
ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
11/10/2019 18:29:42 სხვა, სამართალი
ხაშურში, თამარ მეფის გამზირზე დაახლოებით, 11:00 საათისთვის მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. კერძოდ, თვითმხილველების ცნობით, ირაკლი დეკანოიძე ყოფილ მეუღლეს სამუშაო ადგილზე მიუვარდა და შენობაში ხელყუმბარა შეუგდო, თუმცა არ აფეთქდა, ამის შემდეგ კი მაღაზიის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, საბოლოოდ ყოფილ მეუღლეს იარაღის ტარით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დასისხლიანებული ნათია გოგალაძე ქუჩაში გამოვადა და ველას ითხოვდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„დაზიანება იყო მძიმე, პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ქალა ტვინის ტრავმა იყო. პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, უტარდებოდა სათანადო რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ეს არ იყო ცეცხლნასროლი დაზიანება. იყო მრავლობითი ტრავმა ქალას ძვლებისა და იყო ტვინის ტრავმა. იყო სისხლჩაქცევები თავის ტვინში,“ – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარაშვილმა.
ირკვევა, რომ დეკანოიძესა და გოგალაძეს განქორწინება ოფიციალურად დღეს უნდა გაეფორმებინათ, თუმცა უკვე შვიდი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. გოგალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოდ იტალიაში იმყოფებოდა, ის სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დავის საგანს სავარაუდოდ ბავშვების მონახულების საკითხი წარმოადგენდა. მათ ორი მცირეწლოვანი დარჩათ.