
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი კოლეგებს სტრასბურგში უჩივლებს
11/10/2019 11:51:46 სხვა, სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. მისი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც მოსამართლე კაკაბაძემ სასამართლოში ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღდეგ შეიტანა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ნინო გოგუაძემ ვლადიმერ კაკაბაძეს ჰკითხა, მოახდინა თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ საქმესთან დაკავშირებით მის რეპუტაციაზე გავლენა.
„თქვენი კითხვის პასუხად ერთ საიდუმლოს ვიტყვი: გადაწყვეტილი მაქვს, რომ ევროპის სასამართლოს მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემ რეპუტაციაზე, ზოგადად, სასამართლო სისტემაზე, სამართლის განვითარებაზე როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება, მე უფლებას ვიტოვებ, ამაზე პასუხი გავცე მაშინ, როდესაც ევროპის სასამართლო იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას“, – განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ.
ამასთან, სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კაკაბაძეს ჰკითხა, ყოფილა თუ არა პრეცედენტი, რომელიმე ქვეყნის საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს თავის ქვეყნის წინააღმდეგ შეჰქონდეს საქმე ევროპის სასამართლოში, რაზეც კაკაბაძემ უპასუხა: „მე ევროსასამართლოში სარჩელს შევიტან არა ჩემი ქვეყნის, არამედ იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს”.
ცნობისთვის: ევროპულ სასამართლოში მოქალაქეები თუ სახელმწიფოები სახელმწიფოს წინააღმდეგ დავობენ. კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლეები სახელმწიფოს წარმოადგენენ.