
ჭარბად დანიშნული მედიკამენტები, გაზრდილი ფასები და დაზღვევა – რას გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი
28/10/2019 08:54:23 სხვა, საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე მუშაობს. ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაგეგმილი რეფორმის "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია მედიკამენტების საკითხი. სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მათი ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არსებობდეს, კონკრეტული სტრატეგია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე.
ხარისხის კომპონენტში აქცენტს გავაკეთებთ წამლის რეგისტრაციასა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, - ირწმუნება მინისტრი.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში დაფინანსების ახალი სისტემა იქნება, "რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას“.
„პაციენტის ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში 73%-დან 55%-ზე ჩამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, რადგან მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე გადახდილი თანხები.
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებას თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს. ასევე, ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნის მასშტაბით, გახდება ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, იქნება პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. ამავდროულად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, რომ კერძო სექტორს უნდა მიეცეს მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, რაც ახალი ტარიფიკაციის პირობებში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ნამდვილად შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებითვე, ახალ სისტემას საფუძვლად ქვეყანაში არსებული ტარიფების ანალიზი დაედო.
„ფასწარმოქმნისას გავითვალისწინეთ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც არის ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების თანაფარდობა, რეინვესტირების თანხები, მოგების მარჟა და ფასთა სხვაობის რისკები. 18 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნება მომსახურების მოცულობის და სიხშირის კოეფიციენტის განსაზღვრა, რაც დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე სრულად გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
რეფორმების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.