
პრემიერი – "გახარიას წერილზე": "ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ"
21/10/2019 09:17:54 სხვა, სამართალი
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ე.წ. "მუქარის წერილთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას ბუნდოვანი პასუხი გასცა. კერძოდ, მან თქვა, რომ "ახლა ყველაფრისთვის" მზადაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. საქმე "გახარიას წერილს" ეხება, რომელიც "ლელოს" დამფუძნებლის თქმით, ოთხ მოთხოვნას მოიცავდა და ის პროკურატურას დღეს ლონდონში ჩატარებულ ექსპერტიზის პასუხებთან ერთად წარედგინება.
"არ ვიცი უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ყველაფერი. ვთქვი, რომ დაველოდებ–მეთქი, მაგრამ ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ",– განაცხადა გახარიამ კითხვის საპასუხოდ.
დღეს წერილთან დაკავშირებით ერთი დეტალი გახდა ცნობილი. კერძოდ, ხაზარაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ პირი, რომელმაც ადრესატს წერილი გადასცა, მზადაა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს.
ცნობისთვის: ადვოკატებმა 11 სექტემბერს "გახარიას წერილზე" ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი და საჭიროა ის საქართველოში არსებულ მონაცემთა ბაზაში შემოწმდეს, ამისთვის კი გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატებისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონიდან წერილის დედანს მიიღებენ, დასკვნასთან ერთად გადასცემენ პროკურატურას.
შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:
ყველანაირი წინაპირობის გარეშე:
1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).
2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი
• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.
• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".