
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"
22/10/2019 13:18:15 სხვა, სამართალი
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლები ელიან, რომ პროკურატურა მის სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს,- ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. საუბარია „გახარიას წერილზე“.
„მოვისმინე პროკურატურის განცხადება. მგონია, რომ ეს უფრო ემოციური შეფასებაა. ველით, რომ ისინი გამოიყენებენ შესაძლებლობას, შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას - გამოიძიებენ იმ მასალებს, რომელიც მათ გადაეცათ და ასევე ჩაატარებენ სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ამ დროს ტარდება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "გახარიას წერილთან" დაკავშირებით "ლელოს" დამფუძნებლების მიერ პროკურატურაში წარდგენილი მასალების შესწავლა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს, თუმცა ინფორმაციაში არაა მითითებული, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე კონკრეტული მუხლით. მოგეხსენებათ, როგორც ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა 21 ოქტომბერს განაცხადეს, გამოძიების დაწყების შემთხვევაში პირი, რომელმაც მათ "გახარიას წერილი" გადასცა, მზადაა, გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში და მისცეს ჩვენება. ამდენად, ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, დადგება თუ არა დღის წესრიგში საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობი პირის გამოკითხვა.
"დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.
2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.
მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ე.წ. "გახარიას წერილის" დედანი ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებთან ერთად პროკურატურას 21 ოქტომბერს ჩაბარდა.ხოლო ასლი ომბუდსმენის აპარატს გადაეცა.
შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:
ყველანაირი წინაპირობის გარეშე:
1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).
2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი
• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".