
აზარაშვილი: "მზად ვართ, პირველი ნოემბრიდან ავამოქმედოთ დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა"
25/10/2022 12:15:24 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები პირველი ნოემბრიდან უკვე დაფინანსების ახალი მოდელით, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით დაითვლება.
"კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ წონის მიხედვით – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან, მკურნალობისა და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია, სხვა ქვეყნებში დანერგილია. ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შემდეგ 2016 წლიდან განახლდა, შევიძინეთ ეს სისტემა. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კოდების მისანიჭებლად და სწორი გამოთვლის მექანიზმის შესამუშავებლად. უკვე წელს, იანვრიდან ისევ გავააქტიურეთ საკითხი და როგორც დაანონსებული გვქონდა, ოქტომბერში რამდენიმე ხნით გადაიწია ამოქმედება. მზად ვართ, პირველი ნოემბრისთვის ეს სისტემა გავუშვათ. ყველა კლინიკა, რომელსაც სურვილი ექნება, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით მოხდეს თანხების ანაზღაურება, ამ სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. კლინიკები პაციენტებს ჯიბიდან ვერანაირ დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ, გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ამასთან, რეფერალი სისტემიდან ონკოლოგიურ შემთხვევებს რასაც ვაფინანსებდით, ესეც საყოველთაო ჯანდაცვის მხარეს გადაგვაქვს. ყოველწლიურ ლიმიტს 25 000 ლარამდე ვზრდით, რაც მომართვიანობის სულ მცირე 90 პროცენტს დაგვიფარავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალ მოდელზე გადასვლით პაციენტისთვის არაფერი იცვლება და ამ სისტემაზე გადასვლა გულისხმობს კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.
უწყების ცნობით, დღემდე დაფინანსება ხდებოდა ჩარევის მიხედვით, კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა ხარჯი, თუ რა ჩარევა სჭირდებოდა მას, DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტი ფინანსდება დიაგნოზის მიხედვით. კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ სხვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
- გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია;
- ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა,
- გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა,
- მშობიარობა / საკეისრო კვეთა,
- ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები,
- კომბუსტიოლოგია,
- თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში.