
რა გახდა დედისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის განმარტება
15/10/2019 15:35:58 სხვა, სამართალი
ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზების განმარტებისას შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა კახა ხელაძემ განაცხადა, რომ მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა გამოიკვეთა. კერძოდ, მისი თქმით, მედპერსონალმა რისკების შეფასების დროს გადაწყვეტილების მიღება იჩქარა:
„ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა.
კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას.
ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა, ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა.
მისი განმარტებით, ფაქტს შიდა მოკვლევის სამსახურის გარდა სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც სწავლობს. მომხდარზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე პერსონალს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
ხაშურის სამშობიარო სახლში 40 წლის მშობიარე და ახალშობილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილისთვის ეს მეხუთე ორსულობა იყო.