Accentnews.ge
IDFI: "ომის დაწყებიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე თანხა 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა"

IDFI: "ომის დაწყებიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე თანხა 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა"

06/10/2022 10:56:52 საზოგადოება

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში) რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ნაშთი დაახლოებით, 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა.

"ეს მონაცემი ნიშნავს, რომ აგვისტოს თვის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 170%-ით გაიზარდა", აცხადებს IDFI.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ გახსნა.

"ამავე პერიოდში სამჯერ გაიზარდა რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები და ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებლები. შესაბამისად, მონაცემების ანალიზი აჩვენებს რომ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილმა გარემოებებმა ხელი შეუწყო რუსეთიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის შემოდინებას, რამაც, თავის მხრივ, მოკლევადიან პერიოდშივე გავლენა იქონია ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე, სავალუტო კურსის გამყარებაზე და სხვა. 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მიახლოებით 60 ათასს აჭარბებს. 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა. 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1.88 მილიარდ ლარს. კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ 1.88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან 72% (1.36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0.06% (1.2 მილიონი)", – აცხადებს IDFI.

IDFI-ის ძირითადი მიგნებებიდან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ:

  • 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26% წარმოადგენს ვადიან დეპოზიტებს, რაც ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა;
  • 2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;
  • 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად სესხების თანხის შემცირებისა 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

IDFI მიიჩნევს რომ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა, წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S