Accentnews.ge
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

10/04/2023 13:00:33 საზოგადოება

პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაში – „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, "ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ,

  • საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება – 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
  • 0-5 წლ. ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის – 20%, – არა უმეტეს 1 000 ლარისა;
  • აგრეთვე საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30%, – არა უმეტეს 1 500 ლარისა.
  • იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში არსებული ფრანჩიზა 500 და 1000 ლარი“.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოადგენს და მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

  • ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას არ გადაიხდიან, პენსიონერის შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უმეტეს 500 ლარით, 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში არა უმეტეს 1000 ლარით, ხოლო იმ პირებისთვის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3500 ლარზე ნაკლებია, არა უმეტეს 1500 ლარით განისაზღვრა.

მინისტრის განცხადებით, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მაქსიმუმ იმ თანხის გადახდა მოუწევს, რაც განისაზღვრა.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დადგენილებაში ცვლილებები შევიტანეთ, რაც გვაჩვენა განვლილმა 5 თვიანმა პერიოდმა. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი. ანუ, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც 0% იყო თანაგადახდა და ეს ასე დარჩა. პენსიონერის შემთხვევაში 10%, არა უმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი. 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში 20%, არა უმეტეს 1000 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენის შემთხვევაში, ვისი შემოსავალიც არის ყოველთვიურად 3500 ლარზე ნაკლები 30%, არა უმეტეს 1500 ლარი იქნება.

ასევე სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რაც კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის. ასევე კლინიკებს შორის DRG-ის დაგენერირებული თანხების გადანაწილება. მაგალითად, თუ ერთ კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი, ამ კლინიკამ დაასტაბილურა და შემდეგ რადგანაც სრული სერვისი არ აქვს, სხვა კლინიკაში გადამისამართება მოუწია, 10/90-ის პრინციპით მოხდება დაანგარიშებული თანხის გაყოფა," - განაცხადა აზარაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S