
მღვდელმთავრები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერენ მხარს
31/10/2019 09:27:03 სხვა, საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დროისთვის საჯაროდ უჭერენ მხარს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე:
„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესულურად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება“.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი:
„უკრაინელი ხალხის სურვილი, რომ ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, სავსებით ლეგიტიმურად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ მას აქვს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო (კონკრეტულ პოლიტიკურ საზღვრებში მოქცეული), სადაც ცხოვრობს მილიონობით მართლმადიდებელ ქრისტიანი".
ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი:
"პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო, უკრაინა არის 50 მილიონი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან. ვიმსჯელებთ, ახლა წინასწარ როგორ გითხრათ, რომ ან დადებითი წარმოჩინება მივცეთ ამ ამ საქმეს ან უარყოფითი".
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი:
"კონსტანტინოპოლის მოქმედებები უკრაინის ეკლესიაში არ არღვევს რაიმე კანონიკურ წყობას, რომელიც საუკუნეებია მოქმედებს ეკლესიაში".
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია:
"უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს".
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები:
"მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია გახდეს, რამეთუ იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერბს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს".
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი:
კითხვაზე, პირადად დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მიტროპოლიტმა შემდეგი პასუხი გასცა: "გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს".
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი:
“რატომ უნდა იყოს კიევის ეკლესიის ავტოკეფალურობა ტრაგედიის მიზეზი კეთილსინდისიერი და სამართლიანობისკენ მოწოდებული ღვთისმსახურისთვის, ეკლესიის ადმინისტრაციისთვის, მორწმუნე ერისთვის?”.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი:
"მართლმადიდებლობაში და საკუთრივ უკრაინაში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. ერს სურს მართლმადიდებლური თვითიდენტობა დაიმკვიდროს. ძნელია უკრაინელებისთვის, ჩვენთვისაც ქართველებისთვის, როცა ერთი ხელით კალაშნიკოვის ჯერით გხოცავდეს ვიმე, დამპყრობლად გევლინებოდეს და მეორე ხელით მშვიდობისა და სიყვარულის ქრისტეს ჯვარს გიწოდებდეს. უფრო რთული ის არის, ამბიონზე საზეიმოდ ამაღლებულს უსმინო როგორ უყვარხარ და მისი ღვთისმოსაობის იწამო“.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა:
"ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდ სიხარულის თანამონაწილობას".
ცნობისთვის: კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა. 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია საქართველოს საპატრიარქოს.