
რა ფასად უჯდება საქართველოს „ოცნების“ მმართველობა
06/04/2023 11:29:18 ანალიზი
საჭიროების მიხედვით ნარატივების ცვლა რუსული სადეზინფორმაციო პროპაგანდის ცნობილი მახასიათებელია. ამასთან, პროპაგანდისტები არც მორიგეობით ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის გზავნილების გამოყენებას თაკილობენ. იგივეს ვადევნებთ, სამწუხაროდ, თვალს საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცებისა“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“, მათ კვალდაკვალ კი სახელისუფლებო მედიისა და „ოცნებასთან“ აფილირებული ტროლ-ბოტების არმიის მესიჯბოქსშიც. ასე, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ისინი ცდილობდნენ, შთაეგონებინათ მოსახლეობისთვის, თითქოს ევროკავშირი მისი წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად საქართველოს „მიუღებელ“ პირობებს უყენებდა და აცხადებდნენ, „ასეთ შემთხვევაში ეგ სტატუსი არ გვჭირდება - თავისთვის დაიტოვონო“, ახლა კი ირწმუნებიან, რომ სტატუსი ძალიანაც სჭირდებათ და „ყველაფერსაც აკეთებენ მის მისაღებად“, მაგრამ ხელს უშლით ბოროტი დესტრუქციული ძალა - „რადიკალური“ ოპოზიცია, რომელიც, „არ სურს რა, ქვეყანამ ეს სტატუსი “ოცნების“ მმართველობის დროს მიიღოს, ყოველმხრივ ცდილობს, ქვეყანას ეს პერსპექტივა ჩაუკლას“.
თუმცა რასაც არ უნდა გვაჯერებდეს სახელისუფლებო პროპაგანდა, ფაქტი ისაა, რომ ქვეყანას სტატუსის მისაღებად შესასრულებელი აქვს ევროკომისიის 12 კონკრეტული რეკომენდაცია, თანაც არა ფორმალურად - როგორც დღეს ხდება, არამედ რეალურად და მართალია, ამ საქმეში თავისი წვლილი ოპოზიციასაც აქვს შესატანი, მაგრამ პასუხისმგებლობის ლომის წილიცა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებაც სწორედ ხელისუფლებაზეა.
რას ითხოვს საქართველოსგან ევროკავშირი
„ქართული ოცნებისა“ და მასთან აფილირებული ძალების სადეზინფორმაციო პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირი არასოდეს არაფერს ითხოვდა და ითხოვს საქართველოსგან ისეთს, რაც ქვეყანასა და მის მოსახლეობას რაიმე კუთხით მაინც დააზიანებდა, მათ შორის „წაართმევდა იდენტობას“ ან „შეულახავდა ღირსებას“. მსგავსი არაფერია არც ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში, რომელთაც მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ:
- აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია. ყველა პარტიამ ამ საკითხზე იმუშავოს "19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით";
- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა იმუშავოს გამართულად, გაიზარდოს მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა. ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით;
- ხელისუფლებამ მიიღოს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა და დაიწყოს მისი განხორციელება, "უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა". ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშავონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ;
- გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანად იქნას გამოძიებული ელიტური კორუფციის შემთხვევები. გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურები. უზრუნველყოფილი იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
- შესრულდეს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება, აღმოიფხვრას პირადი ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე;
- გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად იქნას გამოძიებული სამართალდარღვევები. სამართალდამცავი ორგანოები გახდნენ ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე;
- შეიქმნას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. "სამართალწარმოებამ მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხოს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს". ხელისუფლებამ ეფექტიანად და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები;
- სასწრაფოდ იქნას უზრუნველყოფილი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცულობა. ეფექტიანად გასამართლდნენ მათზე მოძალადეებიცა და ამ ძალადობის დამკვეთებიც;
- "გაერთიანდეს ძალისხმევა" გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
- უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში "ყველა დონეზე";
- მიღებულ იქნას კანონი, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, "პროაქტიურად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები";
- ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი ადამიანი. მისი დანიშნვა იყოს გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი.
რა შედეგს მოუტანდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება
პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, კანდიდატის სტატუსი არის ბიძგი ქვეყნის მნიშვნელოვანი სექტორალური განვითარებისკენ.
პოლიტიკური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს არა მარტო პარტნიორად განიხილავს, არამედ უკვე „კლუბის წევრად“ და ევროპული ერთობის წევრობის რეალურ კანდიდატად;
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არაა, რუსეთის აგრესიისა და მასთან დაკავშირებით ბოლო დროს შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, განიხილება შესაძლებლობა, ევროკავშირმა უსაფრთხოების მიმართულებითაც უფრო მეტი გააკეთოს რისკ-ზონაში მყოფი ქვეყნების - მოლდოვისა და საქრათველოსთვის.
რაც შეეხება ქვეყნის ყოველხრივ სექტორალურ განვითარებას, სტატუსის მონიჭების შემთხვევაში მოლაპარაკებები ერთდროულად 11 მიმართულებით გაიხსნება და დახმარების პაკეტები ორიენტირებული იქნება იმ რეფორმებზე, რომელთა შედეგებს ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს.
საუბარია, კერძოდ, რეფორმებზე ორიენტირებული იმ ახალი მასშტაბური პროგრამების დაწყებაზე, რომელიც დაეხმარება საქართველოს, სექტორალურად ყველა დარგში (სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ა.შ.) ევროკავშირის ქვეყნებს გაუთანაბრდეს და ამ გზით ყოველმხრივ მოემზადოს ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის.
რატომაა „ქართული ოცნება“ ერთადერთი, ვისაც ევრორეკომენდაციების შესრულება არ აწყობს
არის ამ ყველაფერში რაიმე ისეთი, რაც დააზიანებდა საქართველოს ან მის მოსახლეობას? პირიქით! - ეს ყველაფერი მხოლოდ გააძლიერებს ქვეყანას, მისი მოსახლეობის უფლებების დაცულობას, შექმნის გაცილებით უსაფრთხო და ნათელი მომავლის პერსპექტივებს. პრობლემა კი მხოლოდ ერთშია: 12 რეკომენდაციის შესრულება პირდაპირ საფრთხეს უქმნის იმ ფაქტობრივად სრულ ძალაუფლებას, რომელიც სადღეისოდ საქართველოში მმართველ ძალას - „ქართულ ოცნებასა“ და მის უკან მდგომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც „ოცნება“ ათასგვარი ხრიკით, სადეზინფორმაციო პროპაგანდით, გაუთავებელი ანტიდასავლური რიტორიკით, „აგენტების შესახებ“ კანონების შემოგდებით, წამყვანი მნიშვნელობის სფეროებში (სასამართლო, საარჩევნო სისტემა და სხვა) ესოდენ აუცილებელი რეფორმების ჩაჩეხვით, ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიასთან ბრძოლით, მოძალადეთა და მართული მოსამართლეების წახალისებითა და ა.შ. ხსენებული რეკომენდაციების შესრულებას უწევს.
სწორედ ამის გამო დაისაჯა საქართველო, რეალურად, შარშან, როცა მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო: ევროკომისია მაშინაც მზად იყო, ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია გაეცა, მით უფრო - იმის გათვალისწინებით, რომ სექტორალური შეფასების კონტექსტში საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებდა. მაგრამ „ოცნებამ“ თავისი საზიანო ქმედებებით, მსგავსი სულისკვეთებითა და რიტორიკით მიაღწია იმას, რომ დასავლელ პარტნიორებს სტატუსის მონიჭება გადააფიქრებინა.
ხსენებული სექტორალური მიღწევები, რომლითაც „ოცნება“ ამ ყველაფრის ფონზე თავს იწონებს, რეალურად, წლებისა და მეტიც, ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია. ხელისუფების ამჟამინდელი პოლიტიკური რიტორიკა კი იმდენად საზიანოა, რომ იმ წლების განმავლობაში გაკეთებულსაც ასამარებს.
„ოცნება“ თავისი დამაზიანებელი პოლიტიკისა და მისი სავალალო შედეგების გადასაფარად კვლავ სადეზინფორმაციო პროპაგანდას მიმართავს: აქაოდა, ევროკავშირმა სტატუსის არმონიჭებით „რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაგვსაჯაო“. მაგრამ ფაქტი ერთია: ერთადერთი, ვინც რეალურადაა დაინტერესებული ევრორეკომენდაციების არშესრულებაში, სწორედ ხელისუფლებაა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შენიღბავს - ვერც საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის (80%-ზე მეტის) თვალში, რომლის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის რეალიზება ქვეყნის კონსტიტუციაში ხელისუფლების ვალდებულებადაა ჩაწერილი (78-ე მუხლი), ვერც ევროკავშირის თვალში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „გამადიდებელი შუშით“ აკვირდება და მშვენივრად უწყის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.
როგორ აძლევს ხელს „ოცნების“ პოლიტიკა რუსეთს
„ქართული ოცნების“ დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ევროკავშირთან დაახლოების ეს შანსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სრულიად მოულოდნელად, მხოლოდ უკრაინის ომის წყალობით გაუჩნდა, დროებითია და თუ მას ახლა არ გამოვიყენებთ, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა თუ სამუდამოდ არა, მრავალი ათწლეულით მაინც შეიძლება, დაიხუროს.
