
„როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება, მას ალბათ, მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს“
31/10/2019 12:26:27 სხვა, საზოგადოება
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ „როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება, მას ალბათ, მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს“.
“ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო და მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვანია და როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება, მას ალბათ მას მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს. ის, რაც მოხდა ახლა, ეს არ იყო ჩემთვის ცნობილი და საერთოდ, სინოდზე განსახილველი საკითხების ნუსხა წიასწარ არ არის ცნობილი. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი, როდესაც ასეთი უმძიმესი და ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია ჩვენი არსებული რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ორგანიზმია, ინსტიტუციაა და მასზე ჩვენი ქვეყნის სადღეისო და სამომავლო ჭრილში ბევრი რამაა დამოკიდებული”, – თქვა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, სინოდის სხდომას რომ დასწრებოდა, დაუჭერდა თუ არა მხარს მღვდელმთავრის პოსტიდან პეტრე ცაავას გადაყენებას, მეუფემ შემდეგი პასუხი გასცა: "მე საერთოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას. ყოველთვის მომხრე ვარ, რომ უფრო სიღმისეულად მოხდეს საკითხების განხილვა".
ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა.
როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.
შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.