სამწუხაროდ, ზოგიერთი შესაძლებლობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს - ინტერვიუ აშშ–ის თავდაცვის ატაშესთან

10-11-2022 20:51:34 პოლიტიკა ,ინტერვიუ

„საქართველოს გეოგრაფია მას მნიშვნელოვან ადგილზე აყენებს არა მხოლოდ სტაბილურობის საკითხში, არამედ შესაძლებლობების კუთხითაც გლობალური ვაჭრობისა და კომერციის საკითხებში და ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა საქართველოსთვის“,– უთხრა „აქცენტს“ აშშ–ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში. პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს „აქცენტი“ ანტიდასავლურ კამპანიაზე, ამერიკული დახმარების მიზნებსა და შედეგებზე, ქვეყანაში აშშ–ის ბაზების განთავსების პერსპექტივაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

– “თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა არის მტკიცე, ყოვლისმომცველი და მზარდი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე”,- ამგვარად აღწერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველო–აშშ–ის ურთიერთობას. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში გაჩაღებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნეც აშშ–ის საელჩო აღმოჩნდა, ასევე ვენდობით ადგილობრივი კრიტიკოსების წუხილებს, რომ აშშ–ში გაჩნდა კითხვები, რა მიმართულებით მოძრაობს საქართველო და შეინიშნება საქართველოს თემით გადაღლაც, ფიქრობთ, რომ „ურთიერთნდობა“ – ამგვარი ფორმულირება ადეკვატურად აღწერს ჩვენი ურთიერთობის ხარისხს, თუ ის რედაქტირებას საჭიროებს?

– ვთვლი, რომ ორმხრივი ნდობა არის საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ძირითადი კომპონენტი. ეს ურთიერთნდობა დაგროვდა ათწლეულების განმავლობაში ერთად მუშაობის, გვერდიგვერდ დგომისას სტაბილური თუ არასტაბილური პერიოდების განმავლობაში რეგიონში. ეს ნდობა ეფუძნება ერთად მსახურებას ერაყსა თუ ავღანეთში, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცების ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს საქართველოში, ევროპასა, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენს ურთიერთობაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის ხელმძღვანელობასთან ვიზიარებთ ურთიერთ ნდობის მაღალ ხარისხს და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

– კომფორტულია ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა?

– დიახ, ნამდვილად ასეა თუ გავითვალისწინებთ ურთიერთავსებადობას, და იმას რომ ერთმანეთის კარგად გვესმის. მართალია, ბევრი ამერიკელი ქართულად არ საუბრობს, მაგრამ ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან ინგლისური ენა. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის შედეგი ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობისა.

– შეამჩნევდით, რომ ანტიდასავლური კამპანია, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური და მასშტაბური გახდა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, დისკრედიტირებას ცდილობს ამერიკის მიერ საქართველოსთვის ამ წლების განმავლობაში გაწეული მრავალმხრივი და სოლიდური დახმარების. ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ ამ დახმარების მიზნებსა და მნიშვნელობაზე. აქ ხაზგასმას იმსახურებს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. რომელსაც წინ უძღოდა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

– თქვენი შეკითხვა ანტიდასავლურ რიტორიკაზე მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე და თავისუფალ საზოგადოებებში სამწუხაროდ, ზოგიერთი შესაძლებლობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. მე ვისაუბრებ ჩვენს მხარდაჭერაზე ჩვენი პარტნიორების, საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ, თუმცა, ალბათ, ციფრებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიიღწა ამ დახმარების შედეგად, როგორ გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობა და ურთიერთთავსებადობა მოკავშირეებთან (არა მხოლოდ აშშ–სთან); ამერიკის პირდაპირი დახმარების შედეგად. ეს ხდება იარაღის შეძენისა და მიწოდების გზით, როგორიცაა ღამის ხედვის მოწყობილობები, რადიო და საკომუნიკაციო მოწყობილობები, სხვადასხვა სათვალთვალო აღჭურვილობა, როგორიცაა რადარები, რათა შეძლონ საფრთხის სურათის გაგება. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ქმედებების გაზიარება და კომუნიკაცია და კოორდინაცია. ეს არის ის, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს უკვე ორი ათეული წელია, აშენებს ამ თავსებადობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ნატოს თავსებადი აღჭურვილობის მიწოდებით, რომელსაც ისინი ეფექტურად იყენებდნენ ავღანეთში დიდი ხნის განმავლობაში. დღეს ჩვენ წარმოვაჩენთ ამ თავსებადობას ჩვენი წვრთნებით საქართველოში და სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნებში. ასე რომ, მე მჯერა, რომ თავდაცვის დახმარება იყო ის, რამაც საქართველოს მედეგობა და თავდაცვითი შესაძლებლობები უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ.

– სექტემბრის ბოლოს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადმოცემის შესახებ გახდა ცნობილი, ხოლო გაზაფხულზე 35 მილიონის გამოყოფის თაობაზე. მეტი გვითხარით ამ რესურსის შესახებ, თუ რას უნდა მოხმარდეს...

– რამდენიმე თვის წინ გადმოცემული აღჭურვილობა მიმართული იყო ინდივიდუალური ჯარისკაცის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაზე. ეს იყო ღამის ხედვის სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის თავსებადობადის უზრუნველყოფაზე, რასაც დრო და დიდი თანხა სჭირდება. თითოეული ეს ეტაპი ემსახურება თავდაცვის ძალების სხვადასხვა ნაწილების მოდერნიზებას.

– 11 ნოემბერს ვეტერანთა დღეს აღნიშნავთ აშშ–ში. ჩვენთან ოქტომბერში აღინიშნება. ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკავდნენ თავის დროზე ამ ქვეყნებისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კუთხითაც გაქვთ აქტივობები საქართველოში.

– ვფიქრობ, ვეტერანთა დღის აღნიშვნა და მასზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ძლიერი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ამ დღეს 11 ნოემბერს აღვნიშნავთ, რაც უკავშირდება ზავის დადებას პირველი მსოფლიო ომის დროს, რაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რადგან სამწუხაროდ რუსეთმა კიდევ ერთი ომი გამოიწვია ევროპაში.

საქართველოში, მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა, ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, ვეტერანთა ადმინისტრაციის ორგანიზებით, და ვეტერანთა საავადმყოფოს აღჭურვილობა გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არა მხოლოდ უშუალოდ ვეტერანებისა, არამედ ზოგადად იმ თემისა და საზოგადოების, რომლებიც მხარს უჭერენ ვეტერანებს. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა აშშ–ში: ჩვენ ვიხსენებთ და ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსახურობდნენ თავდაცვის ძალებში და რომლებიც ამჟამადაც მსახურობენ და ვხედავ, რომ ამას საქართველოშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ქართული საზოგადოება აფასებს იმ ადამიანებს ვინც მსახურობს და იცავს საქართველოს.

– კვლავ ანტიდასავლურ კამპანიას რომ დავუბრუნდეთ. არ ვიკითხავ “ომში ჩათრევის” მცდელობაზე, რაც ანტიდასავლური კამპანიის ერთ–ერთი მთავარი ხაზია, ამაზე თავად ელჩმაც ისაუბრა არაერთხელ. მაინტერესებს, თქვენთვის ზოგადი სურათი (რამდენად სისტემურია ის, რა დგას მის უკან, რა არის ამოცანა) მკაფიოა, თუ ამ ეტაპზე მხოლოდ კითხვები გაქვთ?

– მიზნები ალბათ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ეცოდინებათ, ჩვენი პერსპექტივიდან კი გეტყვით, რომ ჩვენი ერთგულება და მხარდაჭერა საქართველოსადმი - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი თავდაცვითი შესაძლებლობების მიმართ რჩება ურყევი. ეს წლებია, გრძელდება, არაფერი შეცვლილა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით. გავაგრძელებთ ამ მტკიცე თანამშრომლობას, რათა საქართველომ შეძლოს თავისი სიძლიერით და კეთილდღეობით ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა და არ იყოს ოკუპირებული რუსეთის მიერ.

– მინდა, რეგიონში არსებულ ურთულეს მოცემულობაზეც ვისაუბროთ. როგორ განვითარდებოდა მოვლენები მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ამისთვის არ დასჯილა, ოფიციალური თბილისი იმთავითვე პროგნოზირებდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამჟამად ვითარება შეცვლილია – საქართველოს აღარ სჭირდება ენერგიის ხარჯვა პარტნიორების დასარწმუნებლად რუსეთისგან მომდინარე საფრთხის თაობაზე. მაგრამ დღეს, არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში თავად საქართველოს პოზიციონირება პარტნიორებისთვის გასაგებია?

– სამწუხაროდ, დიდი შავი ზღვის რეგიონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სომხეთსა და აზერბაიჯანს, საკმაოდ არასტაბილური რჩება და არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის ომის გამო. რაც შეეხება თქვენს რეგიონში კონფლიქტის საკითხებს, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს და ხელს უწყობს მშვიდობას, ხელს უწყობს მოლაპარაკებებს და არის ამ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი. შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მხარდაჭერის ერთგული, იმისათვის რომ საქართველოს ჰქონდეს ყოვლისმომცველი თავდაცვითი შესაძლებლობები. დღეს ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა ემზადებოდეს ჯარი, არამედ როგორ უნდა მოემზადოს საზოგადოება, თუ რაიმე არასასურველი მოხდება. ჩვენ ეს არსად არ გვსურს, თუმცა ვხედავთ, რომ რუსეთს უფრო მეტად სურს, ვიდრე წინა წლებში, გამოიყენოს ძალადობა თავისი მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებით. საქართველოს გეოგრაფია მას მნიშვნელოვან ადგილზე აყენებს არა მხოლოდ სტაბილურობის საკითხში, არამედ შესაძლებლობების კუთხითაც გლობალური ვაჭრობისა და კომერციის საკითხებში და ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა საქართველოსთვის.

– როგორც კვლევები ადასტურებს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნატო–ს ქოლგის ქვეშ ხედავს, მაგრამ გვესმის, რომ ამას წევრ სახელმწიფოებს შორის კონსესუსი სჭირდება და ეს ჯერ არ დამდგარა. როდესაც მეზობლად აგრესიული სახელმწიფო გყავს, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, ხოლო შენ უსაფრთხოების სისტემა არ გფარავს, ცხადია, მოწყვლადი ხარ, ამიტომ საექსპერტო წრეებში ხშირად კეთდება აქცენტები მცირე ალიანსების და ორმხრივი ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებაზე, რომელიც სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში ალიანსის წევრობის მიზანთან. ამ კუთხით ერთ–ერთ საუკეთესო გამოსავლად საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება სახელდება ხოლმე. არის მსჯელობა ამ საკითხზე ოფიციალურ დონეზე, ან არსებობს ნიადაგი ამ მიმართულებით მსჯელობის დასაწყებად?

– უპირველესად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ამას მიაღწევს. რაც შეეხება აშშ–ის ბაზების სხვა ქვეყნებში განთავსებას, ეს საკითხი ხშირად განიხილება ამერიკის საშინაო კონტექსტშიც, თუ სად და როგორ უნდა განლაგდეს ამერიკის ძალები. ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, მსჯელობა საქართველოში ბაზების განლაგების შესახებ. გახსოვთ, რომ ხანგრძლივი მსჯელობა იყო გერმანიაში ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით, დღეს უკვე ვხედავთ პოლონეთშიც... იყო პერიოდები , როდესაც ბევრი ამერიკის მთავრობაში ამბობდა, რომ ამერიკული ძალები მთლიანად უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში და ა.შ. ანუ, მომავალში რა მოხდება, ამის პროგნოზირება რთულია. ამ დროისთის არ არსებობს გეგმა და მსჯელობა ან რაიმე მოლოდინები საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსების შესახებ.

– საქართველოში ბევრი შიშობს, რომ ქვეყანას 2008 წლის მოვლენების განმეორების რისკი აქვს. თქვენ ხედავთ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების საშიშროებას და ასეთ შემთხვევაში ქვეყანას პარტნიორებისგან შესაბამისი სამხედრო მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს?

– ვფიქრობ, მსოფლიო ხედავს ერთიანობას და ერთიან ძალისხმევას დასავლეთისა, რომელიც მიმართულია ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც გახდნენ რუსეთის თავდასხმის სამიზნე. ასეთ ერთიანობას ერთი წლის წინაც კი არავინ ელოდა. დასავლეთის ქვეყნების ერთიანობა რჩება მტკიცე, ძლიერი და ისინი ერთგულნი არიან დაეხმარონ მათ, ვინც თავდასხმის მსხვერპლია.

ნამდვილად ვერ ვისაუბრებ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შესაძლო გეგმებზე, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რუსეთი რჩება აგრესორ სახელმწიფოდ უკრაინაში.

– მინდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ გკითხოთ, რომელსაც აშშ–ც უჭერდა მხარს. მის მნიშვნელობაზე, მათ შორის, უსაფრთხოების კონტექსტში, ბევრი ითქვა ამ ხნის განმავლობაში და საჭიროება მორიგ ჯერზე წარმოჩინდა, რაც სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფნის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ფიქრობთ, რომ საქართველო ამ პროექტის ტორპედირებით დროს და შესაძლებლობებს კარგავს? და რა აფერხებს მას – შესაბამისი რესურსი თუ პოლიტიკური ნება?

– წმინდა სამხედრო ანალიზის ჭრილში გეტყვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტები – ისინი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილია, თუმცა არ ვიცი რა უშლის ხელს მის განხორციელებას, ჩემი ჩართულობა თავდაცვის სამინისტროსთან ამ საკითხს არ მოიცავს.

– და ბოლოს, უკრაინის მოვლენებს საქართველოში ბევრი მღელვარებით ადევნებს თვალს. როგორ შეაფასებდით ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ძალთა ბალანსს?

– ალბათ, მსოფლიოში ყველა ქვეყანა და მათ შორის, თავს უკრაინაც არის განცვიფრებული და შთაბეჭდილების ქვეშ წინააღმდეგობის გაწევის იმ უნარით, რასაც ჩვენ ვხედავთ, როდესაც უკრაინა ასე მამაცურად იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის, და ერის გადარჩენისთვის. ძალიან რთულია, შევაფასოთ ძალთა ჭეშმარიტი ბალანსი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ზომით განსხვავებულ ქვეყნებთან, თუმცა რასაც ბრძოლის ველზე ვხედავთ – როდესაც ბევრად მცირე ზომის ქვეყანა ასეთ მედეგ წინააღმდეგობას უწევს და უკრაინელები ახერხებენ დაკარგული ტერიტორიების კვლავ დაბრუნებას, ნამდვილად შთამბეჭდავია. ალბათ, უამრავ ადამიანს დაუწერია ომზე და ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგით დასრულდება ნებისმიერი ომი, რადგან ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და მასზე საუბარი რთულია. თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ამერიკა მტკიცედ ერთგულია და იქნება მომავალშიც ჩვენი მხარდაჭერისა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები