
პუტინი უახლოეს დღეებში შესაძლოა, ბელარუსთან, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" გაერთიანების გამოსაცხადებლად ემზადებოდეს
16/02/2023 08:00:59 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, შეხვდება ბელარუს ავტორიტარ მმართველ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს.
აფხაზი ლიდერი მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა. მის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები "რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", თუმცა თავად პუტინთან შესაძლო შეხვედრა არ უხსენებიათ.
ოსური ტელეგრამ-არხი БОНВ[Ӕ]РНОН იუწყება, რომ ალან გაგლოევი მოსკოვში პუტინს 22 თებერვალს შეხვდება.
თავად კრემლმა კი ჯერ მხოლოდ პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრა დააანონსა. პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იგი სავარაუდოდ, 17 თებერვალს ჩატარდება.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების ტელეგრამ-არხი წერს: "მოსკოვში ჩამოსასვლელად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ემზადება. დეტალებს ჯერ ნუ ელით. ველით ოფიციალურ ინფორმაციას".
ამასთან, საგარეო უწყების ტელეგრამ-არხი აქვეყნებს რუსი დეპუტატის - პარტია "სამართლიანი რუსეთის - სიმართლისთვის" წევრი დიმიტრი კუზნეცოვის შემდეგ სიტყვებს:
"ვიმედოვნებ, სულ მალე რუსეთ-ბელარუსის ისტორიული გაერთიანების საკითხი გადაწყდება. ვფიქრობ, 21 თებერვალს სწორედ ეს მოხდება. ამას უკვე 25 წელია, ველით და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მოხდეს? არის კიდევ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შესაძლოა, სულაც სსრკ 2.0 ვიხილოთ! ვლადიმირ ვლადიმირის ძე გენიალურად ატრიალებს საჭადრაკო დაფას. ვნახოთ, ვნახოთ".
ამ ვარაუდით სტატიას აქვეყნებს ასევე გამოცემა URA.RU. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ:
"მოსკოვშია დაგეგმილია ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევის შეხვედრები ვლადიმირ პუტინთან. პოლიტიკური ანალიტიკოსები ამის უკან ამ სახელმწიფოების ერთ კავშირში გაერთიანების, ან რუსეთის ფედერაციასთან მიერთების გადაწყვეტილებას ხედავენ. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის - ახალი სსრკ-ის ჩამოყალიბების, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების და ამის პარალელურად რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს ფორმირების. გაერთიანების ეს პროცესები დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარეობს".
ცნობისთვის: უკრაინასთან ომის წლისთავამდე ორიოდ დღით ადრე, 21 თებერვალს პუტინი ფედერალური საბჭოსადმი მიმართვისთვის ემზადება. ცოტა ხნით ადრე მან დონბასში ახალი შეტევა წამოიწყო ომის წლისთავისთვის ამ ოლქის მთელს ადმინისტრაციულ საზღვრებში ასაღებად და ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ამ მიზნით უკრაინისკენ ამჯერად მთელი ამჟამინდელი სამხედრო ძალის 97% გადაისროლა, თუმცა მიზანს ჯერ-ჯერობით კვლავაც ვერ აღწევს. არადა, წლისთავისთვის მას წყალივით სჭირდება რაიმე მაინც ხალხისთვის "გამარჯვებად" მისასაღებლად. რუს ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ უკრაინულ ფრონტზე წარუმატებლობის პირობებში ასეთად სწორედ ბელარუსთან, სოხუმსა და ცხინვალთან გაერთიანება შეიძლება, გამოდგეს.
თბილისს "არ სცალია"
თბილისში ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ სრული დუმილია, "არ იმჩნევენ" და "ვერ იცლიან": სახელისუფლებო და მათთან აფილირებული ძალები ხომ "ბევრად მნიშვნელოვანი" საქმით - ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდით არიან დაკავებულები, რომელიც მხოლოდ ერთ მოთამაშეს - ქვეყნის მტერ რუსეთს აძლევს ხელს.
ბოლო პერიოდში საქართველოში, მათ შორის, ვრცელდება სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს მოსკოვისადმი "ოცნების" ლოიალურობის სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებულ ტერტიორიები დაუბრუნოს.
არადა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ექს-პრემიერსა და ექს-პრეზიდენტს, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევს საჯაროდ აქვთ გაცხადებული, რომ "საქართველო ხელოვნური სახელმწიფოა, რომელიც დიდი რუსეთის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს და მხოლოდ იქ შეძლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანებას".
რას ფიქრობენ რუსეთთან გაერთიანების პერსპექტივაზე აფხაზეთში
აი, აფხაზეთში კი რუსეთის საგარეო უწყებისა და პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულმა ხსენებულმა ცნობებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია.
მართალია, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, რომელიც მალე მოსკოვში ვიზიტს თავადაც გეგმავს, 16 თებერვალს სცადა აღელვებული აფხაზური საზოგადოების დარწმუნება, რომ რეალურად, ასლან ბჟანია ამჟამინდელი ვიზიტის დროს მსგავსს არაფერს აპირებს, მაგრამ სოხუმში ბჟანიას მხრიდან ხალხის ზურგსუკან რუსეთის ხელისუფლებასთან გაფორმებული უკვე არაერთი დოკუმენტი ახსოვთ, ითვალისწინებენ დე ფაქტო ხელისუფლების დახშულობასაც და შიშობენ, რომ შეიძლება, ახალი საბედისწერო გადაწყვეტილებების შესახებ კვლავ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ, ისიც რაღაც შენიღბული ფორმით შეიტყონ. მით უფრო, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ბჟანიას საჯაროდ აქვს ნათქვამი, "მოგვიწევს, სუვერენიტეტი რუსეთს ვუწილადოთო".
სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ დრომდე დიდი აჟიოტაჟია. აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ექსპერტებიც.
ასე, მაგალითად, ცნობილი იურისი ირაკლი ბჟინავა Facebook-ში წერს:
"ამ დრომდე კარში ვდგავართ [მეკარედ - რედ.], მაგრამ მუდმივად ასე ვერ ვიდგებით, დროა, გადავიდეთ აქტიურ, გადამწყვეტ, გაბედულ მოქმედებაზე. არ უნდა დავუშვათ საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა, რადან ეს ძირს მოუთხრის ჩვენს ისედაც ეფემერულ სუვერენიტეტს და დაასამარებს იმედს, ოდესმე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულები გავხდეთ".
ბლოგერი და ანალიტიკოსი თენგიზ ჯოპუა თვლის, რომ აფხაზეთის ნებისმიერ მსხვილ გაერთიანებაში შესვლა "საერთო მასაში აფხაზური ეთნოსის ჩაკარგვას" გამოიწვევს და რომ სოხუმისთვის სტრატეგიიული მიმართულება "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი" უნდა იყოს:
"ნებისმიერ მსხვილ გაერთიანებაში შესვლის შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ კონკურირებას, ამის არავითარი შანსი არ გვაქვს და კვლავ აღმოვჩნდებით უმცირესობაში, უბრალოდ შთანთქმულნი ვიქნებით მსხვილი საკავშირო სახელმწიფოს მასშტაბებში... დიახ, გარკვეულ საკითხებში ვითარება შესაძლოა, გაგვიადვილდეს, მაგრამ გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, გავქრებით. ჩვენ უკვე გვქონდა სხვა ქვეყნების შემადგენლობაში ყოფნის გამოცდილება და ამას კარგი არაფერი მოუტანია: დიახ, იყო ეკონომიკური ზრდა, ინდუსტრიალიზაცია, მაგრამ ერის განვითარებისთვის მაინც ნაკლები შესაძლებლობები იყო. მე პირადად წინააღმდეგი ვარ და ვთვლი, რომ აფხაზეთს არსად შესვლა არ სჭირდება. ჩვენ ისედაც საკმარისად მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ვერ ვხედავ აუცილებლობას, შევიდეთ მასთან საკავშირო სახელმწიფოში. ჩვენი ძირითადი ამოცანა საკუთარი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა უნდა იყოს და არა სხვის ნაწილად ქცევა. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და მის რეალიზებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა, მარტივი გზა იყოს, - ჩვენთან ხომ, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომ გვირჩევნია, პრობლემების გადაჭრა სხვას გადავაკისროთ - "მათ მოაგვარონ ყველაფერი, ჩვენ კი მათი ნაწილი ვიქნებითო"... ღრად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დამღუპველი გზაა და ჩვენს თავს თავად უნდა მივხედოთ".
ამასთან, ჯოპუას აზრით, თუ ეს საკითხი მართლაც დადგება დღის წესრიგში, ეს აფხაზეთში დიდ განხეთქილებას გამოიწვევს:
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებით აპირებენ საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მაგრამ ყველა შემთხვევაში, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, ძალიან დიდ განხეთქილებას ველი. რეალურად, ჩვენს პოლიტიკურ ელიტასაც არ აწყობს სხვა ქვეყნის ნაწილად ქცევა, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიწყება ჩანაცვლების პროცესი, პერტურბაციები, გაჩნდება დასჯის საფრთხე; ადმინისტრაციული ცენტრი გადაინაცვლებს შორს და მაღლა; ახლა, პატარა აფხაზეთში ისინი თავს მეფეებად გრძნობენ, იქ კი არარაობები იქნებიან და მეტიც, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მსგავსად, ჩვენთანაც შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, როცა ცენტრალურ მოედანზე ეშვება ვერტმფრენი და ჩამოგვდის ახალი მმართველი - მორჩა. ვფიქრობ, ამას ჩვენში ბევრი აცნობიერებს და ვინც ვერა, ისიც მალე გააცნობიერებს, ამდენად, არ ველი, რომ მსგავს გადაწყვეტილებას აფხაზეთში სიხარულით შეხვდნენ".
ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "სახალხო ერთობის ფორუმის" ლიდერი ასლან ბარციცი კი საკითხის სამართლებრივ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის შეცვლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია":
"ჩვენს კონსტიტუციაშიც და სხვა საკანონმდებლო აქტებშიც მკაფიოდაა ჩაწერილი სახელმწიფო წყობისა და სტატუსის ხელშეუხებლობა, მისი შეცვლის ნებისმიერი მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული და შესაძლოა, სწორედ ახლა წყდებოდეს აფხაზეთისთვის გარკვეული საბედისწერო საკითხები. ყველას გვესმის, რა სტადიაშია ამჟამად გლობალური მსოფლიო და ეს ტექტონური პროცესები, ბუნებრივია, ვერც აფხაზეთს აუვლის გვერდს. ჩვენი სტრატეგიული ხაზი ახლა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ არ ჩავიკარგოთ ტიტანების ბრძოლაში, შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ყველაფერი ის, რაც გაგვაჩნია და განვავითაროთ".
რის გამოსაცხადებლად ემზადება რეალურად პუტინი და შეეხება თუ არა ეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს - სულ მალე, 21-22 თებერვალს შევიტყობთ.