
რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
07/10/2019 14:18:29 სხვა, სამართალი
რუსთავში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, მთავარი არხის ცნობით, მოკლულ დავით მუმლაძეს
„განაჩენი“ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ზაფხულში „ქურდულ შეკრებაზე“ გამოუტანეს. ამის შესახებ თავად მუმლაძე ინფორმირებული იყო და მიმალვის მიზნით გვარი შეიცვალა. მას ახლობლები და მეგობრები ზურა დადეშელის სახელით და გვარით იცნობდნენ. კონფლიქტის მიზეზად "ობშიაკის", იგივე "ქურდული სალაროს" მითვისება სახელდება.
ასევე ცნობილია საქმის სავარაუდო ფიგურანტი ყოფილი და მოქმედი სამართალდამცველების ვინაობა: დიტო დუღაშვილი (ყოფილი პოლიციელი),
დავით მიროტაძე (მოქმედი პოლიციელი), მიხეილ ღუბიანური (მოქმედი პოლიციელი). ამ დროისთვის სამივე მათგანი დაკავებულია. დაკავებულია კიდევ ორი პირი - ერთი მოკლულის მეგობარი, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება და მეორე, პირი რომელსაც გაზრახ მკვლელობას ედავებიან. კიდევ ერთ პირზე კი ძებნაა გამოცხადებული.
თავად მუმლაძეს ოჯახის წევრები ექვსი დღის განმავლობაში ეძებდნენ. რამდენიმე დღის წინ ცხედარი მტკვარმა გამორიყა, რომელსაც გავრცელებული ცნობით, 30-მდე ჭრილობის კვალი აღენიშნებოდა.
საქმის გარემოებები ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი, დღეს კი შსს-მ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა.
„გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების და შურისძიების მოტივით 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში მის კუთვნილებაში არსებულ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები. კვალის დამალვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.
მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკვე დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს მიმართ მისი დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.