
სავარაუდო ჰაკერულმა შეტევამ "იმედს" სოლიდური ზარალი მიაყენა
28/10/2019 14:18:33 სხვა, საზოგადოება
სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანია "იმედი", დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, "მაესტროს" სიგნალი კი, ამ დრომდე შეფერხებებით გადაიცემა.
როგორც "იმედის" იურისტი ანდრო ლაშხი აცხადებს, წინასწარი მონაცემებით, ტელეკომპანიისთვის მიყენებული ზარალი სოლიდურია.
"ახლანდელი მდგომარეობით "იმედი" ეთერშია, "მაესტრო" კი, ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ, ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ", - აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 2 მუხლით 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. მედიაჰოლდინგში კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები იმყოფებიან.
საქართველოში დღეს ათობით სახელმწიფო და კერძო უწყების ვებგვერდზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერული თავდასხმის სამიზნე პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, საკრებულოს, ასევე სხვა უწყებების ვებგვერდები გახდნენ.