სწორედ ესაა და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

გამყრელიძე ფიქრობს, რომ საქართველოსაც მართებს გარკვეული რეაგირება, თუმცა წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანას „დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს“:

„ეს მკაფიოდ გამოჩნდა ბოლო წლებში, ხოლო როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენს „ნაჭუჭში“ ჩავიკეტეთ. ასეთი პოლიტიკა სიკეთეს არც ერთ შემთხვევაში არ მოიტანს, ძალიან ჩამოვრჩებით მოვლენებს. ბალტიისპირების ქვეყნები და პოლონეთი ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. ასეთ დროს რომ გაატარებ ასეთ განცხადებას, არ შეიძლება, მით უფრო, რომ ჩინეთთან არანაირი განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა არ გვაქვს. ჩინეთთან არ გაგვიფუჭდებოდა ურთიერთობა, გადასარევად მიიღებდა ამას“.

ჩინეთის რეაქცია

დიპლომატიური სკანდალის შედეგად ჩინეთი გაემიჯნა საფრანგეთში მისი ელჩის - ლუ შაიეს განცხადებებს ყოფილი სსრკ რესპულიკების სუვერენიტეტისა და ყირიმის სტატუსის თაობაზე.

"პეკინის ოფიციალური პოზიცია 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით უცვლელია" - განაცხადეს დღეს ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში და იქვე დასძინეს, რომ "ჩინეთი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და სტატუსს".

Bloomberg-ის ცნობით, ელჩის სკანდალური სატელევიზიო განცხადებები მესენჯერ WeChat-ში საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს ოფიციალური გვერდიდან წაიშალა, ჩინეთის საგარეო უწყებამ კი გადაწყვიტა, ლუ შაიეს მიერ ნათქვამი სიტყვები თავის ვებ-გვერდზე არ გამოექვეყნებინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები