ხატიაშვილი – ღარიბაშვილის ინიციატივაზე: "სახელმწიფომ ანაკლიის სტრატეგიული პროექტი სხვას არ გადასცა, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა"

12-12-2022 19:51:12 კომენტარი

აქ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: პირველი ის გახლავთ, რომ სახელმწიფომ სტრატეგიული პროექტი სხვას არ გადასცა, რაც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და მეორე – რადგან სახელმწიფო თავადაც შედის წილში, იღებს პროექტის შესრულების პასუხისმგებლობას და ერთგვარი გარანტორია ინვესტორისთვის, უფრო თამამად განახორციელოს ინვესტიცია პროექტში,– ამგვარად აფასებს „აქცენტთან“ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენების თაობაზე. კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში 51%–ით განისაზღვრება, ხოლო დანარჩენ 49%–ზე გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.

ამასთან დაკავშირებით ხატიაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, პარტნიორი კომპანიები არ უნდა იყვნენ დაკავშირებული მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, უნდა სარგებლობდნენ ნდობით, შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე შემოსვლამდე დეტალურად უნდა მოხდეს მათი შესწავლა.

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, რომლის ინტერესებშიც არ შედის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ხატიაშვილი იხსენებს სხვა საერთაშორისო პროექტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად სხვადასხვა დროს განხორციელდა და ჯერ ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნეს, ხოლო შემდეგ, ეს როლი გააძლიერეს. მათ შორისაა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა:

„პროექტის განხორციელება ერთის მხრივ, საქართველოს სატრანზიტო როლს გააძლიერებს, მეორეს მხრივ, ქვეყნის, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის როლს თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ცხადია, ეს რუსეთის ინტერესში არ შედის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არ მოეწონება [პროექტის განხორციელება რუსეთს], მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ის მაინც უნდა განხორციელდეს! როგორც უკვე ვთქვი, ამ პროექტს დიდი დატვირთვა აქვს ქვეყნის მომავლისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

ვფიქრობ, თუ ამ პროექტის უკან იდგება ძლიერი დასავლელი ინვესტორი, ის რუსეთის ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად განხორციელდება. როდესაც მთავრობა ერთვება პროცესში და მაქსიმალურად უწყობს ხელს პროექტის განხორციელებას, ნათელია, რომ ის დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან – ესეც ერთ–ერთი ინდიკატორია და განზრახვის სერიოზულობაზე მეტყველებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები