„სამხედრო ტყვეებს იფარებენ და ჩვენს პოზიციებთან ხვრეტენ“: ბრძოლა ბახმუტისთვის

14-12-2022 13:46:48 კომენტარი

ბახმუტისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. 13 დეკემბერს ოკუპანტების წინააღმდეგ ამ ბრძოლაში კიდევ ორი ქართველის – მიხეილ თევდორაძეს და სერგო ლისიხინის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.

რუსული პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, ოკუპანტებმა ქალაქში შეღწევა შეძლეს და რიგი ქუჩებიც დაიკავეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ დაკავებულად გამოცხადებული უბნებიდან ჩაწერეს ვიდეოები დასტურად იმისა, რომ ხსენებულ რაიონებში კონტროლი არ დაუკარგავთ.

„ბახმუტის განაპირას მიდის ბრძოლები. უკრაინელები პოზიციებზე რჩებიან თავდაჯერებულად და ძლიერად. მოწინააღმდეგე არ განიცდის ცოცხალი ძალის დეფიციტს: მოკლული სამხედროების ჩასანაცვლებლად ბრძოლის ველზე ახალ–ახალი დანაყოფები შემოჰყავთ“,– ამგვარად აღწერს ბახმუტის მიმართულებით არსებულ ვითარებას უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის პირველი ბრიგადის ოფიცერი ტარას ბერეზოვეცი.

იმაზე, რომ ოკუპანტებმა ტაქტიკა შეცვალეს და მცირე ჯგუფებით ახორციელებენ შეტევებს, ყვება სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი:

„ისინი ძალიან ახლოს მოდიან ჩვენს პოზიციებთან, ექცევიან ჩვენი ცეცხლის ქვეშ, მაგრამ ბევრნი არიან. რუსებს მუდმივი თავდასხმების განხორციელება დაევალათ. შესაბამისად, ზოგჯერ შესაძლოა, დღეში 10–მდე თავდასხმა განხორციელდეს ერთსა და იმავე პოზიციებზე მცირე ჯგუფების მიერ. ეს საშიშია, რადგან, პირველ რიგში, მათი აღმოჩენა ძალიან რთულია. მათ ვამჩნევთ, როცა პრაქტიკულად, უახლოვდებიან ჩვენს თავდაცვის ხაზს. და უკვე ჩვენს პოზიციებზე, ჩვენს სანგრებში ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან ძირითადად ასეთი ჯგუფები ნადგურდებიან უკვე გასვლისას და არა შემოსვლისას. თითქმის ყველა მობილიზებულს ახლა ამ რეჟიმისთვის იყენებენ“.

ოფიცერი ტარას ბერეზოვეცი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებაზე იმყოფებიან „ვაგნერის“ დანაყოფი, მაგრამ „ეს ის „ვაგნერი“ აღარაა, რომელიც იყო ოქტომბერში და ნოემბერში, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დროისთვის განადგურებულია“:

„იქ ჰყავთ მობილიზებულები, რომელთაც რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან განთავსებულ სპეციალურ ბანაკებში ამზადებენ 2–3 თვის განმავლობაში. ასევე არიან მობილიზებულები, რომელთაც სამხედრო გამოცდილება არ აქვთ. ვიტყოდი, რომ ¼–ზე შეფარდებაა გამოუცდელი სამხედროების – რუსულ არმიაში ამჟამად ძირითადად სრულიად გამოუცდელი სამხედროები ჰყავთ“.

ოფიცრის შეფასებით, რუსული საბრძოლო მომზადების ხარისხი დაბალია, ეს ესმის მოწინააღმდეგესაც, ამიტომ, ის „მობილიზებულების ჩვეულებრივ დანაყოფებს უპირველესად, სატყუარად იყენებს საცეცხლე წერტილებში, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყურადღების გასაფანტად“:

„ყრიან 3–4 მიმართულებებზე მობილიზებულებს და ამ დროს ვაგნერელები ცდილობენ შემოვიდნენ ზურგში ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ამასთან, მოწინააღმდეგე ჩვენი დანაყოფების შებოჭვას ომის დანაშაულის მეთოდის გამოყენებით ცდილობს: დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინელი ტყვეები გამოიყენეს სატყუარად – ისინი ვაგნერის შეტევითი ჯგუფების (რომელიც 10–20 კაცისგან შედგება) წინ გამოჰყავდათ – ჩვენს პოზიციებიდან 10 მეტრის დისტანციამდე მოდიან, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩვენი სამხედროების ყურადღებას იქცევენ და ამ მომენტში უშუალოდ პოზიციებზე იწყება შტურმი. ანუ ისინი ჩვენს სამხედრო ტყვეებს ჟენევის კონვენციის დარღვევით იყენებენ ცოცხალ ფარად“.

