Accentnews.ge
რატომ აშფოთებთ მოსკოვში ქართული პროტესტი და აქვს თუ არა რესურსი მუქარას

რატომ აშფოთებთ მოსკოვში ქართული პროტესტი და აქვს თუ არა რესურსი მუქარას

14/03/2023 13:10:17 ანალიზი

„აგენტების“ შესახებ არაკონსტიტუციური კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ დღეებში აქტიურად განიხილებოდა რუსეთის მოქალაქეებს შორისაც: კრემლის კრიტიკოსები მსჯელობენ, რატომ არ შეინიშნება იგივე განწყობა რუსულ საზოგადოებაში, დაიცვან საკუთარი უფლებები, ხოლო კრემლის პროპაგანდისტები (რომლებიც მანამდე ქართველების „გამოჯანმრთელებაზე“ საუბრობდნენ) და სხვადასხვა რანგის ოფიციალური, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, თუ მათივე შეფასებებით ვიმსჯელებთ, სრულმა ისტერიამ მოიცვა – ამ თემას უძღვნიან ერეტებს, წერენ სოციალურ ქსელებში, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ ვებ–ვებგვერდებზე ძირითადი პროპაგანდისტული ხაზი (რომელიც თანხვედრაში მოდის საქართველოს ხელისუფლების ნარატივთან), „მეორე ფრონტი“ და ღია მუქარაა „დაბომბვის“ თაობაზე.

„როგორც ჩანს, რუსეთში გარანტირებული ეგონათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მყარადაა თავის პოზიციებში: ეს პოზიციები რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაა და მის ქვეშ ხშირად, ბევრი ისეთი რამ შეიძლება, მოვიაზროთ, რაც რუსეთისთვის ძალიანაც ხელსაყრელია. მოსკოვში ეგონათ, რომ ასეთივეა მოსახლეობის პოზიციაც, თუმცა აღმოაჩინეს, რომ მოცემულობა განსხვავებულია, რაღაცეები ცვალებადია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ის, ვინც მათ ჰგონიათ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“,– ამგვარად ხსნის „აქცენტთან“ ჰიბრიდული ომის სპეციალისტი დავით ძიძიშვილი კრემლის პროპაგანდისტებისა და რუსი პოლიტიკოსების არაადეკვატურ რეაქციას და კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას – კრემლთან დაახლოებულ პირებს შეცდომაში შეჰყავდათ სპონსორები:

„ღიად უნდა ვთქვათ, საქართველოში დაბუდებული რუსი პროპაგანდისტები და რუსეთთან დაახლოებული პირები (რომლებიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან იღებენ ფულს), დიდი ხანია, მოსკოვში გზავნიან ანგარიშებს, თითქოს „მოსახლეობაში ქვეყნის ევროკავშირსა და NATO–ში ინტეგრაციას უფრო და უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ამერიკელები აყალბებენ, ჩვენ კი რეალურად გამოგვყავს ხალხი ქუჩაში, აქციებს ვაწყობთო“ – შეკრებენ 30 ადამიანს, ექვსი რაკურსიდან იღებენ და ამბობენ, თითქოს 3 000 კაცი ჰყავდათ აქციაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ეს პროპაგანდისტული ამბავი ჩამოიშალა – საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც ღიად თქვეს, „არა რუსულს“. მათთვის [რუსეთისთვის] არ აქვს მნიშვნელობა, რუსული კანონის აკრძალვას მოითხოვდნენ საქართველოს მოქალაქეები, თუ პირობითად, რუსული ზეთის. მათთვის ის იყო მნიშვნელოვანი, რომ რაღაცას დაერქვა „რუსული“ და ითქვა, „ეს არ გვსურს სწორედ იმიტომ, რომ რუსულია!“.

და ამ მოცემულობაში, ძიძიშვილის დაკვირვებით, ჩაითვალა, რომ საზოგადოების დაშინება „სწორი პასუხი იქნებოდა“. აქვე ჰიბრიდული ომის მკვლევარი იხსენებს იმასაც, რომ მსგავს მიდგომას რუსეთში არც თუ იშვიათად მიმართავენ: „ქართველები უნდა დავსაჯოთო“ – ამბობდნენ, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი; ვიზალიბერალიზაციის შემდეგაც იმავეს იმეორებდნენ; (მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გაოგნებული სახეებით კითხულობდნენ, „ვინ არიან ქართველები, რომ მათი პასპორტით უვიზოდ არის შესაძლებელი გადაადგილება, ხოლო ჩვენ, ამხელა „ძერჟავას“ ვიზები გვჭირდება და რიგში გვაყენებენო?!“); გავრილოვის ღამის შემდეგაც იმუქრებოდნენ, „ქართველები უნდა დავბომბოთო“.

ძიძიშვილი დარწმუნებულია, რეალურად ეს პროპაგანდისტული ხაზი საზოგადოების დაშინებას ემსახურება, რათა ერთის მხრივ, დაიკმაყოფილონ ეგო, მეორეს მხრივ, ჩაახშონ საპროტესტო განწყობა და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტს იშველიებს:

  • აშინებენ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება, რომ იყოს ამ (ხშირად, სახელისუფლებო) ნარატივის ქვეშ, „თუ ჩვენ წყნარად არ ვიქნებით, რუსები ომს დაგვიწყებენო“. რუსებიც, როგორც ამის გამამყარებელს, სთავაზობენ ხელისუფლებას, „თუ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ ევროპასა და NATO–სთან ინტეგრაციაზე უარი თქვათ, ვიტყვით, რომ დაგბომბავთ;
  • რეალურად, მსგავსი საფრთხე მინიმალურია, რადგან არანაირი სამხედრო ინდიკატორი ამაზე არ მიუთითებს: ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ყველაზე ახლო წვდომა აქვს რუსეთს, რაც კი ბრძოლისუნარიანი დანაყოფი ჰყავდათ, უკრაინის ფრონტზე გადაისროლეს;
  • ბოლო პერიოდში სარაკეტო დარტყმების რაოდენობა უკრაინის ტერიტორიაზეც შეამცირეს იმიტომ, რომ რესურსების თვალსაზრისით არც თუ კარგად აქვთ საქმე;
  • შიშები, რომ რუსეთი 2–3 რაკეტას ჩვენი მიმართულებით სასროლად ყოველთვის მოიძიებს, დიახ, მაგრამ ეს რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს – სამი რაკეტის სროლას რაღაც უნდა მოჰყვეს და როცა გაგრძელების რესურსი არ არსებობს? როგორი მხარდაჭერაცაა უკრაინის მიმართ, მასზე ნაკლები არ იქნება საქართველოსთან მიმართებით. მეორეც – ორი პარალელური ომის წარმოების შესაძლებლობა რუსეთს ახლა ნამდვილად არ აქვს და ამას ცალკე პროცესები მოჰყვება რუსეთის ფედერაციის ცალკეულ სუბიექტებში.

„ვიდრე აწყობთ, იყვირებენ, ცოტა ხანში დამშვიდდებიან და მათთვის „მეგობრები“ გავხდებით. აი, ეს ჩვენ გვსურს თუ არა, როგორც წესი, არ აინტერესებთ“,– დასძენს ძიძიშვილი.

მზაობას ვერ ხედავს ვერც გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე, ამ ისტერიას პროპაგანდის ნაწილად განიხილავს და "აქცენტთან" აღნიშნავს, რომ „რამდენი დაიმუქრებიან, ჩვენი გადაწყვეტილება შევცვალოთ, ასე არ იქნება“.

„კონკრეტული ნიშნები არ ჩანს და ვერც მზაობას ვხედავ რუსეთის მხრიდან. ზოგადად, მცირემასშტაბიანი პროვოკაცია (არაკონტაქტური დარტყმების განხორციელება) შეუძლიათ, რომ მოაწყონ, მაგრამ ფართომასშტაბიანისთვის, რესურსი არ ეყოფათ. ვერც ვხედავ, რომ ამისთვის განწყობა ჰქონდეთ და შესაძლებლობაც არ აქვთ ჯერ–ჯერობით.

ეს მუქარები, „მუშტების ქნევა“ პირველი არაა, მთავარია, შესაბამისი სამსახურები – სამხედრო დაზვერვა, უსაფრთხოება, ყურადღებით იყვნენ, რათა დაძაბულ გეოპოლიტიკურ ფონზე ქვეყნის მზადყოფნა უფრო მაღალი იყოს“.

ამ ფონზე 14 მარტს პრორუსული „ალტ–ინფოს“ წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, ევროკავშირის დროშა ჩამოეხსნათ პარლამენტის შენობასთან და დაეწვათ გზავნილებით, რომ „საქართველო არ გახდება არც ერთი ევროპული ორგანიზაციის წევრი“, რაც მყისვე აიტაცეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიარესურსებმა. ამ დემონსტრაციასთან ხელისუფლების აშკარა კავშირს ხედავს ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი, მით უფრო, რომ მმართველი გუნდი უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ აქტიურად შეუდგა ევროსკეპტიკური განწყობების თესვას და ამ კურსის ცვლილება არც 7–8 მარტის მძლავრი პროტესტის შემდეგ შეიმჩნევა: „ხელისუფლებამ მწვავე მარცხი განიცადა და სჭირდება რეაბილიტაცია. ეს რეაბილიტაცია მათ შორის, გულისხმობს, გარკვეულწილად ძალის დემონსტრირებას. სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში ხშირად ფიგურირებს მსგავსი დეზინფორმაცია, რომ თურმე საქართველოს მოსახლობა დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის პოზიცია, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი განწყობა მოახვია თავს. დღევანდელი დემონსტრაცია [ევროკავშირის დროშის დაწვა] გარკვეულწილად იმის ჩვენების მცდელობაცაა, რომ ხალხი უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა ორგანიზაციის მიმართ“.

იხილეთ ასევე: "მენტალური რევოლუცია", "გაზრდილი ინტერესი და შანსი": "ცხელი" მარტი საქართველოში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S