აფხაზეთში მზად არიან, ომში მონაწილეობისთვის იძულების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობა დათმონ

29-09-2022 21:23:19 კონფლიქტები

არ ვიცი, აფხაზეთის რამდენი მოქალაქე ფლობს სადღეისოდ რეალურად რუსეთის მოქალაქეობას, მაგრამ ამოსავალ წერტილად 80%-ც რომ ავიღოთ, შემთხვევების უმრავლესობაში საუბარია რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტის ფლობაზე. რუსეთის ტერიტორიაზე ჩაწერა, ან, როგორც ბოლო დროს ამბობენ, «რეგისტრაცია» ყველა მათგანს როდი აქვს. მაშასადამე, ვისაც ის არ გააჩნია, რუსულ სამხედრო მობილიზაციას ვერ დაექვემდებარება. მაგრამ ეს - იდეალში. რეალურად კი, ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს რუსეთში კანონები: რაც ელიტისთვისაა ნებადართული, რიგითი მოკვდავისთვის აკრძალულია. ამდენად, იმის იმედად, რომ სამხედრო მობილიზაცია კანონიერად ჩატარდება, ვერ ვიქნებით.

ასე თვლის ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა.

«თავად რუსეთშიც კი ბევრს არ სურს უკრაინასთან ომში წასვლა. ფანატიკოსები იქ, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ ცოტანი და როგორც ჩანს, სხვა გზა აღარ დარჩათ, თუ არა სხვა ქვეყნებში აგროვონ ხალხი. აფხაზეთი კი ყურის ძირშია და სურთ, ჩვენს ბიჭებს აიძულონ, ომში მათ ნაცვლად წავიდნენ», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე მარია.

«საზღვარზე უკვე იქმნება პრობლემები. ჩვენს ბიჭებს უცხადებენ, რომ არ გაატარებენ, სანამ მობილიზაციაზე თანხმობას არ მოაწერენ ხელს. თანაც, ამას სთხოვენ ყველას, განურჩევლად ასაკისა. ჩვენს «მეგობარ» რუსეთს სურს, დაგვღუპოს, ჩვენი ახალგაზრდობა სასიკვდილოდ გაგზავნოს», - აბობს ჩვენი რესპონდენტი არკადი.

«აფხაზეთში მობილიზაცია არ და ვერ უნდა ჩატარდეს. რუსეთს თავისი 150-მილიონიანი მოსახლეობით აფხაზების გარეშეც ჰყავს დამცველები. მხარდაჭერას რაც შეეხება, ჩვენი მოხალისეები უკვე ისედაც იცავენ დონბასს. დანარჩენები კი აქ გვჭირდებიან — შინ, მათ ოჯახებსა და სამშობლოში», - წერს Facebook-ში ოის ვეტერანი ლაშა ზუხბა.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობასაც.

«ეს აფხაზი ერის საუკეთესო ნაწილის განადგურების ტოლფასია და დაუშვებელი! გვეუბნებიან, რუსეთთან დიდ შეთანხმებაში აფხაზეთმა საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მხარდამხარ ბრძოლის ვალდებულება აიღოო. ჰოდა, იომონ მათ, ვინც ამ შეთანხმებას ლობირებდა და შემდეგ ხელი მოაწერა! ისინი წავიდნენ ჩვენი შვილების ნაცვლად ომში!», - აცხადებს ჩვენი თანამოსაუბრე ფატიმა.

«როსსტატის 2022 წლის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა 145 მლნ ადამიანს შეადგენს. და რა, 300 000 კაცს ვერ იპოვიან ომში გასაგზავნად?! რა თქმა უნდა, იპოვიან! მაგრამ რატომღაც ჩვენი ბიჭების ჩათრევა სურთ ამ ჭაობში… იკმარონ, რომ იქ «პიატნაშკას» აფხაზური ბატალიონი იბრძვის, უკვე გვყავს დაღუპულები. გვსურს, ვინც უკრაინაშია დარჩენილი, საღი და სალამათი დაგვიბრუნდეს, რუსები კი ამ დროს კიდევ გვთხოვენ ბიჭების გაგზავნას?! ამის დაშვება არ შეიძლება — თუნდაც რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის ფასად დაგვიჯდეს!», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი თამარი.

პრეზიდენტ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებიდან გასული დღეების განმავლობაში აფხაზეთში არ წყდება აგრესიული, რიგ შემთხვევებში კი ხისტი შეფასებები რუსეთის პოლიტიკის მიმართ. რუსული ჯარის რიგებში მოხვედრის შიშმა იმდენად შეიპყრო აფხაზური საზოგადოება, მისი ახალგაზრდული ნაწილი, რომ ტურისტული სეზონის აქტიურ თვეებში რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი დაცარიელდა.

«ჩვენთვის ერთადერთი გასასგვლელი რუსეთშია — მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩვენთვის ჩაკეტილია. გამოდის, ახლა ჩვენს ბიჭებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ, - სიკვდილი, ან იზოლაციაში ჯდომა?! რუსებმა თავად იბრძოლონ საკუთარი ინტერესებისთვის! მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, აფხაზეთმა მათთვის უკვე ისედაც ბევრი გააკეთა», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც რუსეთის ომში აფხაზეთის მონაწილეობა ნორმალურად მიაჩნია.

«რა გველის, თუ რუსეთი წააგებს? უმჯობესი არაა, ეხლა დავეხმაროთ, ვიდრე მერე ყველაფერი დავკარგოთ? რუსეთი ყოველწლიურად 5 მილიარდი რუბლით გვეხმარება, ჩვენი მოსახლეობა რუსეთიდან 10 მლრდ-ზე მეტი ღირებულების სურსათსა და სხვა საქონელს ყიდულობს. ყველაფერს რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ და ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გვერდში უნდა ამოვუდგეთ», - ამბობენ მობილიზაციის მხარდამჭერი მოქალაქეები.

მაგრამ არგუმენტები, უნდა ითქვას, საკმაოდ სუსტია. დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი აფხაზეთის 2-3 ათასი მკვიდრი რუსულ ჯარს დიდად ვერაფრით დაეხმარება, სპეცოპერაციის შედეგზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, ჩვენი სამშობლოს გენოფონდს კი ეს კოლოსალურ ზიანს მოუტანს. და ეს მთავარი არგუმენტია, რომელსაც არსებულ ვითარებაში შეიძლება, მნიშვნელობა ჰქონდეს.

«მათ, ვინც მხარს უჭერს იდეას, ჩვენი ახალგაზრდობა რუსულ ჯარში გავუშვათ, ალბათ, არც შვილები ჰყავთ, არც ძმები. მხოლოდ ერის მოძულეს შეუძლია, ისურვოს ახალგაზრდობის გაწყვეტა. თუ რუსეთი მოიგებს, ჩვენი წვლილი ამ გამარჯვებაში უკვე შეტანილი გვაქვს — აფხაზები 2014 წლიდან იბრძვიან დონბასში. ხოლო თუ წააგებს, თავად დაგვჭირდება სამშობლოს დაცვა და აქ უკვე აღარც რუსეთისთვის ეცლება ვინმეს, აღარც უკრაინისთვის. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ! ახლა», - თვლის ჩვენი რესპონდენტი ელვირა.

«ახალგაზრდობის, ჩვენი შვილების სასიკვდილოდ გაწირვა მხოლოდ მტერს შეუძლია. თუ მსგავს იდეას რომელიმე აფხაზი გამოთქვამს, ესე იგი, მოღალატეა. აფხაზები 2014 წლიდან მხარში უდგანან რუს სამხედროებს, უკვე არაერთი ბიჭი დაგვეღუპა ან დაგვისახიჩრდა. ახლა რა სურთ? - რომ უკლებლივ ყველა გავგზავნოთ ომში, რათა რუსების მოწონება დავიმსახუროთ?! იკმარონ, რაც უკვე გავუკეთეთ. თუ რუსებს არ მოსწონთ, უკან წაიღონ თავისი მოქალაქეობა და თავი დაანებონ ჩვენს ახალგაზრდობას. საკუთარი ნებით ჩვენს ბიჭებს საზარბაზნე ხორცად არ გავუშვებთ. რუსეთმა ეს უნდა შეიგნოს!», - ამბობს ჩვენი თანამოსაზუბრე რაუფი.

ნათქვამია, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრიაო. მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ასეთია უმრავლესობის აზრი: მათ რუსეთის სავალდებულო სამხედრო მობილიზაციაში მონაწილეობა არ სურთ — მიუხედავად რუსეთის მოქალაქეობისა, რომელზეც მზად არიან, უარი თქვან უკრაინასთან ომში წასვლისათვის იძულების შემთხვევაში.

კრისტინა ავიძბა

_______________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები