„ძალიან სახიფათო ტენდენციები იკვეთება“: ძაბირაძე NDI–ს კვლევის შედეგებს აფასებს

02-02-2023 16:20:24 კომენტარი

არასტაბილურობის შიში და ალტერნატივის არარსებობის გამო თმენა,– ამგვარად ხსნის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 3–დან 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევაში დაფიქსირებულ, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს. კერძოდ, ერთის მხრივ, ირკვევა, რომ გამოკითხულთაგან ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს; ფიქრობს ემიგრაციაზე, სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა მთავარ გამოწვევად სახელდება; თავად მმართველი გუნდის მომხრეებიც ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გასაწევრიანებლად (რომელსაც ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს) საკმარისს არ აკეთებს, მეორეს მხრივ – 51%–მდე (10%–ით) გაიზარდა საქართველოს მთავრობის რეიტინგი და 14%–ით იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ დადებით შეფასებაში სწორედ შიშის ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ჯერჯერობით, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა. მოსახლეობაში არსებობს შიში, რომ რუსეთმა შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამასთან, მოსახლეობას აშინებს დესტაბილიზაცია: დიახ, უჭირს, ფასები კატასტროფულად გაიზარდა, სიდუხჭირეა, მაგრამ არასტაბილურობა უფრო აშინებს, წარმოდგენა, რომ ვითარება შესაძლოა, კიდევ მეტად გაუარესდეს...ჩვენ ხომ გვახსოვს, რა ხდებოდა 90–იან წლებში? არავის სურს იქ დაბრუნება“,– ამბობს „აქცენტთან“ ძაბირაძე.

ამასთან ის კვლევის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გამოკითხული მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, მათ შორის – ოპოზიციისადმი და ფიქრობს, კიდევ ერთი ფაქტორი ალტერნატივის არარსებობაა:

იხილეთ ასევე: NDI – გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ არც ერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს

„ნახეთ რამხელა კლება აქვს ენმ–ს! ახლა შესაძლოა, კიდევ მეტად იყოს შემცირებული მოწონების მაჩვენებელი [ენმ–ს თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, რასაც წინ უძღოდა მწვავე ურთიერთდაპირისპირება – რედ.] ანუ მუშაობს მმართველი გუნდის პროპაგანდა და პლუს, ადამიანები ალტერნატივას ვერ ხედავენ“,– ასკვნის ანალიტიკოსი.

ამავდროულად, ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს სიმშვიდის საფუძველი. ის მიგვითითებს მოსახლეობაში უკმაყოფილების არსებობაზე, მათ შორის, მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამას ემატება ზამთრის კრიტიკული პერიოდი და არ გამორიცხავს, სპონტანურად იფეთქოს პროტესტმა:

„როგორც კი მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ მას გარედან საფრთხე არ ემუქრება; ამასთან, ხელისუფლებას არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი; პარტნიორების მხრიდან თუნდაც სააკაშვილთან მიმართებაში ზეწოლა გაგრძელდება, ამან შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად წარმოშვას უზარმაზარი პროტესტი და ის ქუჩაში გადმოიღვაროს“.

პოლიტოლოგი სახიფათო ტენდენციებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„მმართველი გუნდი ამ ეტაპზე ახერხებს ომზე კაპიტალიზებას, თუმცა ძალიან სახიფათო ტენდენციები იკვეთება და ამას მოუვლის თუ არა, ესაა პრობლემა: რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, „ორნიშნა პროგრესი გვაქვს ეკონომიკაშიო“, ეს შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ეს პროგრესი და აქედან მიღებული დივიდენდები იმ 5%–ზე ნაწილდება, რომელიც ამავე კვლევის მიხედვით ამბობს, რომ პრობლემები არ აქვს. 95% რჩება იმავე მდგომარეობაში, რაშიც იყო, ან უარესში. და არ ჩანს, რომ ხელისუფლებას ამ პროცესის შეჩერების ან შეცვლის უნარი აქვს. ამას ემატება მშიერი, კრიტიკული ზამთრის პერიოდი (თებერვალი, მარტი, აპრილი) და არაა გამორიცხული, უკმაყოფილების ტალღა, რომელიც არსებობს, გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ კი კიდევ ერთი სახიფათო მომენტია: ოპოზიციას დღეს არ აქვს უნარი, რომ ამ პროტესტის ორგანიზება მოახდინოს. ყველაზე ცუდი სწორედ ესაა – შესაძლოა, პროტესტი ქუჩაში სპონტანურად „გადმოიღვაროს“ და მისი ორგანიზება ვერ მოხერხდეს. 2012–შიც იგივე მდგომარეობა იყო, მაგრამ მაშინ ივანიშვილმა გააერთიანა და მიმართულება მისცა პროტესტს, დღეს კი გამაერთიანებელი არავინ ჩანს. როდესაც ადამიანი იმ კონდიციამდე მივა, რომ მისთვის სულერთი გახდება, მშვიდობა იქნება თუ არა, რადგან მას დღეს ეკონომიკურად წარმოუდგენლად უჭირს, შემდეგ უმართავი პროცესი იწყება და ესაა ყველაზე დიდი საშიშროება – ეს გაანადგურებს ქვეყანას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები