
პარლამენტის თავმჯდომარეს წარუმატებელი "იურიდიული კონსულტაციისას" კანონი შეახსენეს
24/10/2019 10:31:25 სხვა, სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ პროკურატურამ აპარატს საქმის მასალებზე წვდომაზე უარი პოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით უთხრა. სახალხო დამცველი ამბობს იმასაც, რომ პროკურატურას არ აქვს ვალდებულება, გამოძების ეტაპზე მიაწოდოს მასალები ომბუდსმენს, თუმცა მსგავს გადაწყვეტილებას საგამონაკლისო წესით იღებდა, მათ შორის ხორავას ქუჩის მკვლელობებისა და 20-21 ივნისის საქმეებზე და ჰქონდა მოლოდინი, რომ საქმის აქტუალობიდან გამომდინარე, ამჯერზეც საგამონაკლისო წესს მიმართავდა. საქმე ეხება თამთა თოდაძის საქმეს. ცნობილია, რომ ისნის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ დროისთვის ჯიშკარიანი ბრალდებულია სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თანამშრომლის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და ცემაში. თავად ჯიშკარიანი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

"ვფიქრობ, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები გარკვეული ხარვეზებით წარიმართა - დაგვიანებით, ამიტომ ჩემი ინტერესის საგანი იყო, ჩავერთოთ და მივადევნოთ თვალი, რამდენად დროულად, ეფექტურად წარიმართება გამოძიება. ბრალდებული თანამდებობის პირი რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო ქალზე მორიგი ძალადობის შემთხვევა, ვფიქრობ, პროკურატურას არ ექნებოდა განსაკუთრებული წინააღმდეგობა, დავეშვით საქმის მასალებზე. პოლიტიკური კომპონენტი შესაძლოა, ყოფილიყო მიზეზი, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე არ დაუშვა გამონაკლისი",- განაცხადა სახალხო დამცველმა.
პარლამენტის თავმჯდმარე არჩილ თალაკვაძემ ომბუდსმენს საქმის მასალების გაცნობის გზებზე მიუთითა:

"სახალხო დამცველს შეუძლია, პარლამენტს მიმართოს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის მეც დამიკავშირდეს, თუ რაიმე გარანტიას კანონი აძლევს სახალხო დამცველს და ეს კანონი არ სრულდება, ჩვენ ამაზე საუბარი მასთან ყოველთვის შეგვიძლია...გადაამოწმეთ, აქვს თუ არა მხარეს - ადვოკატს მასალები? გეტყვით, მაღალი ალბათობით ადვოკატს ეს მასალები აქვს, ალბათ გონივრული იქნებოდა, ადვოკატს ომბუდსმენისთვის გადაეცა მასალები".
თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ კი პარლამენტის თავმჯდომარეს კანონი შეახსენა:
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, შესაძლებლობა მაქვს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს გავეცნო მხოლოდ ადგილზე, პროკურატურაში და არ მაქვს შესაძლებლობა, საქმის მასალები თან წამოვიღო. შესაბაისად, მე სახალხო დამცველს საქმის მასალებს ვერ მივაწვდი, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას არ მაძლევს. სწორედ ამიტომ ითხოვდა სახალხო დამცველი პროკურატურისგან მასალების გაცნობას",- განაცხადა ადვოკატმა.
თავად პროკურატურაში კი სახალხო დამცველისთვის უარის თქმის მიზეზები შემდეგნაირად განმარტეს:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო წესით ითხოვდა ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას.
სახალხო დამცველის შესახებ ორგანობული კანონის მე-18 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული .
შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით ა ცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს".