"დანაკარგების შევსება შეუძლებელია": რუსული არმია გაკოტრების ზღვარზეა

26-11-2022 02:37:04 მსოფლიო

უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმების კვალდაკვალ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შეუქცევადად ილევა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რუსული არმია გაკოტრების ზღვარს უახლოვდება, - წერს გამოცემა "The Moscow Times".

დასასრული ყველაფერს აქვს?

ჯერ კიდევ ზაფხულში დასავლელი სახედროები და ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაში მართვადი რაკეტების არამიზნობრივად გამოყენება დაიწყო, კერძოდ, ხომალდსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად იყენებდა, რაც, მათი აზრით, მაღალი სიზუსტის რაკეტების დეფიციტის დაწყებაზე მიუთითებდა.

თუმცა დაახლოებით თვენახევრის წინ რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული შეტევების კამპანია წამოიწყო. 10–11 ოქტომბერს უკრაინას 100-ზე მეტი რაკეტა დაეცა, 15 ნოემბერს - კიევ თითქმის 100, შედარებით ნაკლები ინტენსივობით დარტყმები ხორციელდებოდა სხვა დღეებშიც. კიდევ ერთი მასობრივი შეტევა 67 რაკეტის გამოყენებით "ერთმორწმუნე" რუსეთმა უკრაინაზე 23 ნოემბერს - გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განახორციელა.

და ეს - რომ აღარაფერი ვთქვათ ირანულ კამიკაძე-დრონებზე, რომელთა გამოყენებაც რუსეთმა სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი სტრატეგიის საკითხებში ელიოტ კოენი დარწმუნებულია, რომ რუსებს "ყველაფერი ეწურებათ". იგი განმარტავს, რომ საწყობებში იარაღის რაოდენობა ერთია, ფრონტის ხაზზე კი - სულ სხვა. "რუსული არსენალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოუსადეგარი აღმოჩნდა კორუფციის, ცუდი მომსახურების, დანაშაულებრივი გულგრილობის გამო" - განუმარტა "The Wall Street Journal"-ს კოენმა.

და შეიარაღების გარკვეული მარაგები, როგორც ჩანს, მართლაც იწურება. მთელი ოქტობრის განმავლობაში პუტინის ჯარმა "კალიბრის" ტიპის მხოლოდ 15 რაკეტა გამოიყენა, არადა, ომის პირველ თვეებში ყოველდღიურად 20-ზე მეტს ხარჯავდა, - განაცხადა გასულ კვირას უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა.

"კალიბრის" (არსებობს როგორც ხომალდსაწინააღმდეგო, ისე სახმელეთო სამიზნეების საწინააღმდეგო მოდელები) ზოგიერთი მოდელის მარაგები უკვე "ძალზე მწირია", - აცხადებენ ლონდონის სამხედრო კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტები ჯასტინ ბრონკი და ჯეკ ოუტლინგი, რომლებიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური და სარაკეტო ძალების შესაძლებლობებს საგნობრივად იკვლევენ.

მართლაც, რუსეთი ბოლო თვეებში სულ უფრო აქტიურად იყენებს თავის საბრძოლო მასალას არამიზნობრივად, მაგალითად, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს - სახმელეთო ობიექტების გასანადგურებლად, - აღნიშნავენ პოდკასტში "გაფილტრული გეოპოლიტიკა" ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრ Silverado-ს სპეციალისტები და იქვე დასძენენ, რომ ეს "მნიშვნელოვნად არღვევს" გათვლებს, რამდენად დიდხანს შეუძლია რუსეთს სარაკეტო დარტყმების განხორციელების გაგძელება.

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების დანიშნულებას მეტალის დიდი ნაჭრის განადგურება წარმოადგენს, ამდენად, სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები უსისტემოა, არაზუსტი და სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება. ამ ტიპის რაკეტების გამოყენება არაეფექტურია სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა “კალიბრი” (მისი ხომალდსაწინააღმდეგო მოდელების ჩათვლით) ძალზე ეფექტურია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის განადგურებასაც ამჟამად რუსეთი ცდილობს. "ამ დროისთვის ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაახლოებით 50%-ითაა დანგრეული", - განაცხადა 19 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ორი დღით ადრე უშუქოდ დარჩა 10 მლნ-მდე უკრაინელი. კიდევ ოთხ დღეში ელექტროენერგია ქვეყნის ყველა რეგიონს შეუწყდა, გაითიშა ყველა ატომური ელექტროსადგური.

რაც შეეხება ”ისკანდერის” ტიპის რაკეტებს, “ყველაზე ზუსტი შეფასებით, ომის დაწყების დროისთვის რუსეთს 900 ასეთი რაკეტა გააჩნდა და დაახლოებით ნახევარი გამოიყენა”, - თვლიან RUSI-ს ექსპერტები. “ისკანდერები” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, სამეთაურო პუნქტების, აეროდრომების, ინფრასტრუქტურის ობიექტების, საარტილერიო და სარაკეტო კომპლექსების განადგურებისთვის გამოიყენება, ანუ აუცილებელია საბრძოლო ველზე. თუმცა რუსეთს მათი მთელი დარჩენილი მარაგის უკრაინაში გამოყენება არ შეუძლია, რადგან რაკეტების გარკვეული ნაწილი საბრძოლო მორიგეობაზეა სხვა რეგიონებში (მაგალითად, კალინინგრადის ოლქში) სხვა მიზნებით (მაგალითად, ნატო-ს ძალების შესაკავებლად).

ამგვარად, თუ ომის 9 თვის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 450-მდე “ისკანდერი” (თვეში საშუალოდ 50 ერთეული), შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გამოყენების მსგავსი სიხშირის შენარჩუნების შემთხვევაში დარჩენილი მარაგი კიდევ რამდენიმე თვე ეყოფა, დანახარჯის სწრაფად შევსებას კი ვერ შეძლებს, რადგან ომამდეც კი თვეში მხოლოდ 6 “ისკანდერის” წარმოება შეეძლო.

სხვა ვითარებაა С-300 საზენიტო რაკეტების კუთხით. უკრაინელი სამხედროების შეფასებით, რუსეთს მარაგის 10% აქვს გამოყენებული, - ყვებიან უოტლინგი და ბრონკი. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაკეტები საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვისაა განკუთვნილი, ისინი ხშირად ჩვეულებრივი არტილერიის მსგავსად, სახმელეთო ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოიყენება.

უკრაინული და დასავლური დაზვერვების მონაცემებით, ირანი რუსეთს 290 და 690 კმ სიშორის ორი ტიპის რაკეტების მიწოდებას დასთანხმდა. რუსულ ჯარს დასჭირდა ასევე ირანული დრონები ფრთოსანი რაკეტების მწვავე დეფიციტის კომპენსირებისთვის, - განაცხადეს 23 ნოემბერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში. იმ მომენტისთვის რუსეთს უკვე 5 დღის განმავლობაში აღარ გამოუყენებია ირანული უპილოტოები, ასე, რომ “შესაძლოა, უკვე ამოწურული ჰქონდა ირანული Shahed-136-ების არსებული მარაგი და ამჟამად მისი შევსების ძიებაშია”, - ვარაუდობენ უწყებაში და იქვე დასძენენ, რომ “რუსეთს შეუძლია, უფრო სწრაფად შეიძინოს უპილოტოები უცხოეთში, ვიდრე დამოუკიდებლად აწარმოოს ახალი ფრთოსანი რაკეტები”.

ვერშევსებადი დანაკარგები

დასავლური სანქციების გამო რუსეთმა დაკარგა წვდომა ტექნოლოგიებსა და მაკომპლექტებლებზე, რომლებიც რაკეტებსა და სხვა შეიარაღებაში გამოიყენებოდა.

“დასავლურ კომპონენტებზე დამოკიდებულება რუსულ სამხედრო მანქანას არ შაჩერებს, თუმცა საგრძნობლად ამცირებს საბრძოლო სიმძლავრეების განახლების ტემპებს”, — წერდა ოქტომბერში RUSI-ს მეცნიერ-თანამშრომელი სიდჰარტ კაუშალი.

ინსტიტუტის სპეციალისტებმა უკრაინაში ბრძოლის ველიდან მიღებული 27 რუსული საბრძოლო კომპლექსი გააანალიზეს და მიკროელექტრონიკის 450-ზე მეტი უნიკალური კომპონენტი აღმოაჩინეს, რომელიც აშშ-ის, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების კომპანიების მიერაა გამოშვებული.

რუსი ჩინოსნები ახლა გამალებით ინსპექტირებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებს მრეწველობის მრავალრიცხოვანი პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძიებლად, - ამბობს Jamestown Foundation-ის უფროსი ეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო ექსპერტი პაველ ლუზინი. მისი თქმით, მთავარი ამოცანა წარმოების მხარდაჭერაა, თუმცა ამ კუთხით ყველა იმედი ფუჭია: "საქმე მხოლოდ კომპონენტებისა და დანადგარების არარსებობაში არაა. არსებობს კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტიც, რომელიც უკვე 400 000-ს უახლოვდება. აქედან 120 000 უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეა, რომელმაც სხვებთან ერთად რუსეთი სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დატოვა”.

წარმოების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება მისი გამარტივება და პრიორიტეტის შეიარაღების მოძველებული სახეობებისთვის მინიჭებაა, - თვლის ლუზინი. ასე, მაგალითად, რუსეთი უახლოესი სამი წლის განმავლობაში Т-62 ტიპის იმ 800 ტანკის მოდიფიცირებას გეგმავს, რომელიც პირველად ბერლინის კედლის მშენებლობის დაწყების დროს - 1961 წელს იყო წარმოდგენილი.

Oryx-ის ექსპერტების გათვლით, 23 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთს ჯამში 8047 ერთეული სამხედრო ტექნიკა ჰქონდა დაკარგული, მათ შორის - 1503 ტანკი, 1754 საბრძოლო მანქანა, 718 ჯავშანმანქანა, 270 ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა. თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რეალური ციფრები სავარაუდოდ, უფრო მაღალია, რადგან Oryx მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ დანაკარგებს ეყრდნობა.

ამასთან, 521 საღი ტანკი უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში. დანაკარგებს შორისაა 31 ერთეული ულტრათანამედროვე მოდელი Т-90, მათგან 13 უკრაინელების ხელში აღმოჩნდა, დანარჩენი განადგურდა.

თავდაპირველად გაცილებით უფრო სუსტად აღჭურვილი უკრაინული ჯარის დადასტურებული დანაკარგები ნაკლებია: 2293 ერთეული ტექნიკა, 370 ტანკის ჩათვლით.

გამარტივებისკენ სწრაფვის მიდგომა ჰიპოთეტიურად შესაძლებელია მხოლოდ ტანკებთან და ჯავშანმანქანებთან, მაგრამ არა საბრძოლო თვითმფრინავებთან, ვერტმფრენებთან, რაკეტებთან, საარტილერიო და სხვა სისტემებთან მიმართებაში, - აღნიშნავს ლუზინი. მაგალითად, რუსეთს შეუძლია, წელიწადში Ка-52 ტიპის მხოლოდ 15 ერთეული ვერტმფრენის წარმოება შეუძლია, ანუ დანაკარგის (Oryx-ის მონაცემებით – 27 ერთეული) შესავსებად თითქმის 2 წელი დასჭირდება. ეს – მაშინ, როცა რუსეთი კვლავინდებურადაა დამოკიდებული ვერტმფრენებისთვის უკრაინული ძრავების მიწოდებაზე, - განმარტავს ანალიტიკოსი და ასკვნის, რომ რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში განცდილი დანაკარგების შევსება შეუძლებელია.

საფრთხე პუტინის რეჟიმისთვის

უფრო გლობალურ კონტექსტში განადგურებული ტექნიკის შევსების აუცილებლობა და დასავლეთთან შეიარაღების ახალ რბოლაში ჩაბმა რუსულ ეკონომიკას უცილობელ გაკოტრებას უქადის, - ამბობს RBC BlueBay Asset Management-ის მთავარი სტრატეგი განვითარებული ბაზრების საკითხებში და Chatham House-ის რუსული და ევრაზიული პროგრამების სამეცნიერო თანამშრომელი ტიმოტი ეში.

“როგორ შეუძლია რუსეთს ამ რბოლაში გამარჯვება, თუკი დასავლეთის ჯამური მშპ $40 ტრლნ-ს უტოლდება, ჯამური სამხედრო ბიუჯეტი - $1 ტრლნ-ს, რუსეთის მშპ კი სულ $1,8 ტრლნ-ია?!” - წერს იგი ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრისთვის მომზადებულ სტატიაში და იქვე დასძენს, რომ "პუტინს მოუწევს, ხარჯები მოხმარებიდან თავდაცვაზე გადაამისამართოს, ეს კი საშუალოვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური მღელვარების პროვოცირების რისკს შეიცავს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს”.

აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა განაგრძონ, - დარწმუნებულია ეში.

მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ პენტაგონის შეფასებით, რუსეთმა მოკლულებისა და დაჭრილების სახით უკვე 100 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, რაც სამხედრო აგრესიისთვის მომზადებული დაჯგუფების ნახევარზე მეტია.

"100 000-ზე მეტი სამხედრო და 8000-ზე მეტი ერთეული ტექნიკა! ამ დროს აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად დღემდე საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 5,6% დახარჯა! დახარჯო სულ რაღაც 5,6% რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალის პრაქტიკულად ნახევრის გასანადგურებლად – ეს წარმოუდგენლად კარგი ინვესტიციაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი აშშ-ის მთავარი მოწინააღდეგეა ჩინეთის შემდეგ” – დასძენს ეში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები