
ადვოკატი: "პროკურატურა უცხოეთში მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს"
10/10/2019 10:44:46 სხვა, სამართალი
"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, პროკურატურა უცხოეთში მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.
კორძაძის თქმით, საქმის მთავარი მოწმეები უცხოეთში ცხოვრობენ, რის გამოც მათი გამოკითხვის მოსმენა დაცვის მხარის გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მიერ მოხდა მტკიცებულებათა ნუსხის წარმოდგენა, რომლითაც ისინი აპირებენ სასამართლოში თავისი პოზიციის დამყარებას. ჩვენს მიერ, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილია პროკურატურის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც არ აკმაყოფილებს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ისინი საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ, შესაბამისად გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მოთხოვნილ იქნა დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებებით მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეები ცხოვრობენ უცხოეთში და მათი გამოკითხვა პროცედურების დაცვით მოხდა. ბრალდების მხარე ითხოვს ამ მტკიცებულებების ამორიცხვას, ცხადია ეს მტკიცებულებები მათ მთელ საქმეს უქარწყლებს თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მე არც კი ვუშვებ, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ დაცვის მხარის უფლება საერთოდ შეიზღუდება.
ეს არის მტკიცებულებები, რომელზეც ჩვენ ამ ხნის მანძილზე ვიძახდით რომ არსებობს, რაც ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას და არავითარ თაღლითობას არ ჰქონია ადგილი.”- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.
20 აგვისტოს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოში საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ხაზარაძის თქმით, "ლელოს" წევრთა ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია ძირითადად სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. მისივე გაცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.