ვინიკოვი: „შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები“

05-07-2022 13:49:36 საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ამბობს, რომ ნატო–ს დამფუძნებელ შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქვს ტერიტორიული პრობლემები. ეს განცხადება ერთგვარად პასუხობს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რაც ქვეყნის მიერ დეკლარირებული საგარეო კურსის მხარდამჭერება უკიდურესად დამაზიანებლად აღიქვეს. კერძოდ, როგორც ღარიბაშვილმა გვამცნო, საქართველომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს და შემდეგ გახდეს ალიანსის წევრი.

იხილეთ ასევე:

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი კი საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის კონტექსტში ევროატლანტიკური რეფორმების იმპლემენტაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან მისი განმარტებით, ალიანსს უერთდება ქვეყანა და არა მხოლოდ მისი ერთი უწყება, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო.

მისი თქმით, რიგ სფეროებში საქართველომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რეფორმების იმპულსი შეანელა. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი პარლამენტში ვიზიტისას გვამცნო, რომ თანმიმდევრულად მიჰყვება სამოქმედო გეგმას და ნატო–ს „შენიშვნა არ აქვს“.

„იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში მოწვევასთან დაკავშირებით, როგოეც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, აუცილებელია ორი რამ – უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ცდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რადგან ნატო-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. და მეორე ელემენტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, რომ მათ სურთ კონკრეტული ქვეყნის მიწვევა, რადგან მიაჩნიათ, რომ ის განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას. ასე რომ, ფოკუსი ახლა საქართველოსთვის უნდა იყოს მომზადებაზე, ევროატლანტიკური რეფორმების იმპლემენტაციაზე, რომელიც საქართველომ თავად განსაზღვრა მიზნად. ზოგიერთ იმ სფეროში, სადაც ვნახეთ იმპულსის შენელება გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ძალიან გვსურს, რომ ამ სფეროები საქართველომ გადაჭრას და დაიბრუნოს რეფორმების იმპულსი. ამ შემთხვევაში, კერძოდ, ვსაუბრობ ზედამხედველობის პრობლემაზე, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ ზედამხედველობაზე. ასევე ვფიქრობ, მართლმსაჯულებაზე და საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. ეს სფეროები იყო ხაზგასმული მოკავშირეების მიერ და ამ სფეროებში ისურვებდნენ ისინი რეფორმების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას. ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები, მარგამ საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ, როდესაც დრო მოვა“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

იხილეთ ასევე: ისტორიული სამიტის შედეგები: თბილისის მიერ ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა?

მისივე თქმით, საქართველოსა და ნატო-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა და თქვა ისიც, რომ საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები