
მეუფე იაკობი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს
28/10/2019 17:50:29 სხვა, საზოგადოება
პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონს სთხოვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობი "მთავარ არხს" ესაუბრა.
“იკითხა, სად მაქვსო? ეტყობა, მინისტრი რომ იყო [იმიტომ მოსთხოვეს]… თუ გადაუხდიდა, მერე კიდევ მოსთხოვდნენ. კაბინეტში სთხოვდნენ 15 მილიონს… მე ჩემს სიტყვას გეტყვით - თავს მოგაჭრი მეთქი, ვუთხარი [ფარცხალაძეს]” - ამბობს სასულიერო პირი.
მისივე თქმით, შემდეგ ფარცხალაძემ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ძმები მიქაძეები ჩართო.
ყოფილ მინისტრი გელა ნიკოლაიშვილი "მთავარ არხთან" საუბარში ვერ იხსენებს მეუფე იაკობის ნაამბობის შინაარსს.
“არ ვიცი, რაზე მესაუბრებით და რა ვქნა, მეუფეს უნდა გავესაუბრო, გავარკვევ, რაზე საუბრობს” - თქვა ექსმინისტრმა.
ორიოდ დღის წინ მეუფემ განაცხადა, რომ მზადდებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების გეგმა და მასში მთავრობის წევრებიც იყვნენ ჩართულნი. კერძოდ, მეუფე იაკობმა დაასახელა გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.
"მთავარი არხის" ცნობით, ინტერვიუ მეუფესთან 27 ოქტომბერს, მეუფის მიერ პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე ჩაიწერა.
იხილეთ ასევე: "ილია მეორე დღეს პატრიარქის ტახტის დატოვებას აპირებდა"