Accentnews.ge
რიგი მღვდელმთავრები მეუფე პეტრეს განცხადებას „ცილისწამებად“ აფასებენ: „იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა სხდომიდან“

რიგი მღვდელმთავრები მეუფე პეტრეს განცხადებას „ცილისწამებად“ აფასებენ: „იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა სხდომიდან“

31/10/2019 12:05:19 სხვა, საზოგადოება

რიგი მღვდელმთავრები მეუფე პეტრეს განცხადებას, რომლის თანახმად, "ერს ჰყავს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე", „ცილისწამებად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ იგი  „ისე უხამსად მოიქცა, იძულებულები გახდნენ, სინოდის სხდომიდან ხელით გაეყვანათ“.

„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდება, ადამიანმა შეიძლება, ყველაფერი თქვას, მაგრამ, როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვაპირებდი მღვდელმთავრების წინაშე მეთხოვა, დავჩოქილიყავი მათ წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან ყველა გზა გადაჭრა“, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ  ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა.

ახალქალაქის და კუმუდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მეუფე პეტრე ცაავა იძულებით გაიყვანეს სინოდის სხდომიდან, ვინაიდან ის "უხამსად იქცეოდა".

"მეუფე პეტრემ არაერთხელ მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა წლების განმავლობაში. ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ჩვენ გვინდოდა, მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე მოიქცა წმიდა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა და მე პირდაპირ ვამბობ, ეს იყო უხამსობა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა.  უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. არ დავაზუსტებ, იმიტომ რომ სინოდის სხდომაზე მომხდარი ამბებია რომელიც ყოველთვის შიგნით უნდა დარჩეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, რომ.. მთელი სინოდი ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება არ არის მხილების ფორმა. შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს პატრიარქისთვის, ეს არ არის არც მხილების ფორმა და არც არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით, ეს აგვეხსნა. მხილება ცილისწამებისგან განსხვავდება იმით, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე იქნება დასკვნა გაკეთებული. ცილისწამებისას ჯერ ამბობ რაღაცებს და მერე ჰპირდები საზოგადოებას, რომ წარმოადგენ არგუმენტებს. ეს არ არის ღირსეული საქციელი", – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანეც მეუფე პეტრეს უხამს საქციელზე ამახვილებს ყურადღებას: 

„დაინახა, რომ ცუდად აქვს საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. რომ მივარდა პატრიარქთან, ჩადგნენ ვიღაცები, თვითონ ჰკითხეთ რას ეძახდა. მე მაგ სიტყვას ვერ გავიმეორებ“. 

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. 

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S