რა განწყობა აქვთ საქართველოს მიმართ დასავლეთში - ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

21-10-2022 19:04:19 პოლიტიკა ,ინტერვიუ

აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, პოლიტიკის მეცნიერთან, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ კორნელი კაკაჩიასთან.

– ბატონო კორნელი, ახლახანს იმყოფებოდით აშშ–სა და გერმანიაში, გქონდათ შეხვედრები საექსპერტო საზოგადოებასთან, საუბრები... იყო შესაძლებლობა, ამოგეცნოთ, რა განწყობებია საქართველოსთან მიმართებით?

ცხადია. ადამიანებს ესაუბრები, გისვამენ კითხვებს და ხვდები, რას რატომ გეკითხებიან...

– როგორია ეს განწყობები თქვენი აღქმით და არის სხვაობა გერმანულ და ამერიკულ დამოკიდებულებებს შორის?

– მაგალითად, აშშ–ში ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს საკითხით, სვამენ კითხვებს, „რა ხდება საქართველოში?“, „როგორ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო–ამერიკის ურთიერთობების სტაბილურობა?“. ასე საკითხი ამ 30 წლის განმავლობაში არასდროს დამდგარა! ძალიან შეწუხებულია ეს ხალხი და აინტერესებთ, დროებითია ეს ამბებები თუ მის უკან რაღაც სტრატეგიული მიდგომა იმალება? აი, რა უნდა გაკეთდეს, აქ მოსაზრებები განსხვავებულია: ნაწილი მომხრეა, რომ თუ ამგვარი პოლიტიკა გაგრძელდება, უნდა გადაიხედოს ამერიკა–საქართველოს ურთიერთობები; ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, „მოდით, ვაცადოთ. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხისტი ნაბიჯების გადადგმა არ იქნება სწორი, რადგან თავადაც ამას ელის და ამის გამო იგივე ქართული საზოგადოება არ უნდა დაიჩაგროს“. როგორც ჩანს, ჯერ–ჯერობით, ეს მეორე ჯგუფი აბალანსებს სიტუაციას. გარკვეული განცხადებები კი კეთდება, მაგრამ არა ისეთი, რომ მთლიანად შეცვალონ პოლიტიკა. მთავარია, ყველას ესმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომები შიდა პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ასე რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის – ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს ეს განწყობები. წარმოიდგინეთ საქართველო, რომელსაც აშშ–ის მხარდაჭერა არ აქვს და პირიქით, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგაა, რას ნიშნავს ეს არაღიარების, ეკონომიკურ–სოციალური, ევროინტეგრაციის და ა.შ. თვალსაზრისით?! უბრალოდ, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა! ჩანს, რომ ხელისუფლებას აშშ–ში ბოლო წლებში დაკარგული აქვს პოზიციები. პრინციპში, გარდა ლობისტებში დახარჯული თანხისა, არაფერი გაუკეთებია სერიოზული მხარდაჭერისთვის. ორპარტიულ მხარდაჭერას ჯერ–ჯერობით ვინარჩუნებთ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. საქართველო ჰგავს ქვეყანას, რომელმაც კომპასი დაკარგა – ამგვარია შთაბეჭდილება.

– მაშ რის ხარჯზე ვინარჩუნებთ ამ ორპარტიულ მხარდაჭერას?

– ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულების და ინერციის გამო, რადგან ახლა არავის სურს სტრატეგიული ურთიერთობების გაფუჭება გაუგებარი ხალხის და თუნდაც, ამ ხელისუფლების გამო. ყველას ესმის, რომ არჩევნებიც ახლოვდება. ამასთან, დღეს საქართველო ნამდვილად არაა პრიორიტეტში – უკრაინის ამბებმა ყველაფერი და ყველა გადაფარა.

– ალბათ ინფორმრებულები არიან საქართველოში ანტიამერიკული განწყობების გაღვივების მცდელობის თაობაზე „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატების ჩართულობით (მათი მმართველ გუნდთან კოორდინაციის თაობაზე არსებობს საფუძვლიანი ეჭვები), თითქოს აშშ გვითრევს ომში...

– გაკვირვებულები არიან, როგორ დაეშვა საქართველო აქამდე. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ თითქოს თავად არაფერ შუაში არიან [ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებაში – რედ.], სინამდვილეში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. თუ არ შეჩერდნენ, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ამასთან, რამდენადაც ვიცი, კულუარებში ხელისუფლება სხვაგვარად საუბრობს. მაგალითად, ნორვეგიაში მითხრეს, რომ იქ ვიზიტისას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ კარგად წარდგნენ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნორვეგია არაა ქვეყანა, რომელიც საქართველოთი ძალიან ინტერესდება. იქ შიდა პროცესების შესახებ ზედმიწევნითი ცოდნა არ აქვთ. გავმეორდები, ჯამში, აშშ–სა და ევროპაშიც საქართველოს მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა.

– და მთავარი შეკითხვა რა არის?

– საით მიექანება საქართველო და რა სურს? ამ უკუსვლის ფონზე რა მიმართულებით მოძრაობს ქვეყანა, ჯერ–ჯერობით ვერავინ გაარკვია.

– ვინმემ შესაძლოა, ყურადღება გაამახვილოს, რომ ეს საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასებებია და არა ოფიციალური პირების. ჩვენ კი უნდა განვმარტოთ, რომ დასავლურ ქვეყნებში საექსპერტო საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არაა იმგვარად ზედაპირული, როგორც საქართველოში...

– რა თქმა უნდა. მათ ჭკუას ეკითხებიან, მოსმენებზე იბარებენ, მათ დასკვნებს ხშირად იზიარებენ...

– და ხშირად, სწორედ ისინი აჟღერებენ ხელისუფლებების პოზიციებს, რაზეც თავად ხელისუფლებებს არ სურთ საჯაროდ საუბარი...

რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ისინი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად, ეს ადამიანები ბრუნდებიან ხელისუფლებაში და კარგად იცნობენ შიდა პოლიტიკის ნიუანსებს.

– რაც შეეხება ევროპას...

– შედარებით განსხვავებული ვითარებაა, რომელიც ბოლომდე ვერ ამოვხსენი, უბრალოდ, ჩემს ვერსიას გაგიზიარებთ: მაგალითად, გერმანია, მხარს უჭერს საქართველოს. ცხადია, ესმით გარკვეული პრობლემების არსებობის შესახებ, მაგრამ ბერლინის საგარეო პოლიტიკისთვის ის, რაც საქართველოში საგარეო მიმართულებით ხდება, არ არის დიდი პრობლემა. ვფიქრობ, გერმანიას აწყობს კიდეც საქართველო, რომელიც მისთვის არ არის „თავის ტკივილი“.

– შემაწუხებელი, მორალური წნეხის განმახორციელებელი...

– აბსოლუტურად. წარმოიდგინეთ, როგორი ვითარებაა, რომ გერმანია დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახდა – ამას ამბობენ კანცლერის და ქვედა დონეზეც. მათი მხრიდან გარკვეული შენიშვნები ჟღერს, მაგრამ არა განსაკუთრებულად მძაფრი. მაქვს კიდევ ერთი სუბიექტური ახსნა: მმართველმა გუნდა ანგლო–საქსურ ქვეყნებთან ურთიერთობები ჩააგდო, მაგრამ გააძლიერა გერმანულენოვან ქვეყნებთან. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ბევრი ლიდერი გერმანულენოვანია, ახლო ურთიერთობებში არიან ელჩებთან, ხშირად აქვთ ვიზიტები, ევროპარლამენტში პარტნიორობენ „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსთან“... ამდენად, გერმანიაში არსებულ განწყობებს ამ ორი გარემოებით ვხსნი. ცხადია, გერმანია ევროკავშირში მნიშვნელოვანი ქვეყანაა – ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ მხოლოდ მას ვერ დავეყრდნობით, სხვა ქვეყნებთანაც არის მუშაობა საჭირო.

– ანუ, თქვენი აღქმით, გერმანიისთვის ამჟამინდელ ფორმაში მყოფი საქართველო მისაღებია...

– ბერლინისთვსი საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, პრაგმატიზმი, მისაღებია. ეს ზუსტად ჯდება გერმანული პოლიტიკის ჩარჩოებში.

– „ფორმაში“ დემოკრატიის დონეს ვგულისხმობ...

– ცხადია, გარკვეული საუბრები არის, განსაკუთრებით, კულუარებში, მაგრამ მკაცრი განცხადებები არ გვესმის. როგორც ჩანს, მათ საკმარისად მიაჩნიათ ის, რასაც თავად ევროკავშირის სტრუქტურები აკეთებენ. სხვათა შორის, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტის რიგმა წარმომადგენლებმა შეიცვალეს ხედვები საქართველოსთან დაკავშირებით – გააქტიურდა ხმები, რომ მომავალ წელს ქვეყანა საკუთარი სტატუსით [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის – რედ.] უნდა გაუთანაბრდეს მოლდოვასა და უკრაინას. ძირითადი განმაპირობებელია, არ გამოჩნდეს ქვეყანა დაჩაგრულად, არ ჩაერთოს შეუქცევად პროცესში და არ აღმოჩნდეს არასწორ მხარეს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სწორედ საქართველოზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ – ხელი შეუწყოს პროცესს ან საერთოდ დაასამაროს ის.

– რაც შეეხება კითხვას, „რა მიმართულებით მოძრაობს საქართველო?“, როგორ ფიქრობთ, რამ წარმოშვა?

– უკრაინასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, თავდასხმებმა ელჩებზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა... ზოგადად, ყველაფერი ერთად დაგროვდა, რაც ჯამში ქმნის მსგავს სამწუხარო სურათს.

– და ბოლოს, უკრაინის თემაზე მინდა გკითხოთ. არის საუბრები, რომ ვლადიმირ პუტინი ზამთარს ელის – ენერგოკრიზისს ევროპაში, ინფლაციას, რომ შემდეგ კიევზე გაიზარდოს დასავლეთის დედაქალაქებიდან ზეწოლა. აქვს მოსკოვის ამ სურვილებს რეალიზების შანსი? რამდენად მტკიცეა პარტნიორების მზაობა?

– ამასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს. საქართველოში ხშირად ვწერთ, ვკითხულობ და ვაშუქებთ მხოლოდ იმგვარ ახალ ამბებს, რაც გვსიამოვნებს. რეალობა შედარებით სხვაგვარია თუნდაც შეერთებულ შტატებში: საკმაოდ გაძლიერდნენ პოლიტიკური ჯგუფები (იზოლაციონისტები), განსაკუთრებით, „რესპუბლიკურ პარტიაში“, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ–ის პოლიტიკას, უკრაინისადმი დახმარებას – ამბობენ, „რუსეთი მოიგებს და აზრი არ აქვს ამ დახმარებას“. იგივე ხდება ევროპაშიც – ფასები ყველაფერზე იმატებს. ცხადია, ეს საზოგადოებრივ აზრზე მოახდენს გავლენას, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ფორმალურად მხარს უჭერენ უკრაინას. როგორ გაივლის ამ ზამთარსა და გაზაფხულს დასავლური საზოგადოება, დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ პერიოდზე ამყარებენ იმედს მოსკოვშიც. უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლურ ქვეყნებში დემოკრატიული ხელისუფლებებია და ისინი თავიანთ საზოგადოებებს უსმენენ. იმედია, რომ საზოგადოებრივი განწყობები არ შეიცვლება, რადგან ბევრს ესმის, რეალურად რა დევს სასწორზე, მაგრამ საფრთხეები არსებობს და საჭოროა ამის აღნიშვნა. არ უნდა დავკარგოთ რეალობის შეგრძნება, რომელიც ცოტა უფრო რთულია ხოლმე, როდესაც საქმე ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკას ეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები