ევროპული ფუნქცია: „საქართველომ შესაძლოა, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები მიიღოს“

19-12-2022 19:12:35 ინტერვიუ ,ანალიზი

რეგიონში შექმნილი ურთულესი მოცემულობის ფონზე შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფნისადმი გაზრდილმა ინტერესმა, მათ შორის, ევროპის სწრაფვამ, გათავისუფლდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან, საქართველოს კიდევ ერთ საერთაშორისო, ისტორიულ პროექტში ჩართვა გახადა შესაძლებელი, რომელსაც რიგი დამკვირვებლები მნიშვნელობით მაგალითად, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენს ადარებენ, რომელმაც თავის დროზე ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნდა: 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის წყალქვეშა კაბელის (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით, 1195 კმ იქნება –95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ.) პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით.

პროექტი ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია, ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია:

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“.

„შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლესი როლი“

ეს რომ არ არის მხოლოდ ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და მას ფართო კონტექსტი აქვს თავისი მრავალი კომპონენტით, ხაზგასმით ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც დაესწრო ხელმოწერის ცერემონიალს:

  • „რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა. ევროკავშირმა შეძლო, შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით;
  • ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამოშვებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას;
  • ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია – დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას;
  • ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ეს ინიციატივა დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით;
  • შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა –პროექტი ჩვენ და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს: საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს;
  • საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში და რა თქმა უნდა, უკრაინას“.

მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტით, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება, „უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“.

19 დეკემბერს ცნობილი გახდა პროექტისადმი საუდის არაბეთის დაინტერესების შესახებ.

"კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მგვტ სიმძლავრის ენერგოპროექტის რეალიზებას ახორციელებს, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ უფრო მსხვილი ენერგეტიკული პროექტების რეალიზებასა და რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ შეთანხმებასთან მიერთებას ვისურვებდით, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს ითვალისწინებს", - თქვა ქვეყნის ინვესტიციების მინისტრმა ჰალიდ ბინ აბდელ აზიზ ალ-ფალიხმა ბაქოში ვიზიტისას.

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება

პროექტზე მნიშვნელოვან იმედებს ამყარებენ საქართველოს მთავრობაშიც, მით უფრო, რომ როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განცხადა, იდეის ავტორი საქართველო იყო.

მინისტრმა გაიხსენა, რომ პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, თუმცა საწყის ეტაპზე მის მიმართ ინტერესი მაღალი არ იყო:

„თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამდენი ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება. ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის სფეროს საგანი. მოვისმინეთ ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმაზე, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით – რამდენიმე მილიარდის ფინანსური მობილიზებისთვის ევროკავშირი მზადაა“,– თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ „ეს არის საუკუნის პროექტი, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ზოგადად, საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკური კუთხით გაზრდის“.

ოპტიმისტურადაა განწყობილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება, მიეწოდოს. ევროპის გარდა ყველა მეზობლისადმი გაგვაჩნია ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო გადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს“,– თქვა პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ რეგიონში დაკავშირებადობისა და ენერგო ტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია საქართველოს მთავრობისთვის:

„სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის“.

ევროპული დანიშნულება: შავი ზღვა გვაახლოებს

"ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: ერთის მხრივ, ის ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, რაც თავისთავად ღირებულია. მეორეს მხრივ – ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან, რაც ყოველთვის მისასალმებელია",– თქვა „აქცენტთან“ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელმა მკვლევარმა პოლ გობლიმ.

სწორედ პოლიტიკურ კონტექსტზე და ევროპისთვის საქართველოს გაზრდილ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას „აქცენტთან“ მკვლევარი კახა გოგოლაშვილი:

„საქართველო მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის როგორც დერეფანი ევროპა–აზიას შორის და მისი როლი კიდევ უფრო იზრდება ელექტროენერგიის მიწოდების, დივერსიფიკაციის კონტექსტშიც. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე იყო მანამდე: ადრე ევროკავშირი აქცენტს უფრო ფასეულობრივ ერთიანობაზე აკეთებდა. ეს აქცენტი დღესაც რჩება, მაგრამ გეოპოლიტიკური არგუმენტი – რამდენად მნიშვნელოვანია საკითხი ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით – მნიშვნელოვანი გახდა. ენერგოუსაფრთხოება ზოგადი უსაფრთხოების ნაწილია და ამ კონტექსტში საქართველომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება, შეიტანოს. ამიტომ, ეს ახალი დანიშნულება კიდევ უფრო აძლიერებს ევროპის საქართველოს მიმართ ინტერესს, როგორც გაზრდილ არგუმენტს ევროკავშირის საგარეო მოქმედებებში და პრიორიტეტებში“.

მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ მსგავსი პროექტები ამცირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ გეოგრაფიულ დისტანციას და ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის ბლოკისთვის:

„საქართველო ყოველთვის განიხილებოდა როგორც გეოგრაფიულად დაშორებული ევროკავშირისგან და სუფთა გეოგრაფიული ფაქტორი თამაშობდა თავის როლს, რომ ევროკავშირის ინტერესი საქართველოს მიმართ ნაკლები იყო. მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ევროკავშირმა თავად დაიწყო ე.წ. დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელოვნად ხელშეწყობა. აქ სხვადასხვა ასპექტია: მაგალითად, პირდაპირი ფრენები, საკომუნიკაციო კავშირები, სატრანსპორტო ქსელის განვითარება და ევროპასთან მისი კავშირის უზრუნველყოფა, რასაც ევროკავშირი ინტენსიურად აფინანსებს – საუბარია გადაზიდვებზე შავი ზღვის მეშვეობით, პორტების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებაში სურს ევროკავშირს მონაწილეობა, საბორნე კავშირის განვითარება და ჩნდება კიდევ ახალი მიმართულება – ელექტროკაბელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ევროპასთან ერთიან ენერგეტიკულ ქსელში ჩაერთოს და შესაძლოა, არა მხოლოდ მიმწოდებელი გახდეს, არამედ მომხმარებელიც ევროკავშირში ნაწარმოები ელექტროენერგიის. ეს კავშირები მნიშვნელოვნად ამცირებს იმ გეოგრაფიულ შემაფერხებელ ფაქტორს, რომ ჩვენ 2 000 კმ–ით ვართ დაშორებული ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე წევრ [ევროკავშირის] ქვეყნებთან და საქართველოს აქცევს უფრო მიმზიდველ ქვეყნად. ამიტომ, ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებას“.

თუმცა, გოგოლაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ევროკავშირის ახალი გაფართოების ხედვაში ბევრად უფრო ძლიერდება პოლიტიკური კრიტერიუმის მნიშვნელობა. კერძოდ, თუ ქვეყანას ბლოკის წევრობა სურს, არ უნდა იდგეს ფასეულობების პრობლემაც: „არ კმარა, დემოკრატიის კუთხით მაგალითად, უნგრეთის დონეს მიაღწიო. ჩვენ სწორება არა უნგრეთის, არც პოლონეთის, არამედ უფრო მაღალი დონის დემოკრატიის სტანდარტზე უნდა ავიღოთ, თუ გვსურს, შემოგვთავაზონ ინტეგრაცია. სხვა შემთხვევაში, ინტერესი შენარჩუნდება, ევროკავშირი გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას, მაგრამ გაწევრიანების პერსპექტივა პერსპექტივად დარჩება“.

შესაძლებელია უსაფრთხოების რიგი საერთაშორისო გარანტიების მიღება

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ის განიხილება ევროპის ერთიანი უსაფრთხოების კონტექსტშიც:

„პროექტი საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც გულისხმობს ახალი საინვესტიციო პროექტების გაჩენას და მსხვილი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობას. ვიტყოდი, რომ ეს პროცესი დადებით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციაზე (აუცილებელია ევროკავშირის 12 პირობის შესრულება), მნიშვნელოვანი იქნება ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც. ერთის მხრივ, საქართველო გახდება ჰაბი ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის; ამასთან, აქ შემოსული კომპანიების უსაფრთხოება თავიანთი ქვეყნების ინტერესებში იქნება. ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვანია, როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ“.

ხატიაშვილი ელის, რომ იქნება გამოწვევებიც, ეწინააღმდეგება რა პროექტი რუსეთის ინტერესებს, ვინაიდან მას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს საქართველოს მნიშვნელობა, როგორც ტრანზიტული ქვეყნის და ევროპის უსაფრთხოებაში კონტრიბუტორის. ამიტომაც, ხატიაშვილი ვარაუდობს, რომ კრემლი ირიბი თუ პირდაპირი მეთოდებით შეეცდება, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის რეალიზებაზე და ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა ყველანაირი ჩარევის მცდელობის აღსაკვეთად. თუმცა იხსენებს იმასაც, რომ პროცესში საქართველო არაა მარტო:

„მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩვენ მარტონი არ ვართ: ჩართულნი არიან, მათ შორის, რუმინეთი და უნგრეთი, რომლებიც არიან ევროკავშირის და ნატო–ს წევრები. პროექტი ორივე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია და მათი ჩართულობა კიდევ უფრო აძლიერებს და ამყარებს მის განხორციელების პერსპექტივას. შესაძლოა, ჩვენ უსაფრთხოების კონკრეტული საერთაშორისო გარანტიებიც მივიღოთ ამ პროექტის განხორციელებისთვის. კონკრეტულად საუბარი ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ არსებობს მექანიზმები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოზე გავრცელდეს. იგივე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო–საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება, ორმხრივი ფორმატებში საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ამაღლება... შესაძლოა, ამ მიმართულებით თანამშრომლობამ სიახლეები შემოგვთავაზოს“.

ამ კონტექსტში ის თურქეთ–საქართველოს სტრატეგიულ კავშირს ახსენებს და ფიქრობს, რომ პროცესმა შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ახალი იმპულსი მისცეს.

რას ფიქრობენ NATO–ში

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პროექტს, მათ შორის, უსაფრთხოების კონექსტში განიხილავენ.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ეს მოიცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.

ბლოკში მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება:

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპელები დამოკიდებულნი იყვნენ რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსეთმა ენერგია იარაღად გამოიყენა და ცდილობდა, გამოეყენებინა ის ჩვენი შანტაჟის მიზნით და ხელი შეეშალა ჩვენთვის, გაგვეწია უკრაინისთვის მხარდაჭერა, თუმცა პრეზიდენტ პუტინს ეს მცდელობა არ გამოუვიდა. მოკავშირეები იღებენ შესანიშნავ ზომებს ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის. ევროპაში გაზის საცავები სავსეა. მოკავშირეები დებენ კონტრაქტებს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების, ბირთვული რეაქტორების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლების შესახებ. რუსეთი ამჟამად ევროპას გაზის 10 –ზე ნაკლებს აწვდის იმ 45 %–თან შედარებით, რასაც ომამდე აწვდიდა. ეს წარმოადგენს ბუფერს რუსული მიწოდების შემდგომი შეწყვეტის ან სხვა შოკის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ G7 ასევე დათანხმდა, შეზღუდოს რუსული ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს შემოსავალს, რომელიც აფინანსებს კრემლის ომს და ნატო–ს ქვეყნები გააგრძელებენ ინვესტიციებს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებაში, მიმწოდებლებში და წყაროებში. ასე რომ, პრეზიდენტ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება".

ამასთან, ალიანსი აღნიშნავს, რომ მზად არის, მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად:

"NATO–ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშე დგას და ნატო მზადაა, მეტი გააკეთოს მათი მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" საფუძველზე, მათ შორის სიტუატიური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში, ასევე დავეხმარებით საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფით".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები