ვის ინტერესშია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა – ინტერვიუ ემილ ავდალიანთან

03-11-2022 21:33:47

გასული დღეების განმავლობაში დასავლური მედია ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის შესახებ იუწყებოდა. კერძოდ, CNN–ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს სადაზვერვო მონაცემები, რომლის თანახმადაც, ირანი შესაძლოა, საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN–ს განუცხადა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებლები საუდის არაბეთში მზად არიან, ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად.

მანამდე The Wall Street Journal–იც იუწყებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა აცნობა შესაძლო თავდასხმის შესახებ და რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ აამაღლა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე.

„ჩვენ ყოყმანის გარეშე ვიმოქმედოთ რეგიონში ჩვენი ინტერესებისა და პარტნიორების დასაცავად“, - ციტირებს The Wall Street Journal თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს.

ამ დაძაბულობის ფონია ირანის ბრალდებები საუდის არაბეთისა და აშშ–ის მისამართით, რომელთაც ქვეყანაში პოლიციის მიერ დაკავებული ქალის – მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების გაღვივებაში ადანაშაულებს.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? რამდენად არსებობს კონფლიქტის გაღვივების რისკი, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს და ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, ისტორიკოს ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, ვიდრე ბირთვული შეთანხმების თაობაზე იყო მოლოდინები, მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდა: ერთის მხრივ, უკრაინის ომში რუსეთის თანამონაწილედ იქცა ირანი თავისი იარაღით, მეორეს მხრივ, თუ დასავლური მედიის ცნობებს გავითვალისწინებთ, ახლო აღმოსავლეთშიც იძაბება ვითარება. რამდენად მოსალოდნელია ამ მიმართულებით თეირანის აქტივობა და რას აძლევს ეს მას?

- ვფიქრობ, მაინც ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ ამ ცნობებს. ამ 24 საათის განმავლობაში რა მონაცემებსაც გადავხედე, მაინც და მაინც მტკიცე დასტური არ გვაქვს, რომ ირანი რაღაცას აწყობს საუდის არაბეთის ან აშშ–ის წინააღმდეგ. ამდენად, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- განვიხილოთ ორივე ვერსია: დავუშვათ, რომ ეს სადაზვერვო ინფორმაცია არასწორია, ან „კონტროლირებადია“, როგორც ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში, მსგავსი ცნობების გაჟღერება რას ემსახურება? და მეორე – თუ დავუშვებთ, რომ ცნობები რეალურია, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები?

- მეორე ვერსიიდან დავიწყოთ: როგორც ჩანს, ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დათმობებზე არ მიდის – გზავნილები, რომელთაც ჩვენ ირანული მედიიდან და დასავლეთიდან ვიღებთ, ცალსახად ცხადყოფს, რომ საკუთარი პირობებიდან უკან დახევას არც აშშ ცდილობს და არც ირანი. ამ შემთხვევაში, დასავლეთისთვის ირანი ცალსახად დამნაშავეა, რადგან თეირანი პრაქტიკულად უარს ამბობს წინა შეთანხმების პირობების განახლებაზე. ირანელები ითხოვენ გარანტიებს, რომ მომავალი ამერიკელი პრეზიდენტები ტრამპის მსგავსად (ტრამპი 2018 წელს ცალმხრივად გავიდა) არ გამოვლენ ბირთვული შეთანხმებიდან. თავის მხრივ, ამერიკელები ამბობენ, რომ „ჩვენ ახლა ვერ დავდებთ თავს იმაზე, თუ რას იზამს მომავალი ადმინისტრაცია“. ირანისგან დამატებით არის შედარებით მცირე მასშტაბის მოთხოვნები. მაგალითად, გუშაგთა კორპუსი მოიხსნას სანქციებიდან და ა.შ. ამ საკითხზე ამერიკელები თითქოს თანხმდებოდნენ, მაგრამ მკაფიო გადაწყვეტილების შესახებ ცნობა ღია წყაროებში არ შემხვედრია. ვფიქრობ, ირანის ხედვით, დრო მის მხარესაა: დასავლეთს პრობლემები აქვს რუსეთთან და ჩინეთთან. რუსეთთან დაახლოებით და მისთვის იარაღის მიწოდებითაც ირანი ვაჭრობს, რომ ამ ბირთვულ მოლაპარაკებებში მან უკეთესი პირობები მოიპოვოს. თეირანში ფიქრობენ, რომ დასავლეთს ერთდროულად რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან გამკლავება გაუჭირდება და ცდილობს, კონფლიქტები, მათ შორის, ტაივანის ირგვლივ განსაკუთრებული დაძაბულობა სათავისოდ გამოიყენოს.

- ამ კონტექსტში ჯდება ახლო აღმოსავლეთიც?

- გარკვეულწილად, შეიძლება, ასეც იყოს. ირანი ახლა უფრო თავდაჯერებულია. ვიმეორებ, ფიქრობს, რომ დრო მის მხარესაა, რომ მას კიდევ შეუძლია ლოდინი. მთავარი მაინც ისაა, რომ თუ ბირთვული შეთანხმება ვერ შედგა, ირანი რამდენიმე თვეში თუ არა, ორიოდ წელიწადში მაინც იქონიებს ბირთვულ შეიარაღებას. ამიტომაც, ამ მხრივაც დრო ირანის მხარესაა.

- თუ გამართლდა საუდის არაბეთის შიშები, რამაც მედიის საშუალებით გაიჟღერა, ეს ირანს რას მისცემს? ამასთან, საინტერესოა ისრაელის საკითხიც, რომელიც უკრაინის ომის კონტექსტში საკუთარ თავშეკავებულობას იმით ხსნის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ რჩება შემაკავებელ ფაქტორად ირანისა, რომელიც არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას. ანუ რა გამოდის, „შემაკავებლის“ როლიც მცირდება? ძალიან ჩახლართული ვითარებაა...

- დიახ, გეთანხმებით, რომ ამბავი ნამდვილად ჩახლართულია. რუსეთი ისრაელს ნამდვილად სჭირდება ირანის და სირიის კონტექსტში.

- ტერორისტული ორგანიზაციების...

- აბსოლუტურად. იქ კიდევ ბევრი მრავალწახნაგოვანი საკითხია, რაც ღია წყაროებში იმდენად არც ჩანს და ცხადია, რომ მცირე საკითხებში რიგი დათმობა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ვთქვათ, ირანელები ახლოს არ იყვნენ ისრაელის საზღვართან სირიის მხრიდან და ა.შ.

- ანუ რომ შევაჯამოთ, ისრაელს რუსეთი სჭირდება გეოპოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ეს უკანასკნელია წარმოდგენილი...

- დიახ. არის რიგი საკითხებისა, სადაც რუსებს შეუძლიათ, დაარწმუნონ ირანელები, შეამცირონ ისრაელზე ზეწოლა. ამ მხრივ ისრაელს რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება აწყობს. წმინდა რაციონალური გეოპოლიტიკური მიდგომაა. ბევრისთვის აქაც, საქართველოში გაუგებარია, რატომ არ ვუჭერთ უკრაინას ყველანაირად მხარს, მაგალითად, იარაღს რატომ არ ვაწვდით და ა.შ. ისრაელის და სხვა ქვეყნების თავშეკავებული ქცევა კარგი მაგალითია, როგორ აზროვნებენ გეოპოლიტიკურად მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ებრაული წარმომავლობისაა და ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობები არის.

- საქართველოში მდგომარეობას სხვა რამეც ართულებს – რიტორიკა. თორემ იარაღს რატომ არ ვაწვდით, მგონია, რომ ბევრს ესმის ამის მიზეზი...

- ვგულისხმობ იმას, რაც ხდებოდა პირველ კვირეებსა და თვეებში. მეტი სიფრთხილე გვმართებს ხოლმე. როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე გავიზარდეთ და მივხვდით, რომ სიჩქარე და ემოციები მომგებიანი არაა.

- ამას ადეკვატური რიტორიკას რომ დავურთოთ თან ადგილობრივ დონეზე, სასურველი იქნებოდა...

- ეს უკვე უფრო ქართული პოლიტიკური კლასის გამოუცდელობაზე მეტყველებს...

- კვლავ ისრაელს რომ დავუბრუნდეთ...

- მოკლედ, ისრაელს რუსეთი სჭირდება და ეს აშშ–საც კარგად ესმის, შესაბამისად, არ ვხედავთ მკაცრ განცხადებებს ისრაელის მისამართით, „ჩვენი მოკავშირე ხარ და რუსეთთან რადიკალური პოზიცია უნდა დაიკავო“. ამდენად, ბალანსი, რომელიც არსებობს, ისრაელს, აშშ–ს და რუსეთს სურთ, შეინარჩუნონ ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ესკალაცია ტაივანის გარშემო და ახლო აღმოსავლეთში გარკვეულწილად აწყობთ რუსებს: ამ მოცემულობაში ომს ვერ იგებენ და სურთ, დაძაბულობა სადმე სხვაგან იყოს.

- რომ ყურადღება გადანაწილდეს...

- ცხადია, ყურადღება, რესურსები სხვაგანაც გადავა და იქ უკვე რუსეთი საჭირო იქნება და დასავლეთი თუ არ შეცვლის საკუთარ პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, შესაძლოა, მცირე დათმობებზე მაინც წავიდეს, ეს კი რუსებს ძალიან აწყობთ. ცხადია, ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ამ ყველაფრის უკან რუსები დგანან, მაგრამ თავად იდეა, რომ კონფლიქტი სადმე სხვაგან იყოს, ეს რუსებს ძალიან აწყობთ.

- თუ დავუშვებთ, რომ დასავლურ მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, კონფლიქტის გაღვივება ირანს რას აძლევს?

- პრაქტიკულ დონეზე რას აძლევს, რთული კითხვა. ეს ირანს უფრო გაურთულებს მდგომარეობას, მოაგებინებს რუსეთს, ხოლო ისრაელს და მის მოკავშირეებს (აშშ–ს) მეტად დაარწმუნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები დროის ფუჭად კარგვაა და საჭიროა რადიკალური ზომების მიღება, ანუ ცნობილი გეგმა „ბ“–ს გამოყენება მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით – ობიექტების დაბომბვა, სადაც ხორციელდება ბირთვული შეიარაღების განვითარება. ეს გეგმა არსებობს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკელმა პოლიტიკოსებმაც მიანიშნეს, რომ შესაძლოა, ებრაელებთან ერთად დათანხმდნენ ამ გეგმის გამოყენებას. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეს ვარიანტი ამერიკელებისა და ებრაელების მიერ სერიოზულად განიხილება.

- მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ რუსეთის კარგავს ამ „შემაკავებლის“ ფუნქციას და ისრაელიც, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისგან ამ ფაქტორზე მითითებით იკავებს თავს, შესაძლოა, შეცვლილი პოზიციითაც ვიხილოთ. ეს რას აძლევს რუსეთს? თუ ფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთს სურს, შესაძლოა, ამ კონტექსტში წარიმართოს და აქ მაინც აღმოჩნდეს მაგიდასთან?

- თუ მოვლენები ხსენებული სცენარით წარიმართა, მახლობელ აღმოსავლეთში რუსეთის როლი იმატებს, რადგან მის გარეშე იქ რიგი საკითხები ვერ გადაწყდება, ბოლოს და ბოლოს, მას ჯარები ჰყავს სირიაში. ამდენად, ამერიკას არ სურს ამ სცენარის გათამაშება. არ მგონია, რომ ირანი მსგავს ნაბიჯზე წავიდეს, მაგრამ ისტორიულად გვაქვს მაგალითები, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ ირანელებმა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტები დაბომბეს. თუ მსგავსი სცენარი გათამაშდა, ირანს, როგორც გამარჯვებულს, მე ვერ ვხედავ. რუსებს რისი შეთავაზება შეუძლიათ ირანელებისთვის, რომ ეს უკანასკნელი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდეს?! თუ მსგავსი რამ მოხდა, თამამად შეგვეძლება თქმა, რომ საუდის არაბეთი ამერიკულ ალიანსში თუ არა, მეგობართა წრეში დაბრუნდება, რაც გარკვეულწილად, არც ირანს და არც რუსეთს აწყობთ, რადგან სადღეისოდ საუდის არაბეთი ცდილობს, ავტონომიური იყოს. თუ შეტევა განხორციელდა, კვლავ ბევრი რამ შეიცვლება, კვლავ ამერიკის როლი მოიმატებს რეგიონში, ხოლო ამით ირანი რას იგებს, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, მე ვერ ვხედავ.

- ამ ლოგიკით, თავად დაძაბულობაც, ალარმისტული გზავნილები რუსეთს აძლევს ხელს მოლაპარაკებების კონტექსტში...

- დიახ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ვახსენე – საუდის არაბეთი მკაცრად დაუბრუნდება პროამერიკულ პოზიციას და ეს რუსეთს სრულად მაინც და მაინც არ აწყობს. რუსეთს სურს, ამერიკული ალიანსები და პარტნიორული ურთიერთობები დაიშალოს. თუ საუდის არაბეთი დაბრუნდა ამერიკულ წრეში, ეს მომგებიანი არაა რუსეთისთვის, რომელსაც კარგად გამოსდის საუდელებთან ნავთობის ფასებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის წყალობითაც ფასები იმ დონეზე დარჩა, რაც ასე თუ ისე, მომგებიანი იქნებოდა რუსებისთვის. ამდენად, საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაპირისპირება ვერ ვიტყვი, რომ რუსებს აწყობთ, მაგრამ ზოგადი სურათში, სადმე კონფლიქტი, რათა თავად მათზე შემცირდეს წნეხი, ნამდვილად აწყობთ.

- და თუ დავუშვებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც მედიის საშუალებით გაჟღერდა და ახლა ყველა განიხილავს, იყო კონტროლირებადი, ანუ შეგნებულად დაუშვეს მისი გავრცელება და რეალურად არც არაფერი ხდება, ეს ვის ინტერესში შეიძლება, შედიოდეს?

- შესაძლოა, ამ ზოგად კონტექსტში ისრაელი იყოს დაინტერესებული, რომ ეს დაძაბულობა შექმნილიყო: ამით მეტად დაარწმუნებს დასავლეთს და უპირველესად, აშშ–ს, რომ ირანთან მოლაპარაკება ფუჭი საქმეა. ებრაელები ფიქრობენ, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში აშშ–მ უბრალოდ დრო დაკარგა, როდესაც განსხვავებული ნაბიჯების გადადგმაც შეიძლებოდა. ამიტომ, აქ შესაძლოა, ისრაელის ინტერესებიც იყოს გარკვეულწილად. რუსები მაინც ნაკლებად მგონია, აქ იყვნენ ჩარეული, მათთვის, ვიმეორებ, საუდის არაბეთის მნიშვნელობის გამო. ასევე ვეჭვობ, დაბომბვით ამ მომენტში იყვნენ ირანელები დაინტერესებულნი უკვე დასახელებული არგუმენტის გათვალისწინებით. ამდენად, ამჟამად მგონია, რომ მედიით გაჟღერებული ინფორმაცია მაინც არასწორია, თუმცა ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ.

იხილეთ ასევე: რა უნდა ირანს უკრაინის ომში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები