Accentnews.ge
"ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას"

"ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას"

01/11/2019 04:12:56 სხვა, საზოგადოება

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გვიან საღამოს მარტვილში, თავის ყოფილ ეპარქიაში ჩავიდა.  მარტვილის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი დახვდნენ. 

როგორც ყოფილმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ეპარქიაში რჩება და მისი შემცვლელის მეუფე გრიგოლის ჩასცვლას დაელოდება:

"ჩამოვიდეს მეუფე გრიგოლი, სტუმარი ღვითისაა და მით უმეტეს, შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად".

მან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მღვდელმთავრის პოსტიდან განყენების შესახებ "უსამართლო" უწოდა:

"როდესაც სინოდი ჩაინიშნა, დღენახევრით ადრე შემატყობინეს, ანუ გუშინწინ საღამოს. მით უმეტეს თუ ჩემი საკითხი უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე, ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ? ეს იყო უსამართლობა. საქართველოს მასშტაბითაც ვერ მოახერხეს მღვდელთმთავრებმა ჩამოსვლა, დღის წესრიგი ჰქონდათ შედგენილი. სინოდის ჩანიშნვა იყო უკვე არასწორად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე, ჩანიშნვა-განჩინების ჩათვლით, არის უსამართლობა. უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ“.

ამასთან, ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, მას კათოლიკოს–პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია:

"მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი. მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით".

მისივე თქმით, სინოდის სხდომის ოქმში პატრიარქის სიტყვები შეწყალებაზე არაგულწრფელია:

"ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია, რაც უდანაშაულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა".

პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მისი თემით მეუფე იაკობის განცხადებები გადაიფარა:

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღაც სცენა. აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ეს რაღაც ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. სამარცხვინოა, ასეც შეიძლება ითქვას“. 

კითხვაზე, გაჩნდა მოსაზრება სახალხო მოძრაობის შექმნის, რომელსაც სათავეში პეტრე ცაავა ჩაუდგება, ყოფილი მიტროპოლიტი შემდეგს პასუხობს:

„ზოგადად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში ვფიქრობ, რომ აუცილებლად იშობა და აუცილებლად მოემზადება აპოკალიფსური საქართველოსთვის“.

კითხვაზე, ხომ არ იქნება თავად ამ მოძრაობის წინამძღოლი, პეტრე ცაავა შემდეგს აცხადებს:

„უფალი იესო ქრისტე იქნება ყველა ჩვენი განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღვარი და ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები ყველგან და ყველაფერში“.

ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, საჭიროა სინოდის გაფართოებული კრების მოწვევა:

„მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად და რაღაც სხვა დებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება მოწვევა გაფართოებული სხდომისა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად კრიზისული მდგომარეობაა, ერთ-ერთი გამოსავალი, ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებენ, სინოდის სხდომა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ხომ ხედავთ, როგორ. მიმაჩნია, რომ გაფართოებული კრება აუცილებელია. გაფართოებულ სხდომას ესწრებიან სასულიერო პირები, ეპარქიიდან ორ-ორი წარმომადგენელი, საერო ადამიანები და ბევრად უფრო მეტია სანდოობა და ის არის უმაღლესი ორგანო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის". 

ცნობისთვის: საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელმთავრის პოსტიდან გაათავისუფლეს. 

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მან. 

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S