
"ივანიშვილმა რეიდები რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს"
10/10/2019 10:40:29 სხვა, სამართალი
ივანიშვილმა რეიდები რუსეთში ისწავლა და აქ ახორციელებს, – ამის შესახებ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „თიბისის“ საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ თემაზე მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ იმიტომ, რომ იურისტებმა და ადვოკატებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. კიდევ ერთხელ მედიას, საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს. [...] ფაქტია, საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ პროკურორად, საქმე გვაქვს უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან, ასეთივე უცოდინარ პროკურორებთან, რომლებიც ურცხვად ითხოვდნენ მტკიცებულებების ამოღებას საქმიდან, რომელიც ჩვენმა ადვოკატმა მოიპოვა. [...] საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის საბჭოურ მენტალიტეტთან, რეიდებთან, რომელიც მან რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს [...] ის დაპირებები, ტყუილები, რომლებიც ორი საარჩევნო ვადის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, გადაახვიეთ მისი დაპირებები და მინდა, "ოცნების" წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ დიდი ჭაობი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, "ლელო" ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შევცვლის:
"არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, მოსამართლეები. [...] ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და ამ ქვეყანას ღირსეული ადამიანების ხელში დავტოვებთ".