„ორი ძირითადი პრობლემაა და ორივეს სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ“: საქართველოში ქალებს ისევ კლავენ

25-11-2022 19:11:22 კომენტარი

დღეს მედია საზოგადოებას უამბობს თერჯოლაში მომხდარი შემზარავი ამბის შესახებ: ყოფილმა ქმარმა 38 წლის ქალი ცოცხლად დაწვა. მანამდე გაუპატიურების მსხვერპლი 14 წლის გოგოს შესახებ გახდა ცნობილი, რომელმაც მომხდარის შესახებ მამას უამბო და თანადგომის ნაცვლად სცემეს. კიდე უფრო მანამდე ახალგაზრდა ქალი ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულმა, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა კაცმა მოკლა და მსგავსი შემაძრწუნებელი ისტორიები უამრავია: მხოლოდ ამ წლის 10 თვეში ქმარმა, პარტნიორმა თუ ყოფილმა მეუღლემ 16 ქალს წაართვა სიცოცხლის უფლება.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღეა. დღეს ქალთა მოძრაობები მარშს გამართავენ და აქცენტი, მათ შორის, სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას შეეხება, რადგან ქალები ამ თვალსაზრისით დაუცველები არიან, ვერ იცავს რა მათ არათუ პოლიცია და სასამართლო, კანონიც კი. მოთხოვნაა, შესაბამის მუხლში, გაუპატიურების ნაწილში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის არსებობის კომპონენტი დაფიქსირდეს, რადგან უფლებადამცველების შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობა მსხვერპლს პრაქტიკულად, სთხოვს, იყოს ნაცემი, რომ დაუჯერონ.

უფლებადამცველი ანა აბაშიძე ორ ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ორი ძირითადი პრობლემაა ამ სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებში და ორივეს სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ: ჩვენ, საზოგადოებაც ვართ ბრალეულები – ყოველი ადამიანი, რომელმაც დაინახა, მოიწონა, მხარი დაუჭირა, ან გაჩუმდა, ეხმარება მოძალადეს დანაშაულის ჩადენაში. მეორე მიზეზი უკვე სახელმწიფოა, რომელსაც ევალება ჩვენი შეხედულებები, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ, შეცვალოს და ეს არ არის უტოპიური ვალდებულება. ეს გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა და დღეს ადამიანებს სიცოცხლის ფასად არ უჯდებათ განქორწინება, არას თქმა და ა.შ. ამიტომ საკითხს სწორად უნდა შევხედოთ. მხოლოდ სახელმწიფო ამ საკითხს ვერ აგვარებს – ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ!“.

მისი ხედვით, აქამდე სხვადასხვა ნაწილში მიღწეული პროგრესი სურათს ვერ ცვლის – მაინც ძალადობენ, კლავენ, შესაბამისად, გამოსავალი მხოლოდ სასჯელის სიმკაცრე არაა:

„ძირითადად ჰგონიათ, რომ პრევენცია ვიღაცის სამაგალითოდ დასჯაა და როდესაც ველაპარაკები ხოლმე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ამბობენ, „გავამკაცრეთ კანონი, პოლიტიკა მკაცრია, ადამიანებს ვიჭერთ და რატომ არ შველის, ვერ ვიგებთ, რა ხდებაო“. იმიტომ არ შველის, რომ პოლიტიკაა არასწორი: ოჯახში მოძალადეს დასჯა არ აშინებს – ეს უნდა ვიცოდეთ! მოძალადეს ჰქონია, რომ ოჯახის წევრის დასჯა, სიცოცხლის ფასად დაუჯდება, თუ ჯანმრთელობის, ეს მისთვის „ღირსების აღდგენის“ დანაშაულია. ამიტომ, ხშირად, მოტივირებულიცაა, ჩაიდინოს დანაშაული და „ღირსეულად“ შევიდეს პენიტენციურ სისტემაში. ანუ ეს განსხვავებული ტიპის დანაშაულია და ამის ცოდნით უნდა დავიწყოთ შესწავლა. ასეთ დროს ყველაზე ძლიერი პასუხი არა ისაა, რომ მთელი ძალისხმევა გადავიტანოთ დამნაშავეების დასჯის სიმკაცრეზე (რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია), ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ საზოგადოების განწყობები, შეხედულებები ადამიანების თავისუფლებაზე, ამ შემთხვევაში, გენდერული ნიშნით ჩაგვრის მიმღებლობაზე და ამის მიხედვით ვწეროთ ჩვენი პოლიტიკა. მეორე და უმთავრესი – პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული ქალის ინდივიდუალურ საჭიროებაზე. არიან ქალები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უმცირესობებს, რომლებზეც ოჯახის სხვა წევრები არიან დამოკიდებული და სისტემამ ეს უნდა დაინახოს და შესაბამისი სერვისი შესთავაზოს, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამასთან, როდესაც ქალი ამბობს, რომ „დანით კი არ მომდევს ამ წუთას, მაგრამ ემოციურად მავიწროებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებსო“, ეს ადრეული ეტაპია კონფლიქტების დაწყების, ამ დროს უნდა იყოს ყველაზე აქტიური სახელმწიფო, ეხმარებოდეს ძალადობაში მყოფ ადამიანებს, მათ შორის, იმ ადამიანს, რომელსაც ძალადობრივი ქცევა აქვს დაწყებული, მაგრამ მასაც აქვს უფლება, გადარჩეს და არ ჩაიდინოს ფატალური დანაშაული, რომლითაც თვითონაც იღუპება, ადამიანსაც ღუპავს და მის ირგვლივ უამრავ ადამიანს აუბედურებს!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები