
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი
14/10/2019 10:44:49 სხვა, საზოგადოება
ყველას კარგად გვახსოვს, რა ვნებები გიზგიზებდა წლების წინ ზიანის შემცირების სტრატეგიის გარშემო, ერთმა ცნობილმა პერსონამ მას «ზიანის მოტანის სტრატეგიაც» კი უწოდა. განსაკუთრებით მწვავე ნეგატივი გამოიწვია ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვის ინიციატივამ. ასეთი დამოკიდებულების შესაცვლელად იდეის ინიციატორებს, არასამთავრობო სექტორის მუშაკებსა და ჟურნალისტებს სერიოზული მუშაობა მოუწიათ. საჭირო იყო არა მარტო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული, არამედ უპირველესად მენტალურ-ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა. მთავარი მიზანი მიღწეულია: დღეს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა სახელმწიფოს დაფინანსებით ფუნქციონირებს. ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ზოგიერთი ხარვეზი ხელს უშლის აღნიშნული მეთოდის შესაძლებლობათა სრულად გამოყენებას.
სრული მიუღებლობიდან - სახელმწიფო პროგრამამდე
ჩანაცვლებითი თერაპია პაციენტისთვის ჩამნაცვლებელი პრეპარატის მიცემას გულისხმობს. მისი მიზანია ოპიოიდებზე დამოკიდებულთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი რესოციალიზაცია, არალეგალური ინიექციური ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა, სისხლით გადამდებ ინფექციურ დაავადებათა პრევენცია, არალეგალურ მოხმარებასთან დაკავშირებული სარისკო ქცევისა და კრიმინალური აქტივობის შემცირება.
პროგრამა გლობალური ფონდის დაფინანსებით საპილოტე რეჟიმში 2005 წლიდან ამოქმედდა და თავდაპირველად მხოლოდ სამოც ბენეფიციარზე იყო გათვლილი. დანარჩენი მსურველებისთვის პირველადი გადასახადი 450 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, მათ ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა უწევდათ, რაც სერიოზულ ფინანასურ ბარიერს ქმნიდა. 2012 წლის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბემონმა“ და ფონდმა „კურაციომ“ ნარკოდამოკიდებულთა საშუალო თვიური შემოსავლების შესასწავლად კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 24%-ის თვიური შემოსავალი 100 ლარზე ნაკლები იყო; 38%-ის – 100-300 ლარი, 20%-ის – 300-500, 9%-ის – 500-700, 6%-ის – 700-100. 1000-ლარიანი ხელფასის «ბედნიერი» მფლობელი კი მხოლოდ 3% იყო. პირველადი გადასახადის გაუქმებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მდგომარეობა. დარჩა ყოველთვიური გადასახადი, რომელიც შემდგომში ჯერ 120 ლარამდე შემცირდა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან მკურნალობა უფასო გახდა. ახლა მსურველებს მხოლოდ 70 ლარის გადახდა უწევთ ფორმა №100-ის შესავსებად. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის რვა ათასამდეა გაზრდილი. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ცენტრები და კაბინეტები გახსნილია თბილისში, თელავში, გორში, ბორჯომში, ქუთაისში, ზეტაფონში, საჩხერეში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთში, ქობულეთში და ბათუმში. ცენტრების გახსნა კიდევ იგეგმება კახეთის რეგიონსა და რუსთავში.
სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მოქმედებს; ფინანსური ბარიერის მოხსნამ კი მომართვიანობის მაჩვენებელი, სულ ცოტა, გაასამმაგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა იდეალურია, არსებულმა ხარვეზებმა შესაძლოა, დიდი მიღწევა სერიოზულად დააზარალოს. მხედველობაში გვაქვს გეოგრაფიული მისაწვდომობის სირთულეები და პრეპარატის ულუფის მისაღებად ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში ყოველდღიურად გამოცხადების აუცილებლობა. როგორც ცნობილია, პროგრამის ძირითადი მიზანია ადამიანის რესოციალიზაცია, ხოლო აღნიშნული ხარვეზები სწორედ რესოციალიზაციას ართულებს.
აი, რას ამბობს ამის შესახებ ა/ო „ახალი ვექტორის“ ადვოკატირების ოფიცერი და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი კოტე რუხაძე:
- პაციენტი ყოველდღე უნდა გამოცხადდეს, კამერის წინ პირი დააღოს და პრეპარატი ისე გადაყლაპოს. ვინც ცენტრის შორიახლოს ცხოვრობს და მუშაობს, რა უჭირს - პროგრამა ცხრის ნახევრიდან მუშაობს, ამდენად არის საშუალება, მიხვიდე, წამალი დალიო და შენს საქმეზე წახვიდე. სამაგიეროდ რეგიონებში სრული კატასტროფაა! გვყავს ხალხი, რომლებსაც დღეში 20-30 კილომეტრის გავლა უწევთ ცენტრამდე მისაღწევად. სატრანსპორტო ხარჯები კი ოჯახის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. ხვალ სამსახური რომ გაუჩნდეთ, მკურნალობასთან შეთავსებას უბრალოდ ვერ მოახერხებენ. ცენტრის ახლომახლოს რომ ცხოვრობდე, კუთვნილი შვებულებით ვერ ისარგებლებ და ვერსად წახვალ. ანუ, რესოციალიზაციის ყველა შანსი განადგურებულია. ცალკე პრობლემაა, რომ საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი მაინც ნარკოლოგიურ აღრიცხვაზეა. შესაბამისად, დასაქმების ყველა შანსიც გამქრალია, მხოლოდ თვითდასაქმება რჩება. ანუ სისტემა ნორმალური ცხოვრების შანსს უსპობთ.
ა/ო „ჰეპა+“-ის მუშაკის და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარის დავით ხავთასის აზრით, ყოველდღე გამოცხადების პრაქტიკის გარეშე პროგრამის ეფექტიანობა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა:
- ცენტრში ყოველდღე სიარული უამრავ სირთულეს გვიქმნის. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლევენ ხელში ოთხი დღის სამყოფ პრეპარატს, თუ სადღაც მიდიხარ და 50 კილომეტრის რადიუსში პროგრამის ოფისი არ არსებობს. წარმოიდგინეთ, წავედი ახალციხეში და 49-კილომეტრის მანძილზეა პროგრამა. გამოდის, ყოველდღე უნდა ვიარო? ან მაინცდამაინც ეს ოთხი დღე საიდან მოიტანეს, არ ვიცი. იქნებ უფრო დიდი ხნით მიწევს სადმე წასვლა?! ანუ შიშით ვერსად წავსულვარ. რა არის ეს, თუ არა ადამიანის გათელვა?! ცივილიზებულ სამყაროში სტაბილური ბენეფიციარისთვის ამ კუთხით შეზღუდვა არ არის. გარდა ამისა, სტაბილურ პაციენტებს აძლევენ ე.წ. „ქლინ შაინს“, ანუ მხოლოდ სახელმწიფო იგებს, თუ ნასამართლევები არიან.
საინტერესო დეტალი: კოტე რუხაძე და დავით ხავთასი გარკვეულ ხანს საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და იქ მოქმედ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში იყვნენ ჩართულები (რუხაძე - დანიაში, ხოლო ხავთასი - გერმანიაში). ევროპული ნარკოპოლიტიკის სტანდარტი ზრუნვასა და მხარდაჭერაზეა დამყარებული. დანიაში მაგალითად, რეცეპტურული სისტემაა. სანამ ბენეფიციარს კუთვნილი დოზა განესაზღვრება, პირველი თვე ექიმის კონტროლის ქვეშაა, შემდეგ კი რეცეპტით აფთიაქში მიდის. რეცეპტი ერთწლიანია და ექიმი მას ყოველ ერთ თვეში ახანგრძლივებს, ვინაიდან ერთდროულად მხოლოდ ერთი თვის დოზის გამოტანაა შესაძლებელი. ემიგრანტებს მხოლოდ ერთი კვირის დოზის გამოტანა შეუძლიათ. თუკი ექიმის რეკომენდაცია არსებობს, არც მართვის უფლება ეზღუდებათ. დანიაში 2014 წლამდე პროგრამის ბენეფიციართათვის არსებობდა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა; მაგალითად, არ შეეძლოთ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა. ახლა ეს შეზღუდვებიც მოიხსნა. დღესდღეობით არსებობენ პოლიციელები, რომლებიც სამსახურის პარალელურად ჩანაცვლების პროგრამაში არიან ჩართულნი. ასეთი მიდგომა ძალიან ამაღლებს პროგრამაში ჩართვის და ქუჩურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დაძლევის მოტივაციას. ცხადია, პროგრამის ბენეფიციარები დროდადრო ბიოლოგიურ მასალას აბარებენ იმის დასადგენად, რამდენად ზედმიწევნით ასრულებენ მკურნალობის რეჟიმს. მაგრამ დარღვევები იშვიათია, ვინაიდან ამდენი სიკეთის დაკარგვა ნამდვილად არ სურთ.
რა ხდება ამ დროს საქართველოში? ახლა სიტუაცია რამდენადმე გამოსწორდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ საქმე კურიოზებამდე მიდიოდა: ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარს რეგიონში დაკრძალვაზე წასვლა მოუწია, თან წასაღებად დამატებითი ულუფა ითხოვა და... განსვენებულის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს! 2013 წელს ა/ო „რუბიკონმა“ გამოკითხვა ჩაატარა ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ბათუმში. საკმაოდ მძიმე სურათი გამოიკვეთა: მაგალითად, ნუგზარ ქ.-მ ქუთაისში გულის ოპერაცია გაიკეთა. კლინიკამ უარი განაცხადა ჩამნაცვლებელი პრეპარატის დატოვებაზე და ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში ხელით დაატარებდნენ. იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა ორგანიზაციის ერთ–ერთ დამფუძნებელი ზაზა ქარჩხაძე, რომელსაც თორმეტგოჯა ნაწლავზე ოპერაცია თბილისში გაუკეთდა. ჩანაცვლებითი პროგრამის ხელმძღვანელობა კურსში დროულად ჩააყენა და ფორმა №100-იც მიაწოდა. მიუხედავად ამისა, სამკურნალო დოზის მისაღებად ახლობლებს ქავთარაძის ქუჩაზე კლინიკაში ხელით გაჰყავდათ. 2014 წლის 14 დეკემბერს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამებში არსებული გამოწვევებისა და რეკომენდაციების საკითხზე. პროგრამის ყველაზე მწვავე ხარვეზებად დასახელდა გეოგრაფიულ მისაწვდომობასთან და დოზების ერთჯერად გაცემასთან დაკავშირებული სირთულეები. გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემა დღესდღეობით ნაწილობრივ გადაიჭრა. საჭიროების შემთხვევაში ოთხი დღის სამყოფი პრეპარატის ხელზე გაცემაც გარკვეული მიღწევაა. ამასთან, ულუფის გატანება დაშვებულია შეზღუდული შესაძლებლობების და ჯანმრთელობის სპეციფიური მდგომარეობის მქონე ბენეფიციარებისთვის. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ შემსუბუქებაა და არა სრული გადაწყვეტა.
ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს
ხათუნა თოდაძის (მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე) აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პროცესი მუშაობას, სწავლას თუ დასვენებას ხელს არ უშლიდეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ჩანაცვლების თერაპიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ადამიანის რესოციალიზაციაა:
- დიდი გზა გამოვიარეთ (რუსეთში მაგალითად, მკურნალობის ამ მეთოდზე საუბარიც კი აგიტაციად ითვლება და დასჯადია), მაგრამ პრეპარატების სახლში გატანება სტაბილური ბენეფიციარისთვისაც კი ვერ დაინერგა. პროგრამაში მომუშავე ექიმები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და თემის წარმომადგენლები ამ საკითხს ვაყენებთ როგორც შეხვედრებზე, ისე წერილობით. ხელისუფლება კი თავს იკავებს, ვინაიდან თანმდევი რისკების ეშინია. პრეპარატის შავ ბაზარზე გადინებას ვგულისხმობ. მაგრამ ასეთი რისკი ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს. გადინების საპრევენციოდ აუცილებელია სამედიცინო მედიკამენტების პროგრამაში ბრუნვის სრულფასოვანი მოტირინგი და სამართალდამცავების ყურადღება ამ მიმართულებით. განვითარებულ ქვეყნებში პროგრამაში ახლადჩართული ბენეფიციარი თავდაპირველად პრეპარატს იღებს ან სპეციალურ ცენტრში, ან ამისათვის დადგენილ სხვა ადგილებში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დასტაბილურდება, შესაძლებლად მიიჩნევენ პრეპარატის დადგენილი რაოდენობის სახლში გატანებას. დასტაბილურების დრო ინდივიდუალურია; დამოკიდებულია ქუჩის მოხმარებული ნარკოტიკების დოზებზე, მოხმარების ხანგრძლივობაზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, ფსიქიკურ მდგრადობასა და მენტალურ პრობლემებზე, აგრეთვე მხარდამჭერ გარემოზე. რაც უფრო მძიმეა ანამნეზი და რაც უფრო ნაკლებად მხარდამჭერია გარემო, მით უფრო ძნელია მდგომარეობის დასტაბილურება. ბენეფიციარის მდგომარეობის დასტაბილურების ფაქტს ადგენენ მკურნალი ექიმი და მკურნალობაში ჩართული სპეციალისტები. პრეპარატების მიღების პროცესის მონიტორინგი, ანუ ანალიზების აღება ისევ გრძელდება.
ა/ო „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია გაგრძელდეს:
- ამასწინათ პეტიცია მოვამზადეთ და პრემიერს მივმართეთ. ხუთი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს: ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში ჩანაცვლებითი პროგრამების გახსნა (არარსებობა პირდაპირი გენდერული დისკრიმინაციაა; მამაკაცთა პენიტენციურ დაწესებულებებში პროგრამები მოქმედებს, მაგრამ არა სრულფასოვანი სახით). მოვითხოვთ აგრეთვე სუბუტექსით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების გაფართოებას. მესამე მოთხოვნა შეეხება პროგრამის კეთილსინდისიერი ბენეფიციარებისთვის მართვის უფლების მინიჭებას, - ცხადია, სამკურნალო დაწესებულებიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე. ერთადერთი, ვისაც ეს ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდი აზარალებს, ნარკოტიკების შავი ბაზარია. არაა გამორიცხული, ზიანის შემცირების პროგრამისთვის ბარიერების შექმნა რიგ შემთხვევებში სწორედ ნარკო-ლობის დამსახურებაა. მოქმედი ხელისუფლება მოსვლის მომენტში გვპირდებოდა, რომ შეცვლიდა ძალადობრივ პოლიტიკას, ჰოდა, იზრუნოს იმაზე, რომ ეს დაპირება ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს.
სტიგმა მხოლოდ სწორი ინფორმაციით დაიძლევა
ა/ო „ახალი ვექტორის“ ახალგაზრდული ჯგუფმა 2018 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ENPUD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში ჩაატარა გამოკითხვა თემებზე, რა საჭიროებები ჰქონდათ ბენეფიციარებს, რამდენად იყო მორგებული სერვისები ამ საჭიროებებზე, რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი სერვისებზე და ა.შ. ძალზე დამაფიქრებელია, რომ ახალგაზრდების ინფორმირებულობა ზოგადად საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. აი, რას ამბობს ახალგაზრდული ჯგუფის პროექტების კოორდინატორი მარიამ ჯიბუტი:
- რაღაც ზოგადი წარმოდგენა სერვისებზე ჰქონდათ, მაგრამ არ იცოდნენ, სად და როგორ შეიძლებოდა მათი მიღება. კლუბური ნარკოტიკების, ან მარიხუანას მომხმარებელნი ნაკლებად იყვნენ გათვითცნობიერებულნი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებზე. ყველაზე მეტი ინფორმაცია თავად პროგრამის ბენეფიციარებს ჰქონდათ, რაც სავსებით ლოგიკურია. მათ გარკვეული შენიშვნებიც გამოთქვეს ამ სერვისის მიმართ, მაგალითად პერსონალის მოპყრობის კუთხით, დეტოქსიკაციის პროგრამის გარკვეული ასპექტების მიმართ და ა.შ. ჩვენ მეტ ინფორმირებულობას ველოდით, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. როგორც ჩანს, აუცილებელია ინფორმაციის გავრცელების არსებული წყაროების უფრო აქტიური გამოყენება და ახალი წყაროების მოძიება. ამჟამად მცირე გრანტის ფარგლებში ვაპირებთ სტუდენტებთან საინფორმაციო სემინარების ჩატარებას. უკვე შეთანხმებულიც ვართ რამდენიმე უნივერსიტეტთან. გამოყენებული იქნება როგორც ლექციური მეთოდი, ისე ვიზუალური და ვიდეომასალა.
მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ ყველანაირი მენტალური ბარიერის და თანმდევი ხარვეზების სათავე არაინფორმირებულობაში უნდა ვეძიოთ; მათ შორის ჩანაცვლებით პროგრამებში არსებული ხარვეზების სათავეც. სტიგმა, ანუ არასწორი წარმოდგენები და მოლოდინები როგორც გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში, ისე საზოგადოების ფართო ფენებში მხოლოდ სწორი ინფორმაციით დაიძლევა.
მედეა გოგსაძე