
სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე აქციის მონაწილეები დაზარალებულად არ სცნო
28/10/2019 11:09:04 სხვა, სამართალი
სასამართლომ 20–21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად არც ერთი პირი არ ცნო. როგორც საია-ს იურისტი რეზო აჭარაძე აცხადებს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება ზეპირი მსჯელობით მიიღო. დაზარალებულად ცნობას 16 პირი ითხოვდა, მათ შორის 8 ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ცნო. მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა.
საია–ს თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება იმ ხაზის გაგრძელებაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
მისივე თქმით, დავა გაგრძელდება როგორც ადგილობრივ, ისე საერტაშორისო დონეზე.
რა მოხდა 20-21 ივნისს
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა. თავად აღნიშნული ვიზიტის ერთ–ერთი მასპინძელი და ორგანიზატორი საქართველოში სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იყო. განვითარებული მოვლენების შემდეგ ის იძულებული გახდა, თანამდებობა პარლამენტში დაეტოვებინა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხებოდა, თუმცა საბოლოოდ გახარია დააწინაურეს და ამჟამად ის ქვეყნის პრემიერ–მინისტრია.