ახლა, როცა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა შეუძლებელსაც კი უნდა აკეთებდეს, რათა ქვეყანამ ხსენებული უნიკალური შანსი გამოიყენოს. „ოცნება“ მზადაა, საქართველოს ეს ნანატრი პერსპექტივა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწიროს, ჩვენი ქვეყანა რკინის ფარდის ბნელ მხარეს, დასავლელი პარტნიორებისგან იზოლირებული და შესაბამისად, სრულიად დაუცველი დატოვოს რუსეთის პირისპირ, რაც ჩრდილოელ ოკუპანტ მეზობელს ფაქტობრივად, ყველა წინაღობას მოუხსნის საქართველოს ახლა უკვე სრულად შთანთქმის გზაზე.
რა გასაკვირია, რომ ბოლო დროს მოსკოვიდან „ოცნების“ პოლიტიკის საქებარი განცხადებები ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ისმის?! შეუძლებელია იმის ვერშემჩნევაც, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ანტიდასავლური რიტორიკა უკვე სიტყვა-სიტყვით ემთხვევა მოსკოვისას.
ევროპას საქართველოს გაწირვა არ სურს, მაგრამ...
ყოველივე ზემოთთქმულის მიუხედავად, ევროპელ პარტნიორებს საქართველოს გაწირვა და რუსეთის ლუკმად ქცევა არ სურთ. რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ემხრობა.
„ევროკომისია განახლებულ შუალედურ მოხსენებას - მაისში, საბოლო გადაწყვეტილებას კი ოქტომბერში გამოაცხადებს. ასე, რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის", - წერდა 3 აპრილს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, „ფორმულას“ ეთერში მან განმარტა, რომ ქვეყანამ საშინაო დავალებას უნდა გაართვას თავი და რომ ბრიუსელის მოთხოვნები არ გაქრება: „ამჟამად ევროკავშირს სურს, გაგზავნოს პოლიტიკური სიგნალი, რომ შეგიძლიათ, გახდეთ ევროკავშირის წევრი, რაც, რა თქმა უნდა, სიმბოლურია და დაკავშირებულია საერთაშორისო კონტექსტთან. მაგრამ აუცილებლად დაისმება კითხვები დეოლიგარქიზაციაზე, ჩასატარებელ რეფორმებზე, უპირველესად - სასამართლოს მიმრთულებით, ასევე პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე. საქართველომ შეიძლება, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს სამი საკითხი უნდა გადაიჭრას, თუ გსურთ, გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს თემები არასოდეს გაქრება, ყველა აქცევს ამას ყურადღებას“.
იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ამასწინანდელ ვიზიტსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რაც იმის მტკიცებულებად შეაფასა, რომ „ევროპას საქართველო არ ავიწყდება და მისთვის ზურგის ქცევა არ სურს“:
„ეს აჩვენებს, რომ საქართველო არავის ავიწყდება, ევროკავშირის პოლიტიკოსები გაკვირდებიან, თვალს ადევნებენ, მათ შორის, იმას, თუ რა ხდება ქუჩებში და ყველამ იცის არსებული სიტუაციის შესახებ. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქუჩაში გამოსული ადამიანები იწვევენ ცვლილებას. [...] მთავრობაც და ხალხიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და როდესაც ევროკავშირი აკვირდება ქვეყანას, აკვირდება ორივესო“.
ამგვარად, ევროპამ მარტში ქუჩაში გასული ქართველი ხალხის ხმა შეისმინა, „ოცნების“ ხელისუფლების საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ კონტექსტს, კერძოდ, რუსულ ფაქტორსაც და დღეის მდგომარეობით, მზადაა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცეს. თუმცა ოქტომბრამდე დიდი დროა, „ოცნებას“ კიდევ ბევრი საზიანო ნაბიჯის გადადგმის მოსწრება შეუძლია და ამის არდაშვება როგორც ოპოზიციაზე, ისე ხალხზეა დამოკიდებული: ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, თუ გვსურს, ამჯერად მაინც მივიღოთ სტატუსი, საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ არ დასამარდეს და დასავლელი პარტნიორების მიერ ზურგშექცეულები, რუსეთის ლუკმად არ ვიქცეთ.
თუ ვაიძულებთ ხელისუფლებას, პარტნიორების ლანძღვა შეწყვიტოს, აუცილებელ რეფორმებსა და 12 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ნაბიჯის რეალურ გადადგმაზე მიმართოს ძალისხმევა, ევროკავშირი დღევანდელ კეთილგანწყობილ პოზიციას შეინარჩუნებსს, დარწმუნდება რა, რომ მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც ვართ მზად, ყველამ ერთად ვიმუშავოთ ევროპული მომავლისთვის.