რუსეთის "დიადი" საომარი მიღწევები: პუტინი ნატო-ს ქვეყნებთან საზღვრების დაცულობას მრავალჯერადად ასუსტებს
14/02/2023 05:28:09 მსოფლიო
უკრაინასთან ომი აიძულებს რუსეთს, ნატო-ს ქვეყნებთან საკუთარი საზღვრები სულ უფრო დაუცველი დატოვოს. არადა, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ პუტინის მტკიცება, თითქოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ძალების მიახლოების არდაშვების აუცილებლობით იყო განპირობებული.
ნორვეგიის დაზვერვის მონაცემებით, სამეფოს საზღვრებთან მდებარე რუსული სამხედრო ბაზები უკვე 80%-ითაა დაცარიელებული.
"კოლის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული სახმელეთო ძალები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელი რაოდენობის 1/5-მდეა შემცირებული", — განაცხადა ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა ანდრეას სტენსენესმა გამოცემა "Barents Observer"-თან საუბრისას.
კერძოდ, მისი თქით, უკრაინაში იქნა გადასროლილი სამი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი დაახლოებით 3000 კაცის შემადგენლობით და მათგან სულ მცირე, ნახევარი უკვე დაღუპულია. ამასთანავე, რუსეთმა 100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა დაკარგა.
ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს, მურმანსკის ოლქის დაბა პეჩენგაში განლაგებულმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების მე-200 ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. დაზვერვის მონაცემებით, ბრიგადამ ხარკოვზე შეტევის ბრძანება მიიღო. შედეგად დაიღუპა 1400-1600-იდან სულ მცირე, 645 ჯარისკაცი.
მე-200 ბრიგადის გარდა, კოლის ნახევარკუნძულზე განლაგებულია 61-ე საზღვაო ქვეითი და მე-80 არქტიკული მოტომსროლელი ბრიგადები.
ამავდროულად, სტენსენესის თქმით, უკრაინასთან ომი პრაქტიკულად არ შეჰხებია რუსეთის სტრატეგიულ ძალებს კოლის ნახევარკუნძულზე, მათ შორის - ბირთვულ იარაღს, წყალქვეშა ნავებს, გემებს, მაღალი სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს.
მეტიც, ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდებმა, 30 წლის განმავლობაში პირველად, ზღვაში ბორტზე ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით დაიწყეს გასვლა. როგორც დაზვერვაში აღნიშნეს, მსგავსი იარაღი სერიოზულ საფრთხეს შეიძლება, წარმოადგენდეს რუსეთ-ნატო-ს პოტენციურ დაპირისპირებაში.
გასულ კვირას თავისი ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა ესტონეთის დაზვერვამაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთის შესაძლებობები, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საკუთარი საზღვრები სათანადოდ დაიცვას, მრავალი წლითაა შემცირებული. სხვებთან ერთად, დიდი დანაკარგი განიცადეს საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე დივიზიამ და მე-6 არმიის ნაწილებმა, რომლებიც "ესტონური ოპერატიული მიმართულების" დაცვაზე არიან პასუხისმგებლები. ტალინის შეფასებით, ომში დაკარგული კონტინგენტის აღსადგენად რუსეთს, სულ მცირე, 4-5 წელი დასჭირდება.
მანამდე საზღვარზე რუსული არმიის შემცირების შესახებ განაცხადა ფინეთის დაზვერვამ — ქვეყნისა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო-ში გაწევრიანება გადაწყვიტა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სადღეისოდ საზღვარზე რუსული ჯარის უწინდელი რაოდენობის მხოლოდ 25%-ია დარჩენილი. ამასთანავე, საწყობებიდან უკრაინაში შეიარაღებისა და სპეცტექნიკის დიდი რაოდენობა გადაისროლეს.