ოფიცერი ამბობს, რომ ეს ტაქტიკა ფსიქოლოგიაზეა გათვლილი:

„ჩვენი სამხედროები არ ხსნიან ცეცხლს. ეს ფსიქოლოგიური საკითხია. ცდილობენ მათ გადარჩენას, მაგრამ გასაგებია, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ეს ჩვენი მოწინააღმდეგის გეგმებში არ შედის: სამხედრო ტყვეებს ჩვენივე პოზიციების წინ ხვრეტენ და იწყებენ შტურმს. ეს ტაქტიკა ფსიქოლოგიაზეა გათვლილი – ცინიკური, აბსოლუტურად ველური გათვლა, რომლის შობაც ავადმყოფ იმპერიას და მის სარდლობას შეეძლო. მაგრამ ეს ჩვენთვის სიურპრიზი არაა – მსგავს უზნეო მეთოდებს იყენებენ ისინი მთელი ამ ომის განმავლობაში“.

ოფიცერი ამბობს, რომ ამჟამად ოკუპანტებს საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვთ და ქალაქის სრული განადგურების მეთოდს იყენებენ, რათა უპირველესად, თავდაცვისთვის შეუძლებელი პირობები შექმნან. მეორეც, „ბოლო დღეებში შეტევა შეფერხებას იწყებს და მოწინააღმდეგე ანადგურებს ყველაფერს, რასაც მისი არტილერია სწვდება“:

„ამ დროისთვის ქალაქის 90%–მდე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და გვესმის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქალაქის თავიდან აშენება მოგვიწევს.

მათ ისწავლეს სევეროდონეცკში დაშვებული შეცდომებიდან და ქალაქის ალყაში მოქცევას და ჩვენი დანაყოფების გამოფიტვას ცდილობენ“.

მისი თქმით, ბახმუტთან დამაკავშირებელი ოთხივე გზა ამჟამად, მეტ–ნაკლებად ოკუპანტების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. ეს ართულებს საბრძოლო მასალის მიწოდებას და ცოცხალი ძალის შეყვანას, მაგრამ უკრაინული დანაყოფები ამ მიზნით ღამეს იყენებენ წარმატებით. გარდა ამისა, უკრაინულ არტილერიას, რომელიც უსაფრთხო დისტანციაზეა განთავსებული, შეუძლია მოწინააღმდეგის განადგურება.

„ამიტომ, გამოფიტვის მათ ტაქტიკას წარმატება არ უწერია“,– დარწმუნებულია ოფიცერი.

მისი თქმით, უკრაინის შეტევითი დანაყოფები, სნაიპერული ჯგუფები რჩებიან ქალაქში და უზრუნველყოფენ მტრის დიდ დანაკარგებს. „ბახმუტი სავსეა ცხედრებით, რომლებიც მოწინააღმდეგეს არ გააქვს და პირდაპირი მნიშვნელობით, ზედ გადადიან ცხედრებზე“.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, გაშმაგებული შეტევა ბახმუტზე პირდაპირაა კავშირში რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან. მას მხედველობაში ჰყავს „ვაგნერელთა“ დაჯგუფება და ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსი ბიზნესმენი, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი („პუტინის პოვარი“). ბევრი სპეციალისტის დაკვირვებით, პრიგოჟინი, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში „ვაგნერის“ მეშვეობით რიგი დავალებების შესრულებისა, არ ითვლებოდა სისტემის ნაწილად, ახლა კი ერთგვარ ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს, მათ შორის, რუსულ არმიაზე „ვაგნერის“ უპირატესობის და მისი მხარდაჭერის აუცილებლობის წარმოჩენით.

„ამ მიმართულებაზე რუსების გაშმაგებული შეტევა პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთში მიმდინარე შიდა მოვლენებთან: ბახმუტი შედის „ვაგნერის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რომლის უფროსიცაა პრიგოჟინი. თავის „თეთრ ყვავებად“ წარმოჩენას ცდილობენ. ბახმუტი და სხვა მიმართულებებიც გამოფიტვის ომის ნაწილია: არ აქვს მნიშვნელობა, შეტევაზე არიან თუ თავდაცვაზე – ზამთარს ორივე მხარეზე ექნება ნეგატიური ეფექტი, მაგრამ განსაკუთრებით, რუსეთის ცოცხალ ძალაზე, რომელსაც რუსეთი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს“, – დარწმუნებულია პოლკოვნიკი.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „აქცენტთან“ სხვა გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას:

  • „ბახმუტის დაკავების შემთხვევაში, აქედან შეუძლიათ [რუსებს – რედ.] შეტევის გაგრძელება ჩრდილო–დასავლეთის (სლავიანსკი–კრამატორსკის) მიმართულებაზე;
  • ბახმუტთან არის მტკნარი წყლის გამანაწილებელი [უკრაინის კონტროლ ქვეშ – რედ.], რომელიც დონეცკის და ხერსონის რაიონებს უნაწილებდა სასმელ წყალს. მნიშვნელოვან პრობლემებს განიცდიან ამ მიმართულებით.

ქალაქი უკრაინელების ხელშია, უკრაინელებს უკავიათ თავდაცვა და ჯერ–ჯერობით უძლებენ ამ შეტევებს. აქ ტაქტიკური სიახლე არაა: დიდ ხნის წინ მომზადებული თავდაცვის გარღვევის მცდელობა ხორციელდება რუსების მხრიდან. ძირითადი, მაინც არტილერია მუშაობს, რაც რუსებს აქვთ, უკრაინელებს კი სჭირდებათ და რაც შეიძლება ჩქარა შესაბამისი საცეცხლე საშუალებების გაძლიერება დასავლეთიდან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები