
სასამართლომ 7 თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანის ქმარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
22/10/2019 16:08:39 სხვა, სამართალი
გორის რაიონულმა სასამართლომ კასპში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანის ქმარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
პროკურორი მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
ცნობისთვის: შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სამართალდამცავებმა 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი (16 წლის) დედა 21 მაისს დააკავეს.