მელაშვილი: „კანონის შედეგები სწორედ იმ ათასობით შეჭირვებულ ბენეფიციარს შეეხება, „ქართული ოცნება“ აქცენტს რომ აკეთებს საარჩევნოდ“

07-03-2023 16:24:04 ინტერვიუ

არასამთავრობოების ბენეფიციარები ძირითადად, ყველაზე შეჭირვებული ფენის წარმომადგენლები არიან და თუ ეს „აგენტების“ შესახებ კანონი იქნა მიღებული, პროექტები ან მთლიანად გაჩერდება, ან მნიშვნელოვანწილად შემცირდება. ეს კი სწორედ იმ ათასობით ბენეფიციარს შეეხება, ყველაზე შეჭირვებულს, რომელზე აქცენტს „ქართული ოცნება“ აკეთებს საარჩევნოდ,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი მელაშვილი.

– ბატონო ირაკლი, ბოლო პერიოდში აშკარად იგრძნობოდა განწყობების ცვლილება ევროკავშირში და გაჩნდა იმედი წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე. და უცებ გაჩნდა, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანტიევროპული კანონპროექტები „აგენტების“ შესახებ, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან კონსტიტუციასთან. მმართველ გუნდს შეეძლო, ეზრუნა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ეს შიდა პოლიტიკურ სივრცეში პოზიციონირებისთვის გამოეყენებინა, თუ გავითვალისწინებთ დეკლარირებული კურსის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას. გაქვთ ლოგიკური ახსნა, რატომ ხდება ეს?

– ამ დროს უნდა შევაფასოთ, რა პოზიციონირება მიაჩნია ახლა ყველაზე მომგებიანად მმართველ გუნდს. საქმე იმაშია, რომ როგორც ვაკვირდები, „ქართული ოცნება“ აქცენტს იმ ადამიანების მხარდაჭერაზე აკეთებს, რომლებიც პირველ რიგში, სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, არიან მოწინააღმდეგეებიც, ანუ, უფრო რუსეთთან ურთიერთობის მომხრე. თუ შევხედავთ ყველა გამოკითხვას, მინიმუმ 20–25%–ია ასეთი. ანუ მმართველი გუნდი ცდილობს პოლიტიკის გატარებას, რომელიც ამ 20–25%–ს აიძულებს, ხმა მას მისცეს. დანარჩენი მხარდაჭერის მოპოვება ალბათ, ადმინისტრაციული რესურსის და იმ ამომრჩევლის ხარჯზე სურს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კატეგორიული მოწინააღმდეგეა. „ქართული ოცნება“ ამ ჯამზე აკეთებს აქცენტს და ფიქრობს, რომ ეს ხმები ეყოფა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუ ამ კუთხით შევხედავთ, რამდენადაა კარგი ქვეყნისთვის, ეს ერთია, მაგრამ ძალიან წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ნაბიჯები არაა ალოგიკური. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს „ოცნება“ იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელთა შესახებაც არაფერი გვსმენია, ვიდრე პარლამენტარები გახდებოდნენ. ანუ ისინი პოლიტიკაში მოიყვანეს არა იმისთვის, რომ რაღაც იდეალები, ღირებულებები ჰქონდათ, არამედ იყვნენ კარგი შემსრულებლები. ესენი არიან პრაგმატიკოსი კარიერისტები, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ. ამიტომ, ვფიქრობ, მათთან ღირებულებებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. გსმენიათ რამე მაგალითად, პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ვიდრე ის „ქართულ ოცნებაში“ მოვიდოდა? ან მათიკაშვილის? ან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის? ყოველ შემთხვევაში, მე არა. ანუ, მათი მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამისთვის სამწუხაროდ, ამ მეთოდს იყენებენ. ელექტორალურად ისინი აქცენტს აკეთებენ ხალხზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან არა იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით თავად შექმნან რაღაც, არამედ იმაზე, რომ მათ სახელმწიფო დაეხმაროს.

ქვეყნის ევროპულ არჩევანს რომ შევეშვათ, ეს კანონპროექტი ცუდია იმიტომაც, რომ პრობლემებს შეუქმნის ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების დახმარების გარეშე ცდილობენ თავიანთი და სხვისი ცხოვრების უზრუნველყოფას: თავად არიან აქტიურები, თავად ფლობენ ცოდნას, ინფორმაციას, პროექტულ აზროვნებას, ცდილობენ თანხების მოზიდვას, პრობლემების გადაჭრას. სამაგიეროდ, „ოცნების“ შიდა პოლიტიკა მიმართულია, იმ ადამიანების გული მოგებაზე, რომლებიც მუდმივად სახელმწიფოს შეჰყურებენ (რადგან მუდმივად ხელისუფლებაზე იქნებიან დამოკიდებულები და ადვილად მოწყვლადები) და დაბოღმილნი არიან მათზე, თავიანთი ხელით რომ ცდილობენ საკუთარი მომავლის შექმნას. ეს ძალიან ცუდი პოლიტიკაა, რადგან უპირველესად, შემოქმედ ადამიანებს აიძულებს ქვეყნიდან წასვლას. გვაქვს კიდეც გადინება ყველაზე აქტიური მოქალაქეების და კიდევ უფრო გაიზრდება. ადამიანებს არ ექნებათ არანაირი სურვილი, იმუშაონ ორგანიზაციებში, რომლებსაც „აგენტის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. ცხადია, ეს ადამიანები ეცდებიან, სხვაგვარად უზრუნველყონ თავიანთი ცხოვრება. „ოცნებაში“ კი ვიღაც ფიქრობს, რომ ეს აწყობს, რადგან დარჩებიან მხოლოდ მისი ხელის შემყურე მოქალაქეები. თუმცა აქ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც „ოცნება“ ვერ ხვდება: საბჭოთა კავშირი აკეთებდა ასეთ ადამიანებზე აქცენტს, მაგრამ ამის რესურსები საქართველოს არ აქვს. თუ ადამიანები გაყარე, რომლებიც თავსაც ეხმარებიან, საზოგადოებასაც და სახელმწიფოში რაღაც დოვლათს ქმნიან, რის ხარჯზე გექნება შემოსავალი? სამწუხაროდ, ასეთი სახელმწიფო მუდმივი სიღარიბისთვის იქნება განწირული!

– ადამიანურად ეს ამორალურად ჟღერს, მაგრამ როდესაც მსგავს პოლიტიკაზე აკეთებ აქცენტს, შენს პრაგმატულ ინტერესში შედის სოციალური სიდუხჭირე, პირობითად, 300 ლარზე რომ გყავდეს მოქალაქე მობმული, რადგან ეს უზრუნველყოფს საარჩევნო ხმებს. ამაში არის ლოგიკა...

– დიახ და ოპოზიცია შეცდომას სწორედ იმაში უშვებს, რომ ის ლოგიკას ვერ ხედავს. ამათ [მმართველ გუნდს – რედ.] არც დასავლეთი აინტერესებთ, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი და სამხრეთი, აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნება. ვფიქრობ, ოპოზიციის ტაქტიკა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ხელისუფლებას დავანახოთ – ეს არა გამარჯვების, მარცხის ფორმულაა! ამ მიმართულებით არავინ მუშაობს. ოპოზიციის თითქმის ყველა „მესიჯი“ იმ ელექტორატისადმია, რომელიც ისედაც ოპოზიციურადაა განწყობილი: ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატს იყოფს მთელი ოპოზიცია მაშინ, როდესაც სამუშაოა ნეიტრალურ ელექტორატზე და მათზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას, მაგრამ არ არიან „ჩაცემენტებული“ [ენმ–ის წინააღმდეგ აძლევს ოცნებას ხმას – რედ.]. ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ ნახევარი ელექტორატისა არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ მომხრე არაა, მაგრამ სინამდვილეში მათთან არავინ მუშაობს არც გზავნილებით, არც ქმედებებით. შერჩეული ბრძოლის მეთოდიკა ამ ელექტორატს კიდევ უფრო აშორებს არჩევნებს. ვერ ხვდებიან, რომ შესაცვლელია ოპოზიციის რიტორიკა. ეს კი „ქართული ოცნების“ გამარჯვების მთავარი ფორმულაა. აი, ამ კანონპროექტზე დავის კონტექსტშიც გამოვარდა ლოზუნგი, რომ რუსულია, მაგრამ მოქალაქეებს არავინ აუხსნა, რატომაა რუსული. სოციალურ ქსელებშიც მკაფიო უკმაყოფილება იგრძნობოდა, „განმარტეთ, რატომაა ცუდიო“. ეს ადამიანები, რომელთაც სურთ, გაიგონ, რატომაა კანონპროექტი ცუდი, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს, გაირიყნენ ველიდან – ამას ოპოზიციის მხრიდან მინიმალური დრო ეთმობა. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რაც უკვე მრავალი წელია, აძლიერებს „ქართულ ოცნებას“.

– 6 მარტს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ანგენტების“ კანონი მაგალითად, შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებს არ შეეხებათო. ეს აშკარად დისკრიმინაციულია, მაგრამ იყო მოლოდინი და როგორც ჩანს, ამ გამიჯვნის მიმართულებით წავლენ...

– ხომ ამბობენ, რომ ეს „კარგი კანონიაო“, „აგერ სოციალური აგენტები გვყავსო“, „საპატიო სტატუსიაო“ და თუ საპატიო სტატუსია, მათ რატომ არ შეეხებათ?

– ერთის მხრივ დიახ, მეორეს მხრივ – როგორც ჩანს, წავლენ იმ მიმართულებით, რომ არ შეეხებიან გარკვეულ სეგმენტს, მაგალითად, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, მთავარია, ეს ორგანიზაციები არ შეეხონ სახელმწიფო უწყებებს, მაგალითად, არ ისაუბრონ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე...ანუ, შეეცდებიან, პოლიტიკური სივრციდან გაიყვანონ აქტიური მოქალაქეები...

– მოდით, ასე ვთქვათ, რომ თუ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ეს კანონი აბსურდის თეატრია: ლობისტურ საქმიანობას მთელს მსოფლიოში ეწევიან ორგანიზაციები, რომლებიც მოგებაზე მუშაობენ. დავუშვათ, შევქმენი შპს და დავიწყე ანტისახელმწიფოებრივი პლაკატების ბეჭდვა, ეს კანონი არ შემეხება; საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე დიდი „ხვრელია“ მსოფლიოში „შავი ფულის“ ტრიალის თვალსაზრისით (ეს არაა ჩემი შეფასება, გაეცანით კვლევებს), არ ეხებათ. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ „ქართუ ფონდსაც“ შეეხება. ამდენად, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მიმართულია ვიწრო ჯგუფისადმი, რომელიც მათ ნერვებს უშლის. ხშირად ვიგებთ, რომ მაგალითად, პარლამენტში ჟურნალისტების გადაადგილება შეზღუდეს და გამართლება აქვთ „გენიალური“, „დისკომფორტს გვიქმნიანო“. ანუ, პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი კომფორტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ დისკომფორტი შეუქმნეს NGO–ებმა და გადაწყვიტეს, მათ ამ გზით მიხედონ. ვერ ხვდებიან ერთ რამეს: გადავხედოთ რა მოხდა რუსეთში, უნგრეთში, სადაც მსგავსი ტიპის კანონები მიიღეს – ათასობით ორგანიზაცია გავიდა, მათ შორის, დონორი ორგანიზაციები, რომლებმაც შეურაცხმყოფელად ჩათვალეს მსგავსი სტატუსი. საქართველო არ არის რუსეთი და ამას არ ვამბობ იმ კონტექსტში, რომ ჩვენ მათზე მაგრები ვართ. როდესაც რუსეთში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, რამდენიმე ათასეული არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა იქ და საქართველოში, მასზე 30–ჯერ მცირე ზომის ქვეყანაშია დღეს ამდენივე ორგანიზაცია. საქართველოში არის მთელი რიგი სფეროებისა, რომლებსაც სახელმწიფო არ ეხებოდა და არასამთავრობოების ბენეფიციარები ძირითადად, ყველაზე შეჭირვებული ფენის წარმომადგენლები არიან. თუ ეს კანონი იქნა მიღებული, ჩემი აზრით, პროექტები ან მთლიანად გაჩერდება, ან ძალიან მნიშვნელოვანწილად შემცირდება. ეს კი ათასობით სწორედ იმ ბენეფიციარს შეეხება, ყველაზე შეჭირვებულს, რომელზედაც აქცენტს „ქართული ოცნება“ აკეთებს საარჩევნოდ. ერთიც, რუსეთს და უნგრეთს ბევრად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდათ, ჩაენაცვლებინათ ეს დონორი ორგანიზაციები და ამ ორგანიზაციების რესურსები, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას აქვს – საქართველოს ეკონომიკური დახმარება რომ შეუწყდეს ან შეუმცირდეს (ვფიქრობ, რომ ეს დიდწილად ასეც მოხდება), ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება. ამიტომ, თუ მთლად არ არიან ჭკუიდან გადასულები, ეს კანონი, ყოველ შემთხვევაში, ამ სახით არ უნდა მიიღონ! ეს საზოგადოებას ძალიან კარგად უნდა ავუხსნათ, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც დაბოღმილია. მაგალითად, ჯონდი ბაღათურია გუშინ ეუბნებოდა, „თქვენი ხელფასები თქვითო“ [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – რედ.]. ძალიან მდაბალი ქცევაა, როდესაც გაჭირვებულ ადამიანს მიუთითებ, „იმას მეტი ხელფასი აქვსო“. რა, ამ ადამიანის გაჭირვების მიზეზი ისაა, რომ კონკრეტულ ადამიანს არასამთავრობო ორგანიზაციაში მეტი ხელფასი აქვს? მდაბალი საქციელია, მაგრამ ამ სიმდაბლეზე მუშაობენ!

– აქცენტი ემოციებზე და სახელმწიფოს როლის გამორიცხვა, მათ შორის, იმაში, რომ ადამიანს დაბალი ხელფასი აქვს...

– დიახ. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ იმ პროექტებს შეექმნებათ საფრთხე, რომელთა წყალობითაც მცირედით მაინც უმჯობესდება მათი მდგომარეობა, ვფიქრობ, მაშინ იქნება შანსი, ხელისუფლებას შევაცვლევინოთ გადაწყვეტილება. სწორედ ეს უნდა დავანახოთ ადამიანებს პირველ რიგში და ამაზე უნდა იყოს აქცენტი: რა პროექტების გაჩერების საშიშროებაა და რამდენი ადამიანს შეეხება ეს ყველაფერი.

– ეს არის წყალგამყოფი?

– ეს სერიოზული წყალგამყოფია, პირველ რიგში იმ კუთხით, თუ რა სახელმწიფოს ვაშენებთ! რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უშლის მათ, ვინც ქმნის და აქცენტს აკეთებს საქმის მკეთებელ ადამიანზე გაბრაზებულზე, რომელსაც უსაქმურობა ურჩევნია. ჩვენ ამ ცვლილებებით ამგვარ სახელმწიფოს ვქმნით და ეს ამის დამადასტურებელია.

– ყველაზე მდარე ადამიანურ გრძნობებზე აქცენტირება...

– დიახ.

– და საით მიდის ეს გზა?

– ხელისუფლებაში არ გვყავს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რას მივიღებთ 10 წლის შემდეგ ქვეყანაში. მათ მარტივი ამოცანა დაისახეს– მოიგონ 2024 წლის არჩევნები. ამ კუთხით რაიმე სტრატეგიული ხედვა არ აქვთ „თუ ასე არ იქნა სწორი, მთავარია, არჩევნები მოვიგოთ და შემდეგ ამ პოლიტიკას შევცვლითო“, ამასაც ფიქრობენ. ანუ უკიდურესად პრაგმატულები არიან ამ კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარ გათვლაში ეშლებათ: ყველა ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, ქვეყანაში გაჭირვებას აკონსერვებს და ეს ადრე თუ გვიან მათთვის მაინც ძალიან ცუდად დასრულდება. არ არსებობს მსოფლიოში ნორმალური მთავრობა, რომელიც დაპირისპირების გაზრდაზე მუშაობს, რადგან ადრე თუ გვიან ეს თავად მთავრობას ანგრევს. ეს დაემართა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს დაემართება ამასაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